მამუკა ხაზარაძე: შს მინისტრმა მუქარის წერილი გამომიგზავნა
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, “თი-ბი-სი” ბანკის დამფუძნებელი მამამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გვახარია ემუქრებოდა.
ხაზარაძე ამბობს, რომ მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
• მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან მიდის. პირველი შეფასებები
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
• TBC ბანკი ხაზარაძის გარეშე? რას ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება?
ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ამ სხდომაზე ხაზარაძე დეპუტატებს 2008 წლის ტრანზაქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
საქართველოს ყველაზე მსხვილი ბანკის გარშემო სკანდალი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
მთავარი პროკურატურა თიბისი ბანკში 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას იძიებს, რომელშიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ და რომელიც, პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავს. როგორც პროკურატურა ამბობს, საუბარია 17 მილიონი დოლარის გათეთრებაზე.
მოგვიანებით, საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერთო, რომელმაც ბანკის აქციონერებს ხაზარაძის და ჯაფარიძის გადაყენება მოსთხოვა და ამისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
ყველა მთავარი ამ საქმეში ის არის, რომ თიბისი ბანკის საქმის უკან ოპოზიცია და ეკონომიკური ექსპერტები პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ. კერძოდ კი, ყოფილი პრემიერის და ქვეყნის არაფორმალურ მმართველის ბიძინა ივანიშვილის პირად ბრძოლას მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
თიბისის რეზონანსულ საქმეს წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე საჯარო განცხადება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ბანკირი ამბობს, გახარიასგან წერილი მან 2018 წლის ნომებერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მიიღო.
შს მინისტრმა მას გარკვეული მოთხოვნების შესრულება დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში “რეპუტაციის დანგრევით” დაემუქრა.
აი რას ამბობს ხაზარაძე:
„არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისაგან რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს, მე ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძე უარს ამბობს წერილის გასაჯაროებაზე.
„წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის განცხადებით, როგორც ნებისმიერმა კანონმორჩილმა მოქალაქემ, მან ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდა. მისი თქმით, მან ამის შესახებ პროკურატურას დაკითხვისას აცნობა, თუმცა, სამი პროკურორი, რომლებიც დაკითხვას ესწრებოდნენ, ამ საკითხით არც დაინტერესებულად:
„საოცრება არის ის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე საქმე არ აღიძრა. მოსამართლემ და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი, მაგრამ არავინ – არა თუ დაინტერესდა და არათუ საქმე აღძრა, პირიქით, 9 იანვარს გააკეთეს ის საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენ ინვესტორებს… შეგიძლიათ დაკითხვის ოქმიც ნახოთ. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს?! “ – განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტში.
ხაზარაძის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურატურა. აქ განმარტავენ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც ის დაადასტურებს თავის ბრალდებას მუქარაზე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
________
- TBC ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც თითქმის ორ მილიონ მომხმარებელს ემსახურება. იგი 1992 წელს დაარსდა. ეს არის ქვეყანაში პირველი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი საცალო დეპოზიტების სეგმენტში. შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 7 ათასი ადამიანი.