ინაუგურაცია შედგა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში, ერეკლე ბატონის სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი უკვე ოფიციალურად გახდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის გაერთიანება, პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და ევროპაში ადგილის დამკვიდრება – როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ეს მისი პრეზიდენტობის უმთავრესი მიზანია.
საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება თელავის მისადგომებთან.
დღეს დილიდან თელავში წასვლას და იქ დიდი მიტინგის გამართვას აპირებდა გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეთაურობით.
თუმცა, პოლიციამ ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაუკეტა და პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცა.
ოპოზიცია ზურაბიშვილის პრეზიდენტობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან არჩევნების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა.
მთელი დღის განმავლობაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა. არიან დაშავებულები და ნაცემები.
__________________
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღის სამ საათზე დაიწყო და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინაუგურაცია თბილისის ფარგლებს გარეთ ჩატარდა. ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტები ფიცს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დებდნენ.
ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყო 1800 სტუმარი. მათ შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, კულტურის მუშაკები და სხვა ცნობილი სახეები.
ჟურნალისტებისთვის ღონისძიება დახურული იყო. მათ სამუშაოდ სპეციალურად გამოყოფილი სივრცე გამოუყვეს – ინაუგურაციის პროცესს ისინი იქვე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.
• ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?
საინტერესოა, რომ ინაუგურაციას არ დასწრებია ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, რომელსაც ამჟამად მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა. სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პირადი არჩევანი იყო, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი.
ახალ პრეზიდენტს საქართველოს დროშის ფერი კოსტიუმი ეცვა.
მას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ძველი პრეზიდენტი მონაწილეობდა.
ნახეთ JAMnews-ის კოლაჟი, რომელიც საქართველოს წინა ოთხი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეებს გაგახსენებთ:
ზურაბიშვილმა ღვთისა და ერის წინაშე საპრეზიდენტო ფიცი დადო ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც სწორედ დღეს, მისი ინაუგურაციისთანავე შევიდა ძალაში. შემდეგ გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომელის ფონზე ქვემეხებიდან რამდენჯერმე გაისროლეს.
ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა 15 წუთს გაგრძელდა. მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პრიორიტეტი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია. საინაუგურაციო სიტყვაში მან აფხაზებს და ოსებსაც მიმართა. მან ასევე თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკურად პოლარიზებული ქართული საზოგადოება გააერთიანოს.
“მე ემიგრანტების შთამომავალი”
ასე დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა თავისი საინაუგურაციო სიტყვა:
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”.
პოლიტიკურ დაპირისპირებაზე
ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ “წლები დაკარგა პოლიტიკურ დაპირისპირებაში”.
ის პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ დაპირისპირების დასრულება იქნება.
“მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი” – თქვა მან.
მისი თქმით, მან სპეციალურად აირჩია ინაუგურაციისთვის თელავი – ქალაქი, სადაც მან არჩევნები წააგო.
“პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გაწეული მხარდაჭერისთვის:
“მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა. დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა”.
მთავარი მიზანი – ევროპა
ზურაბიშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანია, საქართველოს ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი.
“ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება – საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში,” – აღნიშნა საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა.
წინამორბედ პრეზიდენტებზე
ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში წინამორბედი პრეზიდენტებიც მოიხსენია და თქვა, რომ დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.
„უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისგენ, გამყარდა სტაბილურობა,” – თქვა ზურაბშვილმა.
ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის დაიცავს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი და იზრუნებს სამოქალაქო საზოგადოებისა გაძლიერებასა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე.
„ვიცი, სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემს პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
რუსეთი ოკუპანტია
საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში:
„არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“
მიმართვა აფხაზებს და ოსებს
მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! – თქვა ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვის დასაწყისში.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება:
“უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს! უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზებიდან მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება!”
უცხოელი სტუმრები
უცხოური დელეგაციები, რომლებიც ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა.
ინაუგურაციას მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი – სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ასევე ერთი ქვეყნის – საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ესწრებოდნენ.
სხვა ქვეყნების დელეგაციები ბევრად უფრო დაბალი რანგის სტუმრებით იყვნენ წარმოდგენილი. მაგალითად, აშშ-იდან USAID-ის წარმომადგენელი ჩამოვიდა.
მაღალი რანგის სტუმრები არ ჩამოვიდნენ არც მეზობლები ქვეყნებიდან და არც რეგიონიდან: თურქეთის რესპუბლიკას ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენდა, აზერბაიჯანს რესპუბლიკის სპიკერი, უკრაინას და ყირგიზეთს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ბელორუსს ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთს კი ვაჭრობისა მინისტრი.
ბალტიისპირეთის ქვეყნებს და აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენდნენ სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, სუამის გენერალური მდივანი, ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.
სტუმრებს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო.