საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირება იყო ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის " />

ინაუგურაცია შედგა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს

საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში დაპირისპირება იყო ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში, ერეკლე ბატონის სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი უკვე ოფიციალურად გახდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. 

ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის გაერთიანება, პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და ევროპაში ადგილის დამკვიდრება – როგორც ზურაბიშვილი ამბობს,  ეს მისი პრეზიდენტობის უმთავრესი მიზანია.

საზეიმო ღონისძიებების პარალელურად,  მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება თელავის მისადგომებთან.

დღეს დილიდან თელავში წასვლას და იქ დიდი მიტინგის გამართვას აპირებდა გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეთაურობით. 

თუმცა, პოლიციამ ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაუკეტა და პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცა.

ოპოზიცია ზურაბიშვილის  პრეზიდენტობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან არჩევნების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა. 

მთელი დღის განმავლობაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა. არიან დაშავებულები და ნაცემები.

__________________

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღის სამ საათზე დაიწყო და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინაუგურაცია თბილისის ფარგლებს გარეთ ჩატარდა. ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტები ფიცს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დებდნენ.

ახალი პრეზიდენტი საქართველომ 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურში აირჩია. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი პროსახელისუფლებო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდა, რომელმაც ხმათა 59,52% დააგროვა. მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 40,48% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული, მაგრამ არასამართლიანი. ოპოზიცია, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მეთაურობით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყო 1800 სტუმარი. მათ შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, კულტურის მუშაკები და სხვა ცნობილი სახეები.

ჟურნალისტებისთვის ღონისძიება დახურული იყო. მათ სამუშაოდ სპეციალურად გამოყოფილი სივრცე გამოუყვეს – ინაუგურაციის პროცესს ისინი იქვე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.

•  ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?

• საქართველოს ახალი პრეზიდენტი უფრო ღარიბი იქნება. ინაუგურაციასა და ახალ რეზიდენციასთან დაკავშირებული დეტალები

საინტერესოა, რომ ინაუგურაციას არ დასწრებია ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, რომელსაც ამჟამად მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა. სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პირადი არჩევანი იყო, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი.

ახალ პრეზიდენტს საქართველოს დროშის ფერი კოსტიუმი ეცვა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლეს სასახლეში. 16 ოქტომბერი, 2018 წელი.  
ფოტო: REUTERS/ ირაკლი გედენიძე

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. REUTERS/ ირაკლი გედენიძე

 

ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა 15 წუთს გაგრძელდა. მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პრიორიტეტი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია. საინაუგურაციო სიტყვაში მან აფხაზებს და ოსებსაც მიმართა.  მან ასევე თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკურად პოლარიზებული ქართული საზოგადოება გააერთიანოს. 

ფოტო: REUTERS/ ირაკლი გედენიძე

 

REUTERS/ ირაკლი გედენიძე

 

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. REUTERS/ ირაკლი გედენიძე

 

 

ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვიდა.  REUTERS/ ირაკლი გედენიძე

 

Screen Shot 2018-12-16 at 15.23.51

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ის ესწრებოდა ინაუგურაციას. 16 დეკემბერი მისი პრეზიდენტობის ბოლო დღე იყო. REUTERS/ ირაკლი გედენიძე

 

მას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც  ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ძველი პრეზიდენტი მონაწილეობდა.

ნახეთ JAMnews-ის კოლაჟი, რომელიც საქართველოს წინა ოთხი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეებს გაგახსენებთ:

1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა პროფესიით ფილოლოგი და ანტისაბჭოთა დისიდენტი ზვიად გამსახურია. ერთი წლის შემდეგ, 1992 წელს საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგადაც გამსახურდია დაამხეს და ქვეყნიდან გააძევეს. ფოტო: არქივი

საქართველოს მეორე პრეზიდენტი 1995 წელს სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე გახდა.  ის ქვეყანას 11 წელი მართავდა და იძულებული გახდა გადამდგარიყო 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. ამ ფოტოზე მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაციაა. ის მეორე ვადით აირჩიეს. 2000 წელი, 30 აპრილი. REUTERS

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია. შევარდნაძე მეორე ვადით აირჩიეს, მან არჩევნებში ხმების 79.04 % მიიღო. ეს იყო რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდგომ. ფოტო: 2000 წელი, 30 აპრილი.  REUTERS

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2003 წელს  მიხეილ სააკაშვილი გახდა.  სააკაშვილის ინაუგურაცია 2004 წლის 25 იანვარს, "ვარდების  რევოლუციიდან" ორი თვის თავზე ჩატარდა. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილმა ხმების 96.24% მიიღო.  

ვიდრე 25 იანვარს პარლამენტის შენობასთან ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება ჩატარდებოდა, წინა დღით  სააკაშვილი გელათში ჩავიდა და სასულიერო ფიცი დადო: „ყველა საქმე გვერდზე უნდა გადავდოთ, გავერთიანდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. ჩვენი ერი უკეთეს მომავალს იმსახურებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.  ფოტო: გაზეთი "24 საათი" 

Screen Shot 2018-12-16 at 15.23.51
ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია, 2004 წელი 25 იანვარი

2004 წლის 25 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დაესწრო. თბილისიდან პაუელი მოსკოვში გაემგზავრა. წასვლის წინ მან თქვა, რომ კრიმლში მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ მოსკოვმა გაიყვანოს საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები. 
ფოტო: REUTERS/ სერგეი კარპუხინი

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია 2008 წლის  20 იანვარს. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 იანვარს სააკაშვილმა გაცილებით ნაკლები ხმა - 53.47% მიიღო. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საპრზიდენტო არჩევნების ისტორიაში. ფოტო: მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. REUTERS/დავით მძინარიშვილი

 

სააკაშვილი პირველი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების გზით შეიცვალა. თუმცა, ხელისუფლების ეს გადაცემაც არ ყოფილა კონსტრუქციული და მეგობრული. სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წელს დატოვა, ისე რომ არ დასწრებია მეოთხე პრეზიდნტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას. მის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში  დაკავება ემუქრება. ფოტო: სააკაშვილი სიტყვით მიმართავს პარლამენტის წინ შეკრებილებს თავის ინაუგურაციაზე.  REUTERS/დავით მძინარიშვილი

ფოტო: ასე გამოიყურებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სააკაშვილის ინაუგურაციაზე 2008 წელს.  ინაუგურაციაზე ყველა მსურველს შეეძლო დასწრება. REUTERS/დავით მძინარიშვილი

ინაუგურაციის პარალელურად, იმავე დღის ოპოზიციამ იპოდრომზე ფართომასშტაბიანი მიტინგი გამართა. ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა და სინამდვილეში ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა. აქციაზე სააკაშვილს "დე ფაქტო"  და "ყალბ" პრეიდენტად მოიხსენიებდნენ.  სხვათაშორის, ამ აქციაში საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა. REUTERS/ სერგო ბელოუსოვი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი 2013 წელს გიორგი მარგველაშვილი გახდა. პროფესიით ფილოსოფოსი მარგველაშვილი, რომელსაც მწირი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, საპრეზიდენტო კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა. თუმცა, ივანიშვილის და მარგველაშვილის ურთიერთობა ინაუგურაციისთანავე გაფუჭდა. მარგველაშვილმა ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ თავის სამუშაო რეზიდენციად სააკაშვილის მიერ აშენებული ავლაბრის სასახლე აირჩია, რითაც საბოლოოდ გაანაწყენა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ოლიგარქი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მარგველაშვილი მისი მთავარი იმედგაცრუებაა. ფოტო: გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია. თბილისი, პარლამენტის შენობა.  17 ნოემბერი, 2013 წელი.  REUTERS/დავით მძინარიშვილი

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი მეორე ვადით კენჭისყრაზე. ფოტო: პარლამენტის ეზო გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დროს. თბილისი,  17 ნოემბერი, 2013 წელი.  REUTERS/დავით მძინარიშვილი

ფოტო: გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია. თბილისი,  17 ნოემბერი, 2013 წელი.  REUTERS/დავით მძინარიშვილი

ზურაბიშვილმა ღვთისა და ერის წინაშე საპრეზიდენტო ფიცი დადო ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც სწორედ დღეს, მისი ინაუგურაციისთანავე შევიდა ძალაში. შემდეგ გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომელის ფონზე ქვემეხებიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

ზურაბიშვილის საინაუგურაციო სიტყვა 15 წუთს გაგრძელდა. მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პრიორიტეტი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია. საინაუგურაციო სიტყვაში მან აფხაზებს და ოსებსაც მიმართა.  მან ასევე თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიტიკურად პოლარიზებული ქართული საზოგადოება გააერთიანოს. 

“მე ემიგრანტების შთამომავალი”

ასე დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა თავისი საინაუგურაციო სიტყვა:

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე. რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები”. 

პოლიტიკურ დაპირისპირებაზე

ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ “წლები დაკარგა პოლიტიკურ დაპირისპირებაში”.

ის პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ დაპირისპირების დასრულება იქნება.

“მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი” – თქვა მან.

მისი თქმით, მან სპეციალურად აირჩია ინაუგურაციისთვის თელავი – ქალაქი, სადაც მან არჩევნები წააგო.

“პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გაწეული მხარდაჭერისთვის:

“მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა. დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა”. 

მთავარი მიზანი – ევროპა

ზურაბიშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანია, საქართველოს ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი.

“ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება – საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში,” – აღნიშნა საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა. 

წინამორბედ პრეზიდენტებზე

ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში  წინამორბედი პრეზიდენტებიც მოიხსენია და თქვა, რომ  დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.

„უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისგენ, გამყარდა სტაბილურობა,” – თქვა ზურაბშვილმა. 

ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის დაიცავს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი და იზრუნებს  სამოქალაქო საზოგადოებისა გაძლიერებასა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე.

„ვიცი, სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემს პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

რუსეთი ოკუპანტია

საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში:

„არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“

მიმართვა აფხაზებს და ოსებს

მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! – თქვა ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვის დასაწყისში.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება:

“უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს! უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზებიდან მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება!”

უცხოელი სტუმრები

უცხოური დელეგაციები, რომლებიც ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა.

ინაუგურაციას მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი – სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ასევე ერთი ქვეყნის – საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ესწრებოდნენ.

სხვა ქვეყნების დელეგაციები ბევრად უფრო დაბალი რანგის სტუმრებით იყვნენ წარმოდგენილი. მაგალითად, აშშ-იდან USAID-ის წარმომადგენელი ჩამოვიდა.

მაღალი რანგის სტუმრები არ ჩამოვიდნენ არც მეზობლები ქვეყნებიდან და არც რეგიონიდან: თურქეთის რესპუბლიკას ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენდა, აზერბაიჯანს რესპუბლიკის სპიკერი, უკრაინას და ყირგიზეთს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ბელორუსს ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთს კი ვაჭრობისა მინისტრი.

ბალტიისპირეთის ქვეყნებს და აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენდნენ სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, სუამის გენერალური მდივანი,  ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

სტუმრებს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო.


ასევე წაიკითხეთ