"საქართველოში აღიარეს შეცდომები"- კრემლის პროპაგანდისტული მედიები კალაძის განცხადებას ეხმაურებიან
კრემლის მედიები კალაძის განცხადებას ეხმაურებიან
რუსული პროპაგანდისტული მედიები, ТАСС და РИА Новости თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურებიან (რომელშიც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება დადებითად შეაფასა) და წერენ, რომ საქართველოში აღიარეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომები.
პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კალაძის განცხადებას ავრცელებენ სათაურებით:
● “კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით”;
● “საქართველოში აღიარეს, რომ მათ შეცდომები დაუშვეს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით”.
“მერმა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით დადებითად ხელახლა შეაფასა”. – წერს ТАСС-ი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველო “მეზობლებთან” – “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან” შეარიგოს.
“ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.
კალაძე მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. მისივე თქმით, ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს “რა თქმა უნდა”, პოზიტიურია.
“თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.” – თქვა კალაძემ.