Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვა: ბანკმა ტრამპის ბაქოს კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები „აზერბაიჯანულ ლანდრომატს“ დაუკავშირა
ტრამპის კომპანიები აზერბაიჯანში
გერმანიის უმსხვილესი – Deutsche Bank-იდან გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, 2014-2020 წლებში, ბანკმა ბაქოში დონალდ ტრამპის სასტუმროს პროექტთან დაკავშირებული ორი კომპანიის ანგარიშებზე არაერთი გადარიცხვა მიიჩნია საეჭვოდ. თანხების ნაწილი იმ კომპანიებისგან მოდიოდა, რომლებიც ფულის გათეთრების სქემასთან, ე.წ. „აზერბაიჯანულ ლანდრომატთან“ იყვნენ დაკავშირებული.
ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში Inside Deutsche Bank, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. გამოძიებაში 50-ზე მეტი მედიასაშუალების 200-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა. აზერბაიჯანის შესახებ მასალა გამოაქვეყნა რუსულენოვანმა გამოცემამ – „Важные истории” (iStories).
ჟურნალისტებმა ბანკის 15 მილიონზე მეტ შიდა ფაილზე მიიღეს წვდომა. მათ შორის, ელექტრონულ მიმოწერაზე, კლიენტების დოკუმენტებსა და რისკების შეფასების მასალებზე. ფაილები ჟურნალისტებს ინდოეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან ორმა ინფორმატორმა გადასცა.
ტრამპის ბაქოში დაუმთავრებელი ცათამბჯენის შესახებ მანამდეც არაერთხელ დაწერილა. თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში სხვა საკითხი მოექცა:
საიდან ირიცხებოდა თანხები, რომლებსაც ბანკი საეჭვოდ მიიჩნევდა და რას გვიჩვენებს ეს ინფორმაცია ფულის გათეთრების სქემაზე, რომელიც „აზერბაიჯანული ლანდრომატის“ სახელითაა ცნობილი?
დაუმთავრებელი ცათამბჯენი ბაქოში

საქმე ეხება ბაქოში მდებარე 33-სართულიან კომპლექსს Trump International Hotel & Tower, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დაიწყო. თუმცა შენობა ექსპლუატაციაში არასოდეს შესულა.
ტრამპის პარტნიორები პროექტში აზერბაიჯანის იმდროინდელი ტრანსპორტის მინისტრის, ზია მამედოვის ნათესავები იყვნენ. როგორც „Важные истории“ აღნიშნავს, სახელმწიფო კონტრაქტების წყალობით ამ ოჯახმა მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა.
ტრამპის კომპანია პროექტიდან 2016 წლის ბოლოს გავიდა. მისი ფინანსური დეკლარაციის თანახმად, პროექტის მართვისთვის ტრამპმა 2015 წელს დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი, 2016 წელს კი 300 ათას დოლარზე ოდნავ მეტი მიიღო.
2017 წელს Trump Organization-მა ჟურნალ The New Yorker-ს განუცხადა, რომ ტრამპი პროექტში „პასიურ როლს“ ასრულებდა და მხოლოდ საკუთარი სახელის გამოყენების უფლება გასცა.
პროექტს ორი ამერიკული კომპანია მართავდა: DT Marks Baku და THC Baku Services. სწორედ ამ კომპანიების საბანკო ანგარიშებს ეხება ჟურნალისტების მიერ გაჟონვის შედეგად მოპოვებული დოკუმენტები.
რა ოპერაციები მიიჩნია ბანკმა საეჭვოდ?
როგორც „Важные истории“ წერს, Deutsche Bank-მა DT Marks Baku-ს ანგარიშზე ჩარიცხული გადარიცხვა პირველად 2014 წლის აგვისტოში მიიჩნია საეჭვოდ.
თანხა Danske Bank-ის ესტონეთის ფილიალის უცნობი კლიენტისგან იყო ჩარიცხული. ბანკმა ვერ დაადგინა ვერც გადარიცხვის მიზანი და ვერც ის, რა ურთიერთობა არსებობდა თანხის გამგზავნსა და მიმღებს შორის.
2015 წლის აპრილში THC Baku Services-მა ბრიტანეთში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანია Faberlex-ისგან 141 ათას დოლარზე ოდნავ მეტი მიიღო. ეს კომპანია ფულის გათეთრების სქემის, ე.წ. „აზერბაიჯანული ლანდრომატის“ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო.
მომდევნო წლებშიც ბანკი საეჭვო გადარიცხვებს აფიქსირებდა. როგორც ნიდერლანდური საგამოძიებო პლატფორმა Follow the Money იტყობინება, შიდა ანალიზისას Deutsche Bank-მა ეს თანხები დაუკავშირა როგორც „აზერბაიჯანულ ლანდრომატს“, ისე ფულის გათეთრების რუსულ ქსელს, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებთან იყო დაკავშირებული.
ბანკის 2020 წლის მაისის შიდა დოკუმენტის თანახმად, ბაქოში ტრამპის კომპანიების ანგარიშებზე განხორციელებული საეჭვო ოპერაციების საერთო მოცულობამ 3 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რა იყო „აზერბაიჯანული ლანდრომატი“?
„აზერბაიჯანული ლანდრომატი“ ფულის გათეთრების სქემაა, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტურმა ქსელმა OCCRP-მ, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიებაზე სპეციალიზებულმა ორგანიზაციამ, 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ გამოძიებაში გამოავლინა.
გამოძიების თანახმად, 2012-2014 წლებში დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების მეშვეობით დაახლოებით 2,9 მილიარდი დოლარი გადაირიცხა. თანხები ძირითადად Danske Bank-ის ესტონეთის ფილიალის გავლით მოძრაობდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ თანხების ნაწილი ევროპელ პოლიტიკოსებს გადაეცემოდათ, ნაწილი კი ფუფუნების საგნებსა და ელიტის წარმომადგენელთა სხვა საჭიროებებს ხმარდებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მაშინ გამოძიების დასკვნები უარყო. პრეზიდენტის პრესმდივანმა, აზერ გასიმოვმა, მას „აბსურდული და მიკერძოებული“ უწოდა. OCCRP-ის ვებგვერდი აზერბაიჯანში დაიბლოკა.
მომდევნო წლებში ევროპის სასამართლოებმა ამ სქემასთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენიმე განაჩენი გამოიტანეს.
2021 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ წევრს, იტალიელ პოლიტიკოს ლუკა ვოლონტეს, აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებისგან ქრთამის მიღებისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც „Важные истории“ წერს, თანხა მას კომპანია Faberlex-ის მეშვეობით ერიცხებოდა.
გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილ დეპუტატებს, ედუარდ ლინტნერსა და აქსელ ფიშერსაც აზერბაიჯანის ინტერესების ლობირებასთან დაკავშირებული ქრთამის აღებისთვის პირობითი სასჯელები შეეფარდათ.
დოკუმენტების თანახმად, Faberlex და სქემაში მონაწილე კიდევ ორი კომპანია – Hilux Services და Polux Management – ფორმალურად ბაქოელ მძღოლს, მაჰარამ აჰმედოვს ეკუთვნოდა.
რა ხდება ახლა?
დოკუმენტების გაჟონვა ტრამპსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დაახლოების ფონზე მოხდა. 2025 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთანდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
Deutsche Bank-ში განაცხადეს, რომ კანონი საეჭვო ოპერაციების შესახებ ანგარიშების ინფორმაციის გამჟღავნებას კრძალავს. ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხად ბანკმა აღნიშნა, რომ საქმე „მრავალი წლის წინანდელ მოვლენებს“ ეხება და ხაზი გაუსვა, რომ „დღეს ჩვენ უკვე სხვა ბანკი ვართ“.
Trump Organization-ს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია, თეთრმა სახლმა კი ისინი ამ კომპანიასთან გადაამისამართა. Danske Bank-ში განაცხადეს, რომ ფულის გათეთრება „არასოდეს უნდა მომხდარიყო“ და შეახსენეს, რომ დანიისა და აშშ-ის ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, საქმე 2022 წელს დაიხურა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას ახალ დოკუმენტებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ტრამპის კომპანიები აზერბაიჯანში