ზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილის წერილზე: "მეშჩანი" როგორაა ქართულად?
ზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილის წერილზე
გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ რომ ბიძინა ივანიშვილი ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას.
“რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ
1. წინასწარ გამოყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება, რათა საჯაროდ ეთქვათ ‘სიმართლე’, რომლის თქმის საშუალებასაც პარტია ‘არ აძლევდათ’
2. “სიმართლე”, რომელიც თქვეს, არის ის, რასაც მანამდე ტვ იმედზე ივანიშვილის დაქირავებული “ექსპერტები” ამბობდნენ – ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო, რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს.
3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): “ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა”.
დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:
შეხვედრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი. შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხვედრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს. ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა – 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართმევთო.
ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი. ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.
პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა: “აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”
ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო.
“მეშჩანი” როგორ არის ქართულად?” – წერს ჯაფარიძე.
დღევანდელ წერილში ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
წერილში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, საუბარია ასევე იმაზე, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.
ასევე, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ გავიდა და მას შემდეგ, ამ გადაწყვეტილებას სრულად იცავდა და იცავს. ასევე, ივანიშვილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მას პრობლემები იმის გამო შეუქმნა, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ივანიშვილის პირველი საჯარო განცხადებაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თავად ომს და რუსეთის აგრესიას იგი წერილში არ ეხება და არ აფასებს. “რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარება” – ასე აფასებს იგი მოვლენებს.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ 2021 წლის 11 თებერვალს, მოგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ [რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა] წავიდა – როგორც თავად ამბობს, ახლა უკვე საბოლოოდ.
პოლიტიკიდან წასვლის მთავარი მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ “მის მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია”.
ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველია. მის ქონებას „ფორბსი“ 4.8 მილიარდი დოლარად აფასებს.