Wizzair-მა 18 დეკემბრამდე ქუთაისიდან ფრენები გააუქმა
კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის აეროპორტიდან დეკემბრის მეორე ნახევრამდე ყველა ფრენა გააუქმა – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აცხადებს.
● ამირან გამყრელიძე: ვირუსი უკან არ იხევს, გავიჭირვოთ კიდევ ერთი წელი
რომელი ფრენები გადაიდო
● 18 დეკემბრამდე დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი;
● 19 დეკემბრამდე რიგა-ქუთაისი-რიგა;
● 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი.
“რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტვუას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება” – წერია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
ამავე შეზღუდვების გამო, 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მაც, თუმცა ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.
შეიცვალა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგიც: ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით: თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები.
“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს” – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საქართველოს ხელისუფლება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ფრენის უფლებას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა.
ხელისუფლება ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.
● Wizzairs-ს და Ryanair-ს საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის უფლებას არ აძლევს