„წმენდა მხოლოდ ახლა დაიწყო?“ - ოკუპირებული ცხინვალის ახალმა ე.წ. ხელისუფლებამ "მთავარი მცხობელი“ დააკავა
წმენდა სამხრეთ ოსეთში
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივი პურის კომბინატის უცვლელი დირექტორი, ვადიმ ცხორებოვი, ორი თვით შინაპატიმრობაში გადაიყვანა. აღკვეთის ღონისძიება 31 ოქტომბრიდან 29 დეკემბრამდე იმოქმედებს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღიძრა.
ეს რიგითი დაკავება არ არის. საქმე კორუფციასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია. კამპანიის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, მარატ კამბოლოვის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
პურის ქარხნის ტერიტორიაზე აშენებული სასტუმრო
გამოძიების ვერსიით, ცხორებოვმა პურის კომბინატის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი მიითვისა, შემდეგ კი ის საკუთარ მეუღლეს შეღავათიან ფასად მიაქირავა. მოგვიანებით ამ ადგილზე სასტუმრო, ბილიარდის დარბაზი და კომერციული ფართები ააშენა.
ზოგიერთი Telegram-არხი დამატებით ამტკიცებს, რომ ცხორებოვმა საწარმოს ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის მაინინგის მოწყობილობებიც განათავსა, ელექტროენერგიის გადასახადს კი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, საწარმოს ასევე მილიონობით რუბლის საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩამოაწერეს.
ცხინვალის პროკურორის მოადგილემ, ალინა ჩოჩიევამ, განმარტა, რომ ცხორებოვს შინაპატიმრობა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების, გაუსვლელობის ხელწერილის გამოყენებას სთხოვდა. ადვოკატები მის დადებით სამუშაო დახასიათებასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებულ მრავალრიცხოვან ჯილდოებზე მიუთითებდნენ.
თავად ცხორებოვი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებსაც და აღკვეთის ღონისძიებასაც სრულად ეთანხმება.
„ვაღიარებ დანაშაულს და მზად ვარ, მიყენებული ზიანი სრულად ავანაზღაურო, როგორც კი გამოძიება საბოლოო თანხას დაადგენს“, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მთავარმა მცხობელმა“.
„ფუნთუშა“, რომელიც ხუთ პრეზიდენტს გადაურჩა
ვადიმ ცხორებოვს, რომელსაც ცხინვალელები მოფერებით „ფუნთუშას“ (Булочка) უწოდებენ, წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდა. ის პარლამენტის დეპუტატიც იყო.
თუმცა ყველაზე მეტად იმით ამაყობდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პურის წარმოების შენარჩუნება შეძლო – კომბინატს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუწყვეტია და სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის მოსახლეობას პურით უწყვეტად ამარაგებდა.

ცხორებოვი პურის კომბინატს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამ პერიოდში მან ორი თავდასხმა და ბიზნესის ხელში ჩაგდების რამდენიმე მცდელობა გადაიტანა. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსების მოზიდვასა და წარმოების განვითარებას ახერხებდა, თუმცა თანდათან იზრდებოდა მის საწარმოში წარმოებული პროდუქციის ფასიც.
იმ ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ცხორებოვს თავისი „პურიანი თანამდებობა“ ეკავა, სამხრეთ ოსეთში ხუთი დე ფაქტო პრეზიდენტი შეიცვალა. „ფუნთუშა“ კი თითოეულ მათგანთან საერთო ენის გამონახვას ახერხებდა.
ამიტომ, როგორც ახლა ბევრი ფიქრობს, წინა პრეზიდენტები შესაძლოა თვალს ხუჭავდნენ მის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, გარკვეული ფინანსური შეთანხმებების სანაცვლოდ.
როგორც ჩანს, მარატ კამბოლოვთან შეთანხმება ვერ შედგა.
კამბოლოვის მისია: ვინ მართავს ახლა ცხინვალს?
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც დე ფაქტო მთავრობის საკვანძო თანამდებობებზე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული კადრები ინიშნებიან.
ახალი პრემიერ-მინისტრი 44 წლის სოსლან მარგიევია, რომელიც მანამდე მოსკოვის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
კამბოლოვის გამოჩენამ ცხინვალის პოლიტიკურ ასპარეზზე არაერთი კითხვა გააჩინა. განიხილება რამდენიმე ვერსია: რუსეთის მიერ რეგიონის ანექსიის ახალი ეტაპი, კრემლისა და თბილისის შესაძლო შეთანხმება ან, უბრალოდ, კორუფციასთან ბრძოლის რეალური მცდელობა.
წინააღმდეგობები ანტიკორუფციულ კამპანიაში
თუმცა ცხინვალში JAMnews-ის ზოგიერთ რესპონდენტს ახალი ხელისუფლების მოქმედებები არათანმიმდევრულად მიაჩნია.
„როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთმანეთს ეწყობოდეს? პურის კომბინატის დირექტორი დააკავეს, მისი ყოფილი უფროსი, აცამაზ კაბისოვი კი, პირიქით, დაწინაურდა და ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერი გახდა. არადა, მასაც დიდი ხანია უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ“, – კითხულობს გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე.
აცამაზ კაბისოვი მანამდე მრეწველობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ანუ იმ უწყებას, რომლის დაქვემდებარებაშიც პურის კომბინატი შედიოდა.
ადგილობრივი ბლოგერების ცნობით, სამხრეთ ოსეთის დავალიანებამ რუსეთის წინაშე გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის გამო ჯერ კიდევ 2024 წელს მილიარდ რუბლს (დაახლოებით 12 მილიონ დოლარს) გადააჭარბა და მას შემდეგ არ შემცირებულა.
დავალიანების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ენერგოქსელებში არსებული დანაკარგები სახელდება. რუსი სპეციალისტების შეფასებით, დანაკარგები 40-50%-ს აღწევს.
არაოფიციალურ წყაროებში ამ დანაკარგებს უკანონო მაინინგფერმებს უკავშირებენ. ბლოგერების ვარაუდით, აცამაზ კაბისოვს, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვას აკონტროლებდა, შესაძლოა ამ ფერმებისთვის მფარველობა გაეწია.
კორუფციონერების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება?
მიუხედავად წინააღმდეგობრივი გარემოებებისა, ცხორებოვის დაკავება სრულად ჯდება მარატ კამბოლოვის მიერ დაანონსებულ კამპანიაში, რომლის მიზნადაც კორუფციაში ჩართული პირებისა და საბიუჯეტო სახსრების გამფლანგველების გამოვლენა სახელდება.
„ფუნთუშა“ ამ სიაში პირველი არ არის. სისხლის სამართლის საქმეები უკვე აღძრულია რამდენიმე ბიზნესმენის წინააღმდეგ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კონსტანტინ ჯუსოევის, ახლო გარემოცვაში შედიოდნენ.
მათ შორისაა ჯუსოევის ახლო ნათესავი, სამშენებლო კომპანია „მეგაპოლის-Т“-ის გენერალური დირექტორი ოლეგ ბოსიკოვი.
გამოძიების ვერსიით, კომპანია ერთგვარი „ფულის გამრეცხი“ სქემის ნაწილი იყო და მისი მეშვეობით ასობით მილიონი რუბლი გაიტანეს. საუბარია თანხებზე, რომლებიც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გამოყო.
მანამდე გენერალური პროკურატურის ყურადღების ცენტრში სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ერისლავ მამიევი და მისი პირველი მოადგილე აცამაზ საგკაევიც მოექცნენ.
გამომძიებლების განცხადებით, საგკაევმა უკანონოდ გააფორმა თავისი ყოფილი უფროსის, მამიევის სახელზე უწყებრივი ცეცხლსასროლი იარაღის ორი ერთეული.
კამბოლოვის ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის კამპანიას ახალ ეტაპზე გადაჰყავს. თუმცა მთავარი კითხვა კვლავ ღიად რჩება: საქმე რეალურ ანტიკორუფციულ წმენდასთან გვაქვს თუ ძალაუფლების ახალი გადანაწილების პროცესთან, რომლის დროსაც ძველი გავლენიანი ფიგურები ახალმა ჯგუფმა უნდა ჩაანაცვლოს?
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას