მარტიდან მოყოლებული რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა შეიძინეს
მარტიდან მოყოლებული რუსეთის მოქალაქეებმა
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა და 37.9 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ასევე, საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი “ბათუმელები” ავრცელებს.
როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია რუსეთის მოქალაქეების პასპორტის მონაცემების მიხედვით.
რუსეთის მოქალაქეების მონაცემები/რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ასე გამოიყურება:
- იურიდიული პირი – 711;
- ინდ.მეწარმე – 9 789;
- ბინის შემძენი მოქალაქე – 2 585;
- მიწის შემძენი მოქალაქე – 252;
- შეძენილი ბინების ფართობი – 189 084 კვ.მ.;
- შეძენილი მიწის ფართობი – 37.9 ჰა.
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511 პროცენტით მეტი პირი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არაა მითითებული, თუ რამდენმა დატოვა საქართველო.
რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გახდა, როდესაც ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. „დაკეტე საზღვარი” – ასე ერქვა ერთ-ერთ ბოლო აქციას, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. მმართველი გუნდის თავმჯდომარე “ირაციონალურს” უწოდებს ამ ნაბიჯს.