"ვაშენებთ მომავალს“: ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი ერევანში
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი 4 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმართება დევიზით “მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“. ღონისძიებას თითქმის 50 დელეგაცია ესწრება, მათ შორის დაახლოებით 500 წარმომადგენელი მონაწილე ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – ნატოდან, ეუთოდან, ევროპის საბჭოდან და ევროპარლამენტიდან. სამიტში მონაწილეობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც 4-5 მაისს სომხეთში პირველ სახელმწიფო ვიზიტსაც ახორციელებს.
ერევანში იმყოფებიან ასევე რეგიონული ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამიტს ვიდეოკავშირის საშუალებით შეუერთდა.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოება 2022 წელს შეიქმნა და აერთიანებს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს პოლიტიკური დიალოგისა და კოორდინაციისთვის. პირველი სამიტი პრაღაში გაიმართა, ხოლო შემდგომი შეხვედრები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა.
სამიტის პარალელურად, ერევანში გაიმართა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები ითხოვდნენ ყურადღების გამახვილებას აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს დაკარგულ პირებზე, ბაქოში დაკავებული 19 სომეხი პატიმრის დაბრუნებასა და ყარაბაღელი სომხების დაბრუნების საკითხზე.
სამიტის გახსნაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარებულია და ორი ქვეყანა თანამშრომლობს მის განმტკიცებასა და ინსტიტუციონალიზაციაზე. მან აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუნდაც დისტანციურად, და გამოთქვა იმედი, რომ 2028 წელს თავად შეძლებს აზერბაიჯანში გამგზავრებას ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად.
- ერევანი მასპინძლობს ევროპის პოლიტიკური სამიტის მონაწილეებს. ვიდეო და ფოტო
- რას ფიქრობენ სომხები აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე? გამოკითხვა ერევნის ქუჩებში/ VIDEO
ილჰამ ალიევის განცხადებით, მიუხედავად პროცესის ჩაშლის მცდელობებისა, აზერბაიჯანი ერთგულია მშვიდობიანი დღის წესრიგის.
პანელური დისკუსიის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა შეაქო ფაშინიანის მიერ გატარებული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ წარსულში ბევრი ქვეყანა სომხეთს რუსეთის სატელიტად მიიჩნევდა, თუმცა “ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანამ საკუთარი კურსი შეცვალა და ამის გამო მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
სამიტის დღის წესრიგი მოიცავს დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე რეგიონული გამოწვევების მართვას. ორგანიზატორების განცხადებით, დისკუსიები მიზნად ისახავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზით უსაფრთხო და ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, თავდაცვა, უსაფრთხოება და მიწოდების ჯაჭვების საიმედოობა. ასევე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მხარდაჭერაზე და სომხეთისა და მოლდოვის სუვერენიტეტის დაცვაზე.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ სამიტის ერევანში ჩატარება ხაზს უსვამს კავკასიის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კი ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, როგორც დემოკრატიისთვის რეალურ გამოწვევაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ერევნის სამიტი “ისტორიულად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ის პირველად ტარდება სამხრეთ კავკასიაში, შესაძლებელი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლის შედეგად და მასში პირველად მონაწილეობს არაევროპელი პარტნიორი – კანადის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, სამიტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ საერთო ხედვის ჩამოყალიბებას, არამედ მისი პრაქტიკაში განხორციელებას ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დემოკრატიული მდგრადობის მიმართულებით.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჯერად სამიტზე ერთობლივი განცხადების მიღება არ იგეგმება, რათა მეტი დრო დაეთმოს ღია და პირდაპირ დიალოგს.
ფაშინიანმა ასევე გაიხსენა, რომ 2022 წელს პრაღის სამიტზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას. მისი თქმით, ამ პროცესმა საბოლოო სახე გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონში მიიღო.
პრემიერის განცხადებით, ქვეყნები ახლა მუშაობენ ახალი სატრანსპორტო მარშრუტების პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში კომუნიკაციების აღდგენას და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მათ შორის ტრანზიტის შეზღუდვების მოხსნა სომხეთის მიმართულებით. მისი თქმით, ეს ქმნის საფუძველს ახალი ეკონომიკური კავშირებისთვის და რეგიონული პროექტებისთვის.
ამასთან, ალიევმა გააკრიტიკა ევროპული ინსტიტუტები ორმაგ სტანდარტებში და გაიხსენა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ამ კრიტიკას უპასუხა, რომ რეზოლუციები დემოკრატიული პროცედურებით მიიღება და მათი შეცვლა არ ხდება პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება და აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის შენარჩუნება. მისი თქმით, რუსეთს უნდა დაუდგეს არჩევანი – გააგრძელოს ომი თუ გადავიდეს დიპლომატიაზე.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა სანქციების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სამხედრო ინდუსტრიისა და საბანკო სექტორის მიმართულებით, და აღნიშნა, რომ ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების აქტიური მონაწილე.
მისივე განცხადებით, აუცილებელია ერთიანი ევროპული პოზიციის ჩამოყალიბება და მჭიდრო კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიღწეული იქნას მდგრადი მშვიდობა.
“ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რას გავაკეთებთ, თუ რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს. ჩვენ გვჭირდება მუდმივი ზეწოლა და მშვიდობა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მოქმედი დიპლომატიური ფორმატი. ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების დროს უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან და გავიგოთ მისი პოზიცია. თუმცა, კარგი იქნებოდა, რუსეთთან ჩვენს მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებში ერთიანი ევროპული ხმა ჩამოყალიბებულიყო.“ – მიაჩნია ზელენსკის.