აქციის მონაწილეებს უპასუხეს, რომ „მათ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს“ " />

საპროტესტო აქცია ბაქოში – ჟურნალისტები მათთვის ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვის გაუქმებას მოითხოვენ

აქციის მონაწილეებს უპასუხეს, რომ „მათ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს“

ფოტო: Voice of America

3 მაისს რვა ჟურნალისტი მძიმე დანაშაულებათა საგამოძიებო სამმართველოს შენობასთან მივიდა, რათა მათთვის ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვის გაუქმება მოეთხოვათ. აკრძალვა 2015 წელს დაწესდა, ისინი აზერბაიჯანში დაბლოკილი ვებგვერდის Meydan TV-ის საქმის მოწმეები იყვნენ. სამმართველოს უფროსმა ელდარ მაჰმუდოვმა პროტესტანტები მიიღო და უთხრა, რომ მათ საკითხთან დაკავშირებით „მუშაობა მიმდინარეობს“, – წერს Azadlıq azadlıq.orq.

MeydanTV-ის საქმე

MeydanTV – დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაა, რომლის „შტაბ-ბინა“ ბერლინშია. ეს ვებგვერდი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ მკვეთრი კრიტიკით არის ცნობილი.

• როგორია აზერბაიჯანში ჟურნალისტობა

2015 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვებგვერდს ბრალად ის დასდეს, რომ მან უცხოური მედიისთვის განკუთვნილი აკრედიტაციის წესები დაარღვია. MeydanTV-სთან მოთანამშრომლე რამდენიმე ადამიანი მოწმის სახით იყო გამოძახებული და მოხვდნენ ეგრეთ წოდებულ „შეჩერების ფურცელში“ – იმ ადამიანების სიაში, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ. თუმცა, კანონის მიხედვით, მოწმეებზე ასეთი აკრძალვა არ უნდა ვრცელდებოდეს.

2016 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე MeydanTV რამდენიმე სხვა ვებგვერდთან ერთად დაბლოკეს, ამის მიზეზად კი „საზოგადოებრივი სტაბილურობის დარღვევისკენ მიმართული მისი დესტრუქციული ქმედებები“ დაასახელეს.

ის ჟურნალისტები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ, არაერთხელ შეეცადნენ ამის გაპროტესტებას. მათ ევროპის ადამიანის უფლებათა და სასამართლოშიც კი შეიტანეს სარჩელი და მოიგეს – 2018 წლის დეკემბერში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ ადამიანების უფლებების დარღვევა აღიარა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, მაგრამ ეს ვალდებულება ჯერჯერობით არ შესრულებულა.

• დაწვრილებით სარჩელისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

აქციის წვრილმანები

ბეჭდური სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ბაქოში გამართულ აქციაზე შვიდმა ჟურნალისტმა მათთვის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა. აქციის მერვე მონაწილე იყო მწერალი რასიმ გარაჯა, რომლის MeydanTV-სთან თანამშრომლობა ლიტერატურის შესახებ სამი სტატიით ამოიწურებოდა.

პროტესტანტები სამმართველოს შენობასთან პლაკატებით მივიდნენ და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „შეჩერდეს შეჩერება!“ და „არ გვსურს საზღვრებში მყოფი რეპორტიორები ვიყოთ“ [გათამაშებულია ცნობილი ორგანიზაციის სახელწოდება „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელიც პრესის თავისუფლების დაცვით არის დაკავებული].

„თუკი ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამგვარი შეზღუდვებით თავისუფალი პრესის საქმიანობას ხელს შეუშლის, ის ცდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ სევინჯ ვაგიფგიზიმ.

მისი კოლეგა აინურ ელგიუნიაში მოჰყვა, რომ ახლახან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას აკრძალვა მოუხსნეს, მაგრამ ამას წინ მრავალრიცხოვანი შუამდგომლობა უძღოდა.

აქციის მონაწილეებმა მათ მიერ მოტანილი პლაკატები შენობის კედლებზე გააკრეს, მაგრამ პოლიციელებმა ისინი ჩამოხიეს და თან წაიღეს. ამან პოლიციელებსა და მონაწილეებს შორის შეტაკების პროვოცირება მოახდინა.

შემდეგ გამოჩნდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც მონაწილეებს რკინიგზის წარმომადგენლად გაეცნო და თქვა, რომ საჭირო იყო აქციის შეთანხმება.

საბოლოოდ პროტესტანტები საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა ელდარ მაჰუდოვმა მიიღო. მისი ნათქვამის შინაარსი ჟურნალისტმა ნატიკ ჯავადლიმ გადმოსცა:

„გვითხრეს, რომ პროცესი მიმდინარეობს. აინურ ელგიუნიაშის მიმართ დაწესებული აკრძალვა უკვე მოხსნილია, და მუშაობა ჩვენთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. ალბათ უახლოეს დღეებში პასუხს გაგვცემენ. ჩემი აზრით, ეს დამაიმედებელია. დაველოდოთ“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ