კორონავირუსი და საქართველო: 7 აპრილი
კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებს საავადმყოფოებში აღარ გადაიყვანენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, covid-19-ის მსუბუქი შემთხვევების დროს, პაციენტებს კარანტინში უმკურნალებენ და ამ გზით კლინიკებსაც განტვირთავენ და დაავადების გავრცელებისგან ინფიცირებულის ოჯახის წევრებსაც დაიცავენ.
7 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 39 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 81-ს პნევმონია აქვს. მედიკოსების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად მართვით სუნთქვაზეა. covid-19-ით დაავადებულთა შორის ორი ორსული ქალია. ისინი კარგად არიან.
worldometers.info-ს მონაცემებით, საქართველო ყოველი 1 მილიონიდან კორონავირუსზე მხოლოდ 692 ადამიანს ამოწმებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპის მასშტაბით საქართველოზე ნაკლებ ტესტს აკეთებს უკრაინაა. უკრაინა ამ დროისთვის კორონავირუსზე 1 მლნ ადამიანიდან 146 ადამიანს ამოწმებს. საქართველოზე უკეთესი მონაცემები აქვთ მეზობელ ქვეყნებს. აზერბაიჯანი 1 მლნ-დან 4438 ადამიანს უკეთებს ტესტს, ხოლო სომხეთი – 1735-ს.
3 აპრილს საქართველომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საჭირო აღჭურვილობით დახმარების თხოვნით ნატო-ს “კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს” (EADRCC) მიმართა. საქართველოს მიერ გაგზავნილი წერილით მოთხოვნილია “მატერიალური აღჭურვილობა თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის“. მათ შორის: 100 ც საველე ბანაკი, 100 ც საველე სასადილოს აღჭურვა, 100 ც საველე სამედიცინო პუნქტის აღჭურვილობა, 2500 ც საველე საწოლი, 100 ც პირსაბანი, 100 ც გენერატორი, 600 ც გამათბობელი, 300 ც ცეცხლმაქრი, 100 ც მაცივარი (შუშის კარით), 100 ც ელექტროჩაიდანი, 200 ც ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, 500 ცალი სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი, 200 ც ელექტროთერმომეტრი და 200 ც ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი.
სამეგრელო, შესაძლოა, ჩაიკეტოს
ეპიდემიოლოგები დღემდე ადგენენ 33 წლის სპორტსმენის კონტაქტებს, რომელიც საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 28 მარტს თბილისიდან დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში წავიდა და ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ნათესავები და ახლობლები მოინახულა. 4 აპრილს მას covid-19 დაუდასტურდა. ის ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. სპორტსმენის განმარტებით, მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა 17 ადამიანთან.
ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ორსული ქალი და 2 მცირეწლოვანი ბავშვია. იმ ადამიანთა სია, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი, უკვე 90-ს გადასცდა. სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენთან ურთიერთობაში მყოფ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდება, სამეგრელო ჩაიკეტება.
საჩხერის საავადმყოფოში, სადაც ერთ-ერთ ინფექციონისტს პაციენტისგან კორონავირუსი გადაედო და კლინიკის 100-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა, დღეს მედპერსონალს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა. სწრაფი ტესტების პასუხებით, არცერთ მათგანს covid-19 არ დაუდასტურდა. კლინიკა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თვითიზოლაციაში რჩება ის 10 ექიმი, რომელთაც დაინფიცირებულ ექიმთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ.
კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ 9 თანამშრომელს. მათ კონტაქტი ჰქონდათ გასულ კვირას ინფიცირებულ 7 თანამშრომელთან, რომლებიც ფულის საცავში მუშაობდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ფულთან შეხებით დაინფიცირდნენ.
კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ბათუმში. 60 წლის ქალმა კლინიკას მუცლის ტკივილის და დიარეის გამო მიმართა. ის გამოსაკვლევად ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადის 6 წევრი, რომლებმაც ამ პაციენტს სასწრაფო დახმარება გაუწიეს, თვითიზოლაციაში იმყოფება.
კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში აგრარული ბაზრები დაიკეტა თბილისსა და კახეთში. ბაზრები დაიკეტა სენაკსა და ზუგდიდშიც. დახურვას გადაურჩა ფოთის ბაზარი, სადაც ყველა მომხმარებელს შესვლამდე სიცხეს უზომავენ, ფულს კი დეზინფექციას უტარებენ და აუთოებენ.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი