TBC ბანკი ხაზარაძის გარეშე? რას ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება?
სკანდალი თიბისი ბანკის გარშემო გრძელდება.
ამჯერად საქმეში ერთვება საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც თიბისის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის გადადგომას ითხოვს.
თიბისი ბანკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
პირველი შედეგი სახეზეა – მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, თიბისის აქციები ლონდონის ბირჟაზე 7,5 პროცენტით დაეცა.
ასეთი მასშტაბური და უპრეცედენტო გადაწვეტილება სისტემური ბანკის მიმართ, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჯერ არასოდეს გამოუტანია. რა მოხდა?
ოპოზიციას და ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ პროცესების უკან ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ყველზე გავლენიანი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი დგას.
_____________
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორთვიანი ვადა მისცა თიბისის აქციონერებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ხაზარაძის გასათავისუფლებლად.
ხაზარაძესთან ერთად პოსტი უნდა დატოვოს მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემაც.
წერილი, სადაც ეს ყველაფერი წერია, ეროვნულმა ბანკმა თიბისის 14 თებერვალს გაუგზავნა.
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს? მოკლედ და კონკრეტულად თუ რას ედავებიან თიბისის
• უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების საქმე და განხეთქილება უმრავლესობაში
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილების საფუძველია რამდენიმე თვის წინ თიბისი ბანკში ჩატარებული შემოწმება. პროკურატურის მტკიცებით, შემოწმებისას გამოვლენილია 2007-2008 წლებში კანონის დარღვევით ჩატარებული ტრანზაქცია, რომელიც, შესაძლოა, ფულის გათეთრებას უკავშირდებოდეს. ამ ტრანზაქციაში სწორედ თიბისი ბანკის ხელმძღვანელები – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ. როგორც პროკურატურა ამბობს, საუბარია 17 მილიონი დოლარის გათეთრებაზე.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ თიბისიში.
საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ეკონომიკური ექსპერტების დიდ ნაწილსაც.
რას აპირებს მამუკა ხაზარაძე?
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ამ ბანკს 27 წელია მართავს, აღნიშნულ სკანდალს პირველად გუშინ, საკუთარ ფეისბუკზე გამოეხმაურა.
მან დაწერა, რომ თიბისი ბანკის და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც უკვე 8 თვეა გრძელდება.
ხაზარაძე მიანიშნებს, რომ ბანკის წინააღმდეგ კამპანია, სავარაუდოდ, ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირდებოდა:
“დიდ ეჭვს იწვევს ის, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან”. [toggle title=”ცნობა: ანაკლიის პორტი და თიბისი ბანკი“]
მამუკა ხაზარაძის “TBC ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიცაა თიბისი ბანკი, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თანადამფუძნებელია. თავის მხრივ კონსორციუმი ანაკლიაში უზარმაზარ პროექტს ახორციელებს – საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.
ექსპერტების აზრით, დღესდღეობით ეს მთავარი პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ზოგი მას თავისი მნიშვნელობით შევარდნაძის ეპოქაში დაწყებულ ნავთობსადენს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსაც კი ადარებს.
პროექტის წარმატებით დაინტერესებულია აშშ. ამ პროექტში ბევრი კერძო ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული.
პორტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოსთვის, რადგან იგი გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში შენდება, პრეტენზია აქვს, რომ თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პორტების სერიოზული კონკურენტი გახდეს.
პროექტი საკმაოდ მსუყეა ფინანსური თვალსაზრისითაც. მთლიანობაში, ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
[/toggle]
“ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში,” – წერია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკის აღნიშნული ტრანზაქცია უკვე შეისწავლა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანიამ DENTONS-მა და აქ არათუ ფულის გათეთრება ან რაიმე კრიმინალური ქმედება, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.
როგორც თიბისის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, ბანკი აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს ეროვნული ბანკის მოთხოვნა ხაზარაძის და ჯაფარიძის გადადგომასთან დაკავშირებით.
თავის წერილში მამუკა ხაზარაძეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია.
ოპოზიციის და ექსპერტების შეფასებები
სამაგიეროდ, ივანიშვილს ახსენებენ ყველაზე ხშირად ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წევრები.
თიბისის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო ისინი პრობლემებს ხედავენ ბიზნესსექტორისთვის და ქვეყნისთვის მთლიანად.
მათ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ თიბისის წინააღმდეგ პირადად ივანიშვილი იბრძვის.
TBC ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც თითქმის ორ მილიონ მომხმარებელს ემსახურება. იგი 1992 წელს დაარსდა. ეს არის ქვეყანაში პირველი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი საცალო დეპოზიტების სეგმენტში. შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 7 ათასი ადამიანი.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ “საქართველოს აღარ ჰყავს ეროვნული ბანკი”. მისი თქმით, ეს უწყება ივანიშვილის დიქტატის ქვეშ იმყოფება და ამიტომ “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილეები უნდა გადადგნენ”.
პოლიტიკურ შეტევად საბანკო სექტორზე აფასებს არსებულ ვითარებას “ევროპული საქართველოც”.
ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ბანკზე შეტევა არ გაუკვირდა:
“ლოგიკური იყო, რომ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის შემდეგ, ივანიშვილი საბანკო სექტორს დაარტყამდა. ყველას, ვინც მის დიქტატს არ ემორჩილება, ეს ელის,” – ამბობს ჭიაბერაშვილი. [toggle title=”ვერსიები – რატომ ებრძვის ივანიშვილი თიბისის?“]
თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გამოითქვა. ერთი რამ, რაც ყველა ვერსიას აერთიანებს, ბიძინა ივანიშვილია – არავის სჯერა, რომ პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის “შეწუხება” არაფორმალური მმართველის თანხმობის გარეშე გაბედა.
– ზოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ხაზარაძეში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს და 2020 წლისთვის – საპარლამენტო არჩევნებისთვის გზას ითავისუფლებს;
– სხვების აზრით, ხაზარაძე იმის გამო ისჯება, რომ ყოფილი პრემიერის, ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტის და შემდეგ მის მიერ მოძულებული და თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი კვირიკაშვილის მეგობარია;
– გამოითქმის ვარაუდი, რომ ივანიშვილს თიბისი ბანკის ხელში ჩაგდება და მასზე კონტროლის მოპოვება უნდა;
– ხდება პარალელების გავლება 2004 წლის რუსეთთანაც, როდესაც ვლადიმირ პუტინი თავის პოტენციურ კონკურენტებს, ბიზნესმენებს და მედია-მაგნატებს – გუსინსკის, ხოდორკოვსკის და სხვებს დაერია.
_ თუმცა, მთავარი ვერსია ანაკლიის პორტს უკავშირდება. ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ თიბისი ბანკი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის – ანაკლიის პორტის მშენებლობაშია ჩართული.
[/toggle]
თიბისი ბანკს სრულ მხარდაჭერას უცხადებს “საქართველოს საბანკო ასოციაცია”, რომელიც ასევე თავის განცხადებაში მიანიშნებს თიბისიზე თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებზე.
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ასევე ანაკლიის პორტზე აკეთებს აქცენტს: “„ დიდი პრობლემაა, რომ კომპანიას, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთი პრობლემები შეიძლება შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ არ აშენდეს ანაკლიის პორტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია დღეს საქართველოში,” – ამბობს გიგაური.
მისი თქმით, ხაზარაძის ბრძოლის ტაქტიკა საჯაროობა და ღიაობა უნდა იყოს. “მნიშვნელოვანია, რომ მამუკა ხაზარაძემ ღიად ისაუბროს მიზეზებზე, რამაც ეს სიტუაცია წარმოშვა”.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ “ხდება სახელმწიფოს მიტაცება ივანიშვილის მიერ – სასამართლო, ძალოვანი სფერო, საბანკო სექტორი. ეს ყველაფერი ემსახურება არაფორმალური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას”.
ხელისუფლების პოზიცია
რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებული პირები, კონკრეტულად კი, პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს თიბისი ბანკის ხელმძღვანელობასთან წილების დათმობის შესახებ.
შს მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
იგივე განცხადებებს აკეთებენ უმრავლესობის წევრები.
დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თიბისი არ არის უმწეო ორგანიზაცია და შეუძლია დაიქირავოს ძლიერი ადვოკატები, რომლებიც ბანკის ხელმძღვანელობის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ასევე აცხადებს, რომ “დღესდღეობით მას არ აქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა”.
“აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“, – ამბობს ქობულია.