მოწამლული წყლები და მიწები - საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება პროტესტს გამოხატავს. მაგრამ მფლობელებს ქარხნის დახურვა არ სურთ " />

დაიხურება თუ არა ვლადიკავკაზში არსებული, რეგიონისთვის საშიში კანცეროგენული ქარხანა?

მოწამლული წყლები და მიწები - საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება პროტესტს გამოხატავს. მაგრამ მფლობელებს ქარხნის დახურვა არ სურთ

შემაშფოთებელი ფაქტები ხდება ცნობილი ვლადიკავკაზში არსებული ქარხანა „ელექტროცინკის“ ირგვლივ ჩატარებული გამოძიების დროს. ეს ქარხანა 21 ოქტომბერს, იქ მომხდარი ხანძრის შემდეგ გახდა “ცნობილი”.

მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში საშიში საწარმოს წინააღმდეგ მხოლოდ ეკოლოგების და აქტივისტების მცირე ჯგუფი გამოხატავდა პროტესტს, მაგრამ ახლა პროტესტი მასობრივი გახდა, და მას პირველად შეუერთდნენ ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლება. კერძოდ, ჩრდილოეთი ოსეთის პარლამენტის 58-ვე დეპუტატმა ერთხმად მისცა ხმა ქარხნის მუშაობის შეწყვეტას.

თუმცა, ქარხნის მფლობელი  მსხვილი რუსული კორპორაცია „ურალის სამთო- მეტალურგიული კომპანია“ – დანებებას არ აპირებს.

ასე იწვოდა კანცეროგენული ქარხანა „ელექტროცინკი“ ვლადიკავკაზში

სომხეთში გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა ისწავლეს

 რით სუნთქავს თბილისი  — ეკოლოგები ამბობენ, რომ ქალაქს გადარჩენა სჭირდება 

დანაშაულის მსგავსი ეკოლოგიური დარღვევები

ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ 4 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში გაგზავნა  ოფიციალური წერილი, რომელშიც შოკის მომგვრელი ფაქტების შესახებ იუწყებოდა.

„საწარმოს საქმიანობა ხორციელდებოდა, დადგენილი ნორმატივებთან შედარებით, ტყვიის 2,2 -ჯერ, ცინკის -2,7-ჯერ და კალციუმის ოქსიდის -2,2,-ჯერ გადაჭარბებული გამოყოფით”, – ნათქვამია წერილში.   

გაირკვა, რომ:

• ქარხანამ არავის არაფერი შეატყობინა ბოლო წლებში გოგირდმჟავის საამქროს 11-ჯერ ავარიულად გაჩერების შესახებ. თითოეულ ამ გაჩერებას მომწამვლელი ნივთიერებების ზენორმატიული გამოყოფა ახლდა თან.

• ცინკის წარმოების საშიშ მომწამვლელ ნარჩენებს უბრალოდ მიწაში ფლავდნენ, ლიცენზიის გარეშეც კი.

•  ჩაფლვის ადგილის ზედაპირი არ იყო დაცული წვიმით გადარეცხვისგან, თოვლისა და ქარისგან.

• კანცეროგენული საწარმოო გამდინარე წყლები, ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, მდინარე „ძაღლის ღრუში“ ჩაედინებოდა.

• ქარხანაში კანცეროგენური წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლის პასპორტი საერთოდ არ არსებობს.

რა არის „ელექტროცინკი“

„ელექტროცინკი“ რუსეთის ფერადი მეტალურგიის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა, რომელიც ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის შემადგენლობაში შედის და ჩრდილოეთ ოსეთში ყველაზე დიდი საწარმოა. ხანძრამდე აქ  1,806 ადამიანი მუშაობდა და არცთუ ურიგო ხელფასს იღებდნენსაშუალოდ, 41,155 რუბლს [$ 600-ზე ოდნავ მეტი].

ახლა, როდესაც ხანძრის შემდეგ ქარხანა გაჩერდა, ყველა მათგანი უმუშევარი დარჩა, რაც სიტუაციას უფრო ართულებს.

„ელეტროცინკი“ აწარმოებდა ცინკს, კადმიუმს, გოგირდმჟავას და დიდი რაოდენობით შენადნობებს. 2017 წელს გამოუშვეს – 73 ტონა ცინკი, 123 ათასი ტონა გოგირდმჟავა და 307 ტონა კადმიუმი. ყველა ეს ქიმიური ნივთიერება თავისი ტოქსიურობით არის ცნობილი, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანები ამას უშუალოდ  ვერ აღიქვამენ.

საწარმო ვლადიკავკაზის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს, და შთამბეჭდავი ტერიტორია – 70,2 ჰექტარი უკავია.

ქარხნის მთავარი პრობლემა – გოგირდმჟავას საამქროში არსებული მოძველებული აპარატურაა. ქარხანა გასული საუკუნის 1980-იანი წლების დასაწყისში აშენდა. მშენებლობის დროს   გოგირდმჟავას საამქროს ექსპლუატაცია 20 წლით განისაზღვრა. გავიდა თითქმის 40 წელიწადი, მაგრამ არც აღჭურვილობა და არც ტექნოლოგიური პროცესები პრაქტიკულად არ განახლებულა.

რა მოხდა 21 ოქტომბერს

ქარხანაში ხანძარი 21 ოქტომბერს ღამის სამ საათზე გაჩნდა. მას 12 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

პანიკაში მყოფი ადამიანები ვლადიკავკაზს ტოვებდნენ, ქალაქის გასასვლელთან უზარმაზარი საცობი გაჩნდა.

„მე ქალაქიდან არ გავედი, ვიფიქრე სახლში ვარ, და არაფერი მოხდება-მეთქი. შემდეგ დღეს სახლიდან გავედი – დედას დაბადების დღისთვის ყვავილების ყიდვა მინდოდა ქალაქის თავზე ეს საშინელი ღრუბელი შევნიშნე. უკან სახლში გავიქეცი, რათა სამედიცინო ნიღაბი გამეკეთებინა“, – იხსენებს ქალაქის მცხოვრები საბინა გატაგოვა.

„მე და ჩემს ქმარს ბავშვების გამო შეგვეშინდა და მთაში წავიყვანეთ, ამ კატასტროფისგან შორს. მაგრამ მომდევნო დღეს დაბრუნება მოგვიხდა, რადგან სამსახურში უნდა გავსულიყავით“,   ჰყვება ალანა გაბუევა.

პროტესტი, რომელმაც საზოგადოება და ხელისუფლება გააერთიანა

ეს დიდი საპროტესტო აქცია ვლადიკავკაზში ხანძრის მეორე დღეს, 22 ოქტომბერს გაიმართა. ასობით ადამიანი შეიკრიბა ჩრდილოეთი ოსეთის მთავრობის შენობის წინ და გაიძახოდნენ, – „გამოდი!“. ისინი რესპუბლიკის მეთაურს, ვიაჩესლავ ბიტაროვს მიმართავდნენ.

საბოლოოდ ის ხალხთან გამოვიდა:

„სიტყვას გაძლევთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაველაპარაკები და ქარხანა „ელექტროცინკის“ დახურვის საკითხს დავაყენებ“, თქვა ვიაჩესლავ ბიტაროვმა. 

ქარხნის გაჩერების მოთხოვნით ბევრი ადგილობრივი პოლიტიკოსი გამოვიდა, მათ შორის ჩრდილოეთი ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ძამბოლატ თედეევი, სენატორი არსენ ფაძაევი, ასევე ვლადიკავკაზის თავი მახარბეკ ხადარცევი.

მას შემდეგ ქუჩაში საპროტესტო აქცია არ გამართულა, თუმცა სოციალურ ქსელებში ამბოხი ნელ-ნელა მწიფდება.

პროფესორმა ტამერლან კამბოლოვმა ვებგვერდ change.org-ზე გამოაქვეყნა პეტიცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მისამართითაა. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის პეტიციის ქვეშ თითქმის 26,500 ხელმოწერაა. პეტიციის მიზანია მინიმუმ 35 ათასი ხელმოწერის მიღება.

„მთელ კავკასიაში განგაში უნდა ატყდესტოქსიკურმა ღრუბელმა საზღვრები არ იცის“, – დაწერა  პეტიციის კომენტარებში ერთ-ერთმა ხელმომწერმა.

ოსმა ადვოკატმა რუსლან კალოევმა გაეროსა და „გრინპის“-ში მოთხოვნები გაგზავნა. მან დაწვრილებით ჩამოთვალა ჩრდილოეთი ოსეთის ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, „ელექტროცინკის“ გამოისობით არის გამოწვეული.

მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს „ელექტრიცინკის“ გენერალური დირექტორის ისკანდერ მაჰმუდოვისა და „ელექტროცინკის“ ქარხნის დირექტორის იგორ ხოდიკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნითაც მიმართა. კალოევი ასევე მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს ურალის სამთო-მომპოვებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელსაც ეს ქარხანა ეკუთვნის.

„იგორ ხადიკო განზრახ, თანმიმდევრულად და გულგრილად… აყენებს გამოუსწორებელ და შეუქცევად ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას“, აცხადებს ადვოკატი.

თავის მიმართვაში კალოევი იმ ექსპერტიზის შედეგებს ეყრდნობა, რომელმაც ვლადიკავკაზის ნიადაგში მძიმე მეტალების ზღვრული დასაშვები ნორმა გამოავლინა, და აპელირებს რუსეთის კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ყველა მცხოვრებს კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრების უფლება აქვს.

არტისტი ვადიმ ჩელდიევი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე „ელექტროცინკის“ წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

ქარხნის მფლობელები მის დახურვას არ აპირებენ

„ელექტროცინკის“ გენერალურმა დირექტორმა იგორ ხოდიკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქარხნის დაკეტვის საკითხი არ დგას.

„ქარხანა „ელექტროცინკის“ მომავალ ბედს რაც შეეხება – ჩვენ არსებულ ცეხს აღვადგენთ. ამისთვის სწრაფად ვიმუშავებთ და ყველაფერს უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. მინიმუმ – 6-8 თვეში“, – თქვა ხოდიკომ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ