Wizzairs-ს და Ryanair-ს საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის უფლებას არ აძლევს
დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს Wizzairs-ს და Ryanair-ს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის უფლებას არ აძლევს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით, ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.
თუმცა, აგვისტოდან ფრენების განახლების უფლება მიიღეს ისეთმა მსხვილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Air France და Lufthansa. ამ კომპანიების რეისებზე ორმხრივი ბილეთების ფასი 500 ევროდან იწყება.
საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების დიდი ნაწილი და საქართველოში, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიები კი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების იაფი ფრენების აღდგენას ელოდება.
ოფიციალური ინფორმაციით, Wizzairs-ი და Ryanair-ი მზად არიან, რომ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენები 10 მიმართულებით აღადგინონ – საუბარია ევროკავშირის იმ 5 ქვეყანაზე ( გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ), რომლებთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა, თუმცა მათ საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენაზე უარი უთხრა.
“Wizzairs-ი და Ryanair-ი ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, რადგან ეს წამგებიანი იქნება მათთვის. ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად და ის ქვეყნებიც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს,“ – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დასძენს, რომ ახლა “მთავარია, ძირითადი მონაპოვარი – ჯანმრთელობა დავიცვათ.“
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
- PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
- საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს მთავრობა 2 ალტერნატივას სთავაზობს: 2-კვირიანი კარანტინი ან PCR-ტესტირება
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვარი 8 ივლისს გახსნა. ამ 5 ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. აგვისტოდან რეგულარული ფრენების შესრულების უფლება მხოლოდ ორმა კომპანიამ მიიღო.
Lufthansa თბილისი მიუნხენი-თბილისის მიმართულებით 2 აგვისტოდან კვირაში 2 რეისს შეასრულებს.
რეგულარულ ფრენებს 8 აგვისტოდან განაახლებს საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია – Air France. Air France პარიზი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით იფრენს.
რიგის მიმართულებით კვირაში ერთ რეისს კი Air Baltic შეასრულებს.