პრემიერ-მინისტრის 2019 წლის ანგარიში, სადაც 20 ივნისის მოვლენები არ მოხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში 2019 წლის წლიური ანგარიშით წარსდგა.
ჩვენ მოგიყვებით, რა იყო მის გამოსვლაში ყველაზე მთავარი.
• ამერიკელი კონგრესმენების ანგარიში: “ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა”
• 20 ივნისი. გზამკვლევი მათთვის, ვისაც დეტალები კარგად არ ახსოვს
• ვანო მერაბიშვილი – ყოფილი პრემიერი და მატროსოვის ციხის ყოფილი ტუსაღი. ვიდეო
ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.
გიორგი გახარია ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის “ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და მშვიდობიანი გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში“.
პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია
გახრიამ განაცხადა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი, ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა, და საქართველოს მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ სრულფასოვნად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ევროპელი პარტნიორების წინაშე აიღო და ამ მიზნით ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
გახარიამ აღნიშნა, რომ “ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა.”
მან ხაზი გაუსვა აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობასაც.
გახარიამ მადლობა გადაუხადა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს იმ დახმარებისთვის, რაც მათ საქართველოს გაუწიეს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.
საკონსტიტუციო ცვლილებები
„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, რომელიც ორი მოსმენით უკვე გავლილია და ორშაბათს ამ პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა. დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია. ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია,” – ამბობს გახარია.
კორონავირუსის პანდემია
პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასაც შეეხო და საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულმა ყველა ადამიანმა სტაციონარული მკურნალობის კურსი გაიარა და ჯანდაცვის სერვისის მიღმა არცერთი ადამიანი არ დარჩენილა.
პოსტკრიზისიული პერიოდი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, რათა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტიანი.
„ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ ეკონომიკურ შესაძლებლობად. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ამისთვის საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან და მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან,“ – ამბობს გახარია.
ინფრასტრუქტურული პროექტები
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა. 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში 70 კილომეტრი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი. მათ შორის: ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა და სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი.
გახარია აცხადებს, რომ 2019 წელს 400-მდე სოფელში აშენდა ამბულატორია. ასევე მოეწყო სასწრაფო დახმარების 41 ცენტრი.
დასრულდა 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები ურეკში, მესტიაში, ანაკლიაში, ხობსა და კასპში და წლის ბოლომდე საქართველოს 300 000 მოქალაქე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
2020 წლის ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევა კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა იქნება. პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტს დააწესებს ქვეყანაში.
ოპოზიციის შეფასება
გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენას ოპოზიციაც დაესწრო. პრემიერ-მინისტრს წლიური ანგარიშის პრეზენტაციის არ უხსენებია 2019 წლის 20 ივნისი – დღე, როცა საქართველოს პარლამენტში რუსი მართლმადიდებელ-კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნის გამო დაწყებული მიტინგი ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით – წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია.
“თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს, არც ერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ? 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები?” – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. კახიძემ მთავრობის მეთაურს გასული წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია შეახსენა და ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ მოვლენებზე.
ნაციონალურმა მოძრაობამ კი პრემიერ-მინისტრს ანაკლიის პორტი და კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული და დახმარების გარეშე დატოვებული მოქალაქეები შეახსენა.
“ახსენა ანაკლია და ფოთი. ახსენა, რომ შავ ზღვაში უნდა შემოვიდეს ბევრი ამერიკული გემი. მას დაავიწყდა, რომ ანაკლიაში 2020 წლის ბოლოს უნდა შემოსულიყო პირველი გემი და დამთავრებული უნდა ყოფილიყო ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენების პერსპექტივა ამ ხელისუფლების პირობებში ნულია, რადგან საჩუქრად მიუძღვნეს რუსეთს. ბიუჯეტი გუშინ დაამტკიცეს და დღეს არის მკვდარი, რადგან კომპენსაციები დაახლოებით 500 მილიონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვისთვისაც უნდა მიეცათ, მათ ნახევარსაც არ აქვს მიღებული“, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.