"ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს" - კალაძე ლავროვის განცხადებაზე
კალაძე ლავროვის განცხადებას აფასებს
“ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველო “მეზობლებთან” – “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან” შეარიგოს.
კალაძე მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. მისივე თქმით, ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს “რა თქმა უნდა”, პოზიტიურია:
თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
“მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება
კალაძემ კვლავ გაიმეორა ივანიშვილის განცხადება, რომელმაც გორში თქვა, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოუხადონ “აფხაზ და ოს” ძმებს.
“პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის.” – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა, ამ კონტექსტში კი ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა.