მოსაზრება: ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია "გეორგიევსკის ტრაქტატი -2 "-ს ამზადებს
გია ხუხაშვილის მოსაზრება
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ისტორიის განმეორება და ის დიდი ხანია “გეორგიევსკის ტრაქტატი -2 “-ს ამზადებს.
ამასთან, ამ თემასთან დაკავშირებით ხუხაშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, რომ ის ლავროვის განცხადებას პოზიტიურად აფასებს, “ღალატის აქტი“ უწოდა.
გარდა ამისა, ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილ საარჩევნო პროგრამის გადადებასთან დაკავშირებით და პრემიერის აშშ-ში ვიზიტზეც ისაუბრა.
მისი თქმით, მას დაზუსტებული ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს “ქართული ოცნება“ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებას.
გეორგიევსკის ტრაქტატი (Георгиевский трактат) — 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო) ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდ. კავკასია) დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა.
ამ აქტით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II აცხადებდა, რომ ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობდა, ეცნო სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მეთაურის უზენაესი ხელისუფლება, გარდა რუსეთისა, ხოლო რუსეთი ვალდებულებას იღებდა, დაეცვა ქართლ-კახეთი გარეშე მტრებისაგან, თუმცა რუსეთს ტრაქტატის პირობები არ შეუსრულებია.
გია ხუხაშვილი: “ლავროვმა თქვა, რომ არიან სახელმწიფოები… ტერიტორიებს არ დაგვითმობენ, ცალ-ცალკე სუბიექტებად გავწევრიანდებით. რუსეთის სტრატეგიული მიზანია – მოდერნიზებული სსრკ-ს აღდგენა.
ეს დღეს კი არ დაწყებულა. ახლა, ტექნოლოგიურად რისი საშუალებაც ექნება ისე გააკეთებს, შეიძლება ეს გზა ცოტა გრძელი იყოს: ჯერ 3+3 ფორმატზე მოგვაწერინონ ხელი, შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით გაათამაშონ 1783 წინა პერიოდი, როდესაც ერეკლე მეორე სამ იმპერიას შორის იხლიჩებოდა, ეს მოცემულობა გაიმეორონ, შემდეგ ატყდება ამბავი დაიწყება დიდი აჟიოტაჟი… ბიძინა დიდი ხანია “გეორგიევსკის ტრაქტატი -2”-ს ამზადებს.
მეტსაც გეტყვით, რატომ მიდის ერეკლე მეორის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება. ბიძინას უნდა ისტორიის გამეორება და ერეკლე მეორის სტატუსი უნდა საქართველოში, ის კი არა, რომ რუსეთს დაუწვა, მას უნდა, გაათამაშოს, თითქოს სხვა გზა არ გვაქვს: დასავლეთმა მიგვატოვა, ამიტომ თურქეთსა და ირანს შორის ალტერნატივა ისევ ერთმორწმუნე რუსეთი რჩება. ამის გათამაშება უნდა. მაგრამ, ჯერჯერობით ბიძინას ორჯონიკიძის ბედი უფრო ეჭყანება. ტყუილად ცდილობს, მას არ გამოუვა ერეკლე მეორეობა.
კალაძემ აბსოლუტური საშინელება „გააპრავა“. სერგეი ლავროვმა სამ სახელმწიფოზე ისაუბრა, მას ეჭვიც არ შეუტანია იმაზე, რომ სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებია. თანაბარ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, ეს იყო თავხედობა და ამ თავხედობაზე კალაძემ თქვა, რომ მისასალმებელიაო. ეს იყო პირდაპირი ღალატის აქტი.
შეიძლება მართლა ავად არის, შეიძლება არ არის. რა ექნა იმ ბავშვსაც [ირაკლი კობახიძე] დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ მან მაქსიმალურად “იჩალიჩა“. კონფიდენციალური ინფორმაცია მაქვს, რომ ერთ-ერთი ყოფილი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აფილირებულია ხელისუფლებასთან, [ბერნარ] კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რომ როგორმე ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ. კუშნერმა კი მოიშორა თავიდან.
ტრამპიც არ ხვდებათ. „ოცნება“ ხომ ქმნის ილუზიას, თითქოს ტრამპთან რაღაცას „დაალაგებენ“, ახლა კი მოსინჯეს, რომ შემდეგ აპიარონ. ეს გეგმა აქვთ. მთელი მაგათი უბედურება არის იმაში, რომ ტრამპიც არ ხვდება მათ.
“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა, ამ კონტექსტში კი ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა.
ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები.”