ერევანი მასპინძლობს ევროპის პოლიტიკური სამიტის მონაწილეებს. ვიდეო და ფოტო
სომხეთი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამიტის წინა დღეს: სტუმრები ჩამოდიან
ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში თვითმფრინავები თითქმის უწყვეტად ეშვება, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. სომხეთის დედაქალაქი მასპინძლობს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტს, რომელიც 4 მაისს დაიწყება და დაახლოებით 50 მაღალი დონის დელეგაცია შეიკრიბება, მათ შორის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.
ფორმატი, რომელიც ევროპას აერთიანებს
ევროპის პოლიტიკური საზოგადოება 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია პოლიტიკური კოორდინაციის გაძლიერება და დიალოგის ხელშეწყობა როგორც ევროკავშირის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს შორის. პლატფორმა დღეს უკვე ათობით სახელმწიფოს აერთიანებს და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთო სივრცედ ჩამოყალიბდა.
ლიდერები ერევანში: პოლიტიკური სიმბოლიზმი და დაძაბულობა
სამიტის დაწყებამდე ერევანში უკვე ჩავიდა არაერთი მსოფლიო ლიდერი. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის ვიზიტიც ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო. სომხეთის პრორუსულმა ოპოზიციამ ხელისუფლება გააფრთხილა შესაძლო “უარყოფით შედეგებზე“, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ მოწვევები ყველა წევრ სახელმწიფოს გაეგზავნა და ზელენსკის მონაწილეობასაც ელოდა.
ქალაქში ასევე იმყოფებიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი – ეს უკანასკნელი პირველი არაევროპელი ლიდერია, რომელიც ფორმატს სტუმრის სტატუსით უერთდება. ერევანში ჩავიდნენ ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

ევროკავშირის სრული დელეგაცია ადგილზე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები უკვე ერევანში არიან. დელეგაციაში შედიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი. მათი ყოფნა ხაზს უსვამს სამიტის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირისთვის, ისე ფართო ევროპული პოლიტიკური სივრცისთვის.
დიპლომატიური შეხვედრები და შეთანხმებები
სამიტის პარალელურად სომხეთის მთავრობაში აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს. ნიკოლ ფაშინიანი უკვე შეხვდა რამდენიმე ლიდერს, მათ შორის კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის და ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს. განხილვის მთავარი თემებია რეგიონული უსაფრთხოება, კომუნიკაციების გახსნა და ინსტიტუციური განვითარების პროგრამები.
ამავე დროს გაფორმდა ორმხრივი შეთანხმებებიც: სომხეთმა და ბულგარეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.




მაკრონის ვიზიტი — სამიტს მიღმა
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი მხოლოდ სამიტით არ შემოიფარგლება და სახელმწიფო ვიზიტის ფორმატს იღებს. მოსალოდნელია, რომ პარიზი და ერევანი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ და ეს ნაბიჯი უკვე არსებული მჭიდრო ურთიერთობების ოფიციალურ გაფორმებად განიხილება. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გიუმრისაც ეწვევა და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრება.

რა დგას დღის წესრიგში
სამიტის მთავარი თემებია დემოკრატიული მდგრადობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება ცვალებად უსაფრთხოების გარემოში. ლიდერები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება უფრო მჭიდრო თანამშრომლობამ და კოორდინირებულმა მოქმედებამ ხელი შეუწყოს უფრო სტაბილური და ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას.
ფაშინიანის თქმით, განხილვები მოიცავს “კრიტიკულ თემებს“ – ჰიბრიდული საფრთხეებიდან დაწყებული, ენერგეტიკითა და კავშირგაბმულობით დასრულებული. მისი განცხადებით, სომხეთისთვის სამიტის მასპინძლობა არა მხოლოდ დიპლომატიური მიღწევაა, არამედ შესაძლებლობაც, აქტიურად ჩაერთოს ევროპის მომავლის ფორმირებაში.
დიპლომატიის მიღმა — ქალაქი და სიმბოლოები
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, უცხოელი დელეგაციები ერევანსაც ეცნობიან. რამდენიმე მათგანმა უკვე მოინახულა ციცერნაკაბერდის მემორიალი და სომეხთა გენოციდის მუზეუმი. ზოგი ლიდერი ქალაქის ცენტრში სეირნობისასაც შენიშნეს.

- სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია განთავსდება — რა არის ცნობილი
- მოსაზრება: ფაშინიანი მართალია, სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა გართულდება, თუ საქართველო დარჩება არსებულ მდგომარეობაში