ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს
საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს
უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 362%-ით მეტია.
საქართველოს არსებულ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვიზიტორსა და ტურისტს შორის განსხვავება, რომელთაც ორივეს მოგზაურის ცნება უდევს საფუძვლად.
● მოგზაური არის პირი, რომელიც მოგზაურობს ნებაყოფლობით და გადაადგილდება როგორც ერთი ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ.
უფრო კონკრეტულად: ეს არის ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მგზავრობს მისი საკუთარი ქვეყნიდან და მისი მთავარი მიზანი არის მოგზაურობა, რომელიც შეიძლება განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ან ფეხით;
● ვიზიტორი არის მოგზაური, რომელიც მოგზაურობს მკვიდრი ან ჩვეული გარემოდან სხვა ადგილზე არაუმეტეს თორმეტი თვისა და რომლის ვიზიტის მიზანი არ არის დანიშნულების ქვეყანაში დასაქმება და დამკვიდრება (რეზიდენტობა);
● ტურისტი არის ნებისმიერი კატეგორიის ვიზიტორი, რომელიც დანიშნულების ადგილას რჩება ერთი ან მეტი დღით.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ქვეყანაში მდგომარეობა შემდეგია:
- რუსეთი – 108 247 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 362.1%);
- თურქეთი – 101 940 ვიზიტორი (ზრდა 212.9%);
- სომხეთი – 71 785 ვიზიტორი (ზრდა 272.1%);
- საქართველო (არარეზიდენტი) – 25 932 ვიზიტორი (ზრდა 71.6%);
- ისრაელი – 15 386 ვიზიტორი (ზრდა 27.9%);
- უკრაინა – 13 631 ვიზიტორი (ზრდა 56.7%);
- აზერბაიჯანი – 12 419 ვიზიტორი (ზრდა 54%);
- ბელარუსი – 6 675 ვიზიტორი (ზრდა 142.9%);
- ირანი – 6 508 ვიზიტორი (ზრდა 121%);
- ყაზახეთი – 6 253 ვიზიტორი (ზრდა 21.5%).
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოში უძრავი ქონების ფასები 10.7 პროცენტით გაიზარდა
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.
ჟურნალ “ბათუმელების” ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა და 37.9 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ასევე, საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული.