რუსეთის მოწინააღმდეგეები სომხეთის მტრები არ არიან. რა ფუნქციები აქვს ბაზას სომხეთის ინტერესების თვალსაზრისით" />

რუსული ბაზა სომხეთში – თავდაცვა თუ საფრთხე

რუსეთის მოწინააღმდეგეები სომხეთის მტრები არ არიან. რა ფუნქციები აქვს ბაზას სომხეთის ინტერესების თვალსაზრისით

Photolure

სომხეთში სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ქვეყანაში გაურკვეველი ფუნქცია-მოვალეობების მქონე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ კი შეიქმნა იმის საფრთხე, რომ ეს ობიექტი რეგიონში მიმდინარე სამხედრო და ანტიტერორისტული ქმედებებში ჩაერთვება. სომხეთს ამ კამპანიებში მონაწილეობა არ სურს.

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, სომხეთის ყველაზე ჩრდილოეთ მდებარე ქალაქშია განთავსებული. ეს ობიექტი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში შედის და, ამავდროულად, 2016 წლიდან სომხეთ-რუსეთის ჯარების დაჯგუფების ნაწილია (საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად).

ალბათ, ცალსახად ვერავინ იტყვის, თუ რა ფუნქციები აქვს ამ ბაზას სომხეთის ინტერესების თვალსაზრისით. ეს ობიექტი საერთოდ ვერ ჯდება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონტექსტში. ამასთან, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები არ აცხადებენ, რომ მზად არიან აამოქმედონ ბაზა იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთს თურქეთის მხრიდან დაესხმებიან თავს.

მეტიც, 2015 წლის ნოემბერში, როდესაც თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის საჰაერო სივრცეში მყოფი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და მოსკოვმა ანკარასთან სამხედრო-პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, თურქულმა ვერტმფრენებმა სომხეთის საჰაერო სივრცეში დემონსტრაციული და დაზვერვითი ხასიათის ფრენები განახორციელეს.

მოწინააღმდეგის ვერტმფრენების ხელში ჩაგდება არავის უცდია – არც სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, არც რუსული ბაზის ძალებს და არც თურქეთის საზღვართან მდგარ რუს სამხედროებს. ეს გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ რუსული ბაზა არ წარმოადგენს სომხეთის მოკავშირეს მის მთავარ პოტენციურ საფრთხეებთან (აზერბაიჯანთან და თურქეთთან) ბრძოლაში.

სამაგიეროდ სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზასთან მთვრალი რუსი ჯარისკაცების არაერთ ისტორიაა დაკავშირებული. ისინი დებოშებსა და სროლებს აწყობდნენ და მათ ქმედებებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა 2015 წლის 12 იანვარს მოხდა, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი მათსავე სახლში ჩახოცა. რუსულმა მხარემ სომხეთი აიძულა, სასამართლო სხდომა 102-ე ბაზის ტერიტორიაზე ჩაეტარებინა და პერმიაკოვის გადმოცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

2015 წლის იანვარში გიუმრი საყოველთაო პროტესტის კერად იქცა. სომეხმა სამართალდამცველებმა დიდი გაჭირვებით მოახერხეს შეკრებილი ადამიანების შეკავება. დემონსტრანტები სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეჭრასა და დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ცდილობდნენ. სწორედ მაშინ გაისმა ღია მოწოდებები ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით. ვრცელდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს შენაერთი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ნამდვილ კატასტროფად იქცა.

 საბოლოოდ, პერმიაკოვი სასამართლოს წინაშე წარდგა და 2016 წლის 23 აგვისტოს ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერაციის გიუმრის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ კი სამართალწარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც გიუმრიში მომხარი მკვლელობების შემთხვევას არ უკავშირდებოდა და პერმიაკოვისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის დაწესებამდე ერთი წლით ადრე,  2015 წლის 12 აგვისტოს პერმიაკოვი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (დეზერტირობა”, “იარაღის მიტაცება” და “საბრძოლო საშუალებების უკანონო ტარება”) ცნო დამნაშავედ და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც, სამხედრო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, პერმიაკოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოეხადა.  

ინფორმაციას რუსი სამხედროების მიერ სომხეთში ჩადენილი სხვა დანაშაულების შესახებ შეგიძლიათ, ამ ბმულზე გადასვლით გაეცნოთ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ ბაზის დისლოკაციის თანხას არ იხდის და არც იმას განმარტავს, თუ რა საჭიროა ეს ობიექტი. ამ საკითხზე საუბრისას კი შემოიფარგლება არაფრისმთქმელი ფრაზით „ბალანსის დაცვის აუცილებლობის“ შესახებ.

2016 წლის 2 აპრილს აზერბაიჯანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიული აქტის განხორციელებას შეეცადა. და მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღის შემდეგ რუსეთის შუამდგომლობით სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომხეთში ანტირუსული განწყობის ახალი ტალღა აგორდა – იმ აშკარა მხარდაჭერის გამო, რომელიც რუსეთმა აზერბაიჯანს აღმოუჩინა. ისევ გაისმა მოწოდებები სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა რუსულ სამხედრო ნაწილს, რომელმაც აგრესიის ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა. რატომ უნდა ვიხდიდეთ ფულს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზაში, თუკი საფრთხის შემთხვევაში ჩვენ გვერდით არ იქნება? იმ პერიოდში ამ კითხვას ხშირად სვამდნენ სომხეთში.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აკეთებს განცხადებას, რომელიც სომხეთში ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ რეპლიკად აღიქვეს.

«კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები და სომხეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები მზად არიან, ნებისმიერ მომენტში უპასუხონ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების შემოტევებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „მირთან“ საუბრისას.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეიქმნა. დაფუძნებიდან მცირე ხანში საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა დატოვეს და ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ რიგებში გაერთიანებულია ექვსი სახელმწიფო – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

ეს განცხადება სომხეთში არაერთგვაროვნად აღიქვეს. პოლიტოლოგმა გაგიკ ამბარიანმა განაცხადა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ამ განცხადებით: «პირველ რიგში, ლავროვმა სომხეთს უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია უნდა მისცეს იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ბაზას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისას გამოიყენებს. ასეთ გარანტიებს კი ბატონი ლავროვი ვერ მოგვცემს. ამას გარდა, თუკი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აპირებთ ომს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ამ ომს სომხეთში ნუ დაიწყებთ, იმიტომ რომ სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სომხეთის ტერიტორია ამ ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების ზონაში არ შედის და ქვეყნის მოქალაქეები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არ არიან. მეზობელ საქართველოსა და აზერბაიჯანს (ისევე როგორც რუსეთს) ნამდვილად აქვთ ასეთი პრობლემა – ამ სამი სახელმწიფოს მოქალაქეები ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს იბრძვიან. სომხეთმა კი ამისგან შორს უნდა დაიჭიროს თავი».

სომხეთის ეროვნული და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, მანველ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ლავროვის განცხადებაში ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ სომხეთი უნებლიეთ სხვისი გეგმების ნაწილი ხდება: «არსებობენ ადამიანები, რომლლებიც აცხადებენ, რომ თუკი რუსები წავლენ, თურქები სომხეთში შემოიჭრებიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავის სურს იმის განხილვა, თუ რა ტიპის უსაფრთხოების სისტემა იქმნება და, საერთოდ, გვაქვს თუ არასუვერენული გადაწყვეტილებების მიღების უფლება (თუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, სხვისი გეგმების ნაწილად გვაქციონ). რეალურად რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომში არა სამხედრო ბაზას, არამედ სომხეთს ითრევს. სომხეთი რუსეთისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც თურქეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად იყენებს».

მაგრამ სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ის პოლიტოლოგები, რომლებიც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ემხრობიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, ეს გარემოება საფრთხედ არ აღიქვან.

დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის“ სომხეთის ფილიალის დირექტორის, ალექსანდრ მარქაროვის განაცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების ფუნქციებში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ელემენტიც შედის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვედანაყოფები ამ მიმართულებითაც იმოქმედებენ «რა კავშირია ისლამურ სახელმწიფოსა და სომხეთს შორის? შეგახსენებთ, რომ სირია შორს არ არის, ტერორიზმისთვის კი საზღვრები არ არსებობს. თეორიულად, ეს ფუნქციები შეთანხმებებითაა დამტკიცებული და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა რესურსის ამოქმედება შეიძლება».

კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილემ, სერგეი მინასიანმა Tert.am-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს განცხადება ფორმალურ ხასიათს ატარებს. თუმცა, ისიც დარწმუნებულია, რომ თუკი რაიმე სახის პრობლემა შეიქმნება სამხრეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები აუცილებლად უნდა ამოქმედდნენ ამ მიმართულებით და სათანადო მოქმედებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა: « თუკი „ისლამური სახელმწიფო“ მოაღწევს ამ ტერიტორიამდე, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არამხოლოდ რუსეთის სამხედრო ბაზას, არამედ სომხეთის სამხედრო ძალებსაც მოუწევთ».

რა ამოცანებს ასრულებს სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი ჯარების გაერთიანებულ (სომხურ-რუსულ) დაჯგუფებაში შევიდა?

გაერთიანებული დაჯგუფების“ მეაური, გენერალ-მაიორი ანდრანიკ მაკარიანი აცხადებს, რომ დაჯგუფება მზადაა, გაანეიტრალოს ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა, თურქეთის მხრიდან წარმოიქმნას: «თუკი თურქეთის მხრიდან საფრთხე გაჩნდება, მტერს სათანადო პასუხს გავცემთ. ეს ყველაფერი დოკუმენტებშია გაწერილი».

დაჯგუფების შესაძლებლობების განხილვისას ანდრანიკ მაკარიანმა აზერბაიჯანის მხრიდან არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის საკითხს წარმოადგენს. შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა პუტინს, იერიშის მიტანა აგვიკრძალოს, გენერალმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ასეთი ბრძანების გაცემა არ შეუძლია. გენერალს ჰკითხეს, არსებობს თუ არა იმის მყარი გარანტია, რომ რუსული ბაზა ბრძანებას დაემორჩილება. ამ საკითხზე საუბრისას გენერალმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში გაწერილი ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა შეასრულოს.

სომხეთის ხელისუფლებამ – საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ – სერგეი ლავროვის განცხადება უკომენტაროდ დატოვა და არაფერი თქვა იმ პოტენციური საფრთხეების შესახებ, რომლებიც „გააქტიურდება“ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთში განლაგებული რუსული ბაზა „გაერთიანებული ჯარების“, ან „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრის სტატუსით რომელიმე რეგიონულ, ან გლობალურ ოპერაციაში ჩაერთვება. სომხეთი და რუსეთი სხვადასხვა ძალებს უპირისპირდებიან და ამ პირობებში გაერთიანებული ძალების ამოქმედება პრობლემური ხდება.

ტელეარხ „მირთან“ საუბრისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისთვის მოწინააღმდეგე სახელმწიფოები არ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების შემთანხმების ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიაში არაა ნახსენები, რომ ჩვენ რომელიმე ქვეყანას, ან ორგანიზაციას ვუპირისპირდებით, „ნატოელები“ კი რუსეთს მეტოქედ და საფრთხედ აღიქვამენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, დააკნინონ იმ ყველაფრის სტატუსი და მნიშვნელობა, რასაც „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია“აკეთებს».

ამასთან, სომხეთი ნატოს თავის მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს, ნატო კი ერევანს პარტნიორად მოიხსენიებს, მასთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და ერთობლივ წვრთნებს ატარებს სომხეთთან.

სომეხი პოლიტოლოგები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებმა და განცხადებებმა შესაძლოა, სომხეთი ნატოს, დასავლეთისა და სხვა, ჩვენი ქვეყნის მიმართ ნეიტრალურად, ან დადებითად განწყობილი სუბიექტების თვალში მტრად წარმოაჩინოს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ტერმინოლოგიასა და მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ