„ამგვარი ინციდენტები სომხეთში ბაზის არსებობაზე გავლენას არ მოახდენს“, - ამბობს ექსპერტი" />

სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი, ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

„ამგვარი ინციდენტები სომხეთში ბაზის არსებობაზე გავლენას არ მოახდენს“, - ამბობს ექსპერტი

სომხეთის ქალაქ გიუმრიში დაკავებულია რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურე. ის ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალის სასტიკ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

საქმის დეტალები

57 წლის ჯულიეტა გუსაკიანი 3 დეკემბერს გიუმრის საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს. ის გიუმრის საცხოვრებელ-კომუნალურ განყოფილებაში მეეზოვედ მუშაობდა. სამსახურში მიმავალ ქალს გზად თავს დაესხნენ და სცემეს. ცემის შედეგად ის გარდაიცვალა, თუმცა მანამდე იმის მოყოლა მოასწრო, რომ მას უკნიდან თავს დაესხნენ.

სომხეთის მედია იუწყება, რომ ოჯახს საკმაოდ მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს. მათ დაკრძალვისთვის ფული არ ჰყოფნიდათ და ეს ხარჯები საკუთარ თავზე ქალაქის მერიამ აიღო.

რუსული ბაზა სომხეთში: დაცვა თუ საფრთხე

სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი უცხოური სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს

რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სომხური ოჯახი ამოხოცა, რუსეთშია ექსტრადირებული 

სომხეთში რუსეთის საელჩოს რეაქცია

ქალის დაღუპვის ცნობიდან მალევე სომხეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურემ მოკლა.

რუსეთის საელჩო შეეცადა, რომ თავისი მოქალაქის დანაშაულთან კავშირი უარეყო:

 „გაოცებას იწვევს ინფორმაციის დამუშავებისადმი ასეთი, უაღრესად არაპროფესიონალური მიდგომა, როდესაც უდანაშაულობის პრეზუმციის სრული იგნორირებით, „მყვირალა სათაურებით“ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი მონაცემების ტირაჟირება ხდება“.

რა ჰქვია დაკავებულ სამხედრო მოსამსახურეს და რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ინციდენტები რუსეთის სამხედრო ბაზასთან

ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომელშიც 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურეები არიან დამნაშავეები. ცნობილია მრავალრიცხოვანი ისტორია იმის თაობაზე, თუ როგორ აწყობენ რუსი სამხედროები არაფხიზელ მდგომარეობაში დებოშებს, სროლებს, რასაც ათობით მშვიდობიანი მაცხოვრებელი ემსხვერპლა.

ყველაზე გახმაურებულ საქმედ 2015 წელს ავეტისიანების ოჯახის მკვლელობა იქცა. რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ვალერი პერმიაკოვმა ოჯახის შვიდი წევრი მოკლა. 2016 წელს სომხეთის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო მანამდე ერთი წლით ადრე რუსეთის ფედერაციის საგარნიზონო სამხედრო სასამართლომ, გიუმრიში მომხდარი მკვლელობის საქმიდან განცალკევებით, პრემიაკოვი სამი მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნო. სამხედრო სასამართლომ მას დეზერტირობისთვის, იარაღის მოპარვისა და მისი უკანონოდ ხმარებისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოლო ამ წლის ივლისში ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ პანიკში სროლა ატეხეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს სწავლება იყო, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები ამის შესახებ არავინ გააფრთხილა. სროლის შედეგად, დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს შორის პანიკა ატყდა.

ქსელური გამოცემის, „ლრაგირის“ პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აირუმიანი JAMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს მორიგი ინციდენტი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს და ბაზის დახურვის საკითხი არ დადგება:

 „ბაზის არსებობის საკითხი პოლიტიკურ სიბრტყეზე დევს და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საეჭვოა, რომ მსგავს ინციდენტებზე იყოს დამოკიდებული. მით უმეტეს, როდესაც შეინიშნება, რომ სომხეთის ხელისუფლებას განხილვის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ სურს. მაგრამ ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, შესაძლოა, ტრაგიკულად იქცეს ურთიერთობის სამართლებრივ სიბრტყეზე განხილვისთვის. მაგალითად, ავეტისიანების ოჯახის მკვლელის ვალერი პერმიაკოვის სასამართლო, რუსული მხარის მოთხოვნით, რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდა, თითქმის სომეხი სამართალდამცავების დაუსწრებლად.

თუ როგორ აღსრულდება ამჯერად სამართალი, ძნელი სათქმელია. მაგრამ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები სამხედრო ბაზის ნაწილში სამართლებრივი სიბრტყეზე უნდა გაკორექტირდეს, სომხეთისთვის სამართლის აღსრულების სუვერენული უფლება გარანტირებული უნდა იყოს, და აქედან შეიძლება დაიწყოს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გიუმრიში ყოფნის შეთანხმებითი პლატფორმის გადახედვა.“


ასევე წაიკითხეთ