ვლადიმირ ცკაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები კი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ " />

ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელებს ადამიანის წამებისა და მკვლელობისთვის ასამართლებენ

ვლადიმირ ცკაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები კი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ

საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ პუბლიკაციის მიხედვით

ჩრდილოეთ ოსეთში 10 პოლიციელს ასამართლებენ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ადგილობრივი მცხოვრების, ვლადიმირ ცკაევის წამებაში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

• დაიხურება თუ არა ვლადიკავკაზში არსებული, რეგიონისთვის საშიში კანცეროგენული ქარხანა?

• აზერბაიჯანელი სინდისის პატიმრების დედები ჰყვებიან, თუ რატომ მიუსაჯეს მათ შვილებს 10 წელი

• გამოძალვა პარკში პაემანის გამო – აზერბაიჯანში ყოფილ პოლიციელს ასამართლებენ

ეს ისტორია 2015 წელს დაიწყო. ვლადიმირ ცკაევი 37 წლის იყო. ის ჩრდილოეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა, როდესაც ვლადიკავკაზში, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. ცკაევი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქ ის სასტიკად აწამეს და 2015 წლის 31 ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ღამეს გარდაიცვალა.

მომხდარიდან ორ კვირაში ცკაევი უდანაშაულოდ ცნეს. მისმა საქმემ გაუფრთხილებლობით გარდაცვალების მუხლი მიიღო და დაიხურა.

მას შემდეგ, ცკაევის ნათესავები სამართლიანობის მიღწევასა და საქმის ხელახლა აღძვრას ცდილობდნენ. ოფიციალური მოთხოვნები არ დაეხმარათ. ცკაევების ოჯახის ადვოკატმა, ანჟელიკა სიკოევამ ისინი არაერთხელ გააფრთხილა, რომ საქმის გაჭიანურებას შესაძლოა ყველაფერი იქამდე მიეყვანა, რომ მთელი რიგი ბრალდებების მიმართულებით ხანდაზმულობის ვადა ამოწურულიყო.

და მაშინ, ვლადიმირ ცკაევის ოჯახი და მეგობრები ქუჩის პროტესტზე გადავიდნენ.

ვლადიკავკაზში ვლადიმირ ცკაევის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია. ხალხს ხელში მისი სხეულის ფოტოსურათები უჭირავს, სადაც საშინელი წამების კვალი ჩანს. დეკემბერი 2018

საპროტესტო აქციების შემდეგ, 2019 წლის თებერვალში, საქმეზე მოსმენა განახლდა.

პოლიციელებს ადანაშაულებენ ძალადობის გზით უფლებამოსილების გადამეტებაში; ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია; თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში; თანამდებობის გამოყენების გზით ფაქტების გაყალბებაში.

ზოგიერთ მათგანს 15 წლამდე პატიმრობაც ემუქრება.

 

თუმცა, ამ დრომდე, ვლადიმირ ცკაევის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ათი პოლიციელიდან არცერთს არ უღიარებია საკუთარი დანაშაული სასამართლოს წინაშე.

ვლადიმირ ცკაევის ქვრივმა, ზემფირამ „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს უთხრა, რომ ის აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ განსასჯელები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ მისი ქმრის სიკვდილში.

„მე მათ თვალებში სასოწარკვეთა და სინანული ვერ დავინახე“, – განაცხადა ზემფირა ცკაევამ.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გამართულ სასამართლო მოსმენაზე იმედი ჰქონდა, რომ „განსასჯელებიდან რომელიმე მაინც დახრიდა თვალებს, აღმოჩნდებოდა ნამდვილი ოსი და იტყოდა: „დიახ, ეს მე გავაკეთე“. 

ცკაევის ქვრივმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა განსასჯელმა მასთან საუბრისას თქვა, რომ მისი ქმარი „საველე ტელეფონით“ აწამეს.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, საველე ტელეფონის წამების იარაღად გამოყენება, ფართოდ გავრცელებულია. ასეთი წამება ძლიერ ტანჯვას იწვევს და პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს – მისი ამოცნობა მხოლოდ ექსპერტს შეუძლია.

„ჩვენ მისი სხეული ვნახეთ – თითქოს, ხორცსაკეპ მანქანაში დაატრიალეს“, – აღნიშნა ზემფირა ცკაევამ.

ის ამბობს, რომ მისი ქმარი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს, მაგრამ ვერავინ ბედავს ასეთი ჩვენების მიცემას. გარდაცვალების საბუთში სიკვდილის დრო მითითებული არ არის.

„გარდაცვალების დრო ვერ დაადგინეს“, – ამტკიცებს ზემფირა ცკაევა.

მან გაარკვია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ოჯახს გააჩნია, საუბარია იმაზე, რომ ვლადიმირ ცკაევი მექანიკური ასფიქსიით გარდაიცვალა. ზემფირა ცკაევა ფიქრობს, რომ მის ქმარს პარკებით, ხელებითა და ჯაჭვით, ერთი სიტყვით – ყველაფრით ახრჩობდნენ, რაც ხელში მოხვდათ.

ზემფირა ცკაევას აზრით, ყველა ბრალდებული იმსახურებს, როგორც მინიმუმ, უფლებამოსილების გადამეტებისა და ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გასამართლებას, შესაძლოა – მკვლელობის მუხლითაც კი.


ასევე წაიკითხეთ