დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში სამი ქართული კომპანია შეიყვანა. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ზომები მიიღეს სამი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ “რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს” და ცდილობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სანქციები დაუწესდა საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებს: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს.
სანქციების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ სამივე კომპანიას ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა ფინანსური აქტივი გაეყინება. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სრულად ეკრძალებათ მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური, ბიზნეს ან ფინანსური თანამშრომლობა.
ლონდონის განცხადებით, ახალი სანქციები მიზნად ისახავს იმ კრიპტო და ფინანსური ქსელების შეზღუდვას, რომლებიც რუსეთს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ბრიტანეთის მთავრობამ საერთო ჯამში 18 ახალი სანქცია დააწესა. სანქციები შეეხო კომპანიებს რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.
“თუ კრემლი ფიქრობს, რომ ჩვენი სანქციებისგან თავის დაღწევას კრიპტო ქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების უკან დამალვით შეძლებს, ძალიან ცდება. დიდი ბრიტანეთი ადაპტირდება და აძლიერებს მიდგომას მიზანში ამოიღოს ცვალებადი ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებს შეზღუდვების გვერდის ავლისთვის.
დარტყმები მიგვაქვს ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მისი სამხედრო ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, იმ დროს, როდესაც უკრაინა აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე ბრძოლის ველზე. ჩვენ ვააშკარავებთ და ვკეტავთ ფინანსურ არხებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის სამხედრო მანქანას. არ ექნება თავშესაფარი არავის, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას.” – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი.
რა ვიცით სანქცირებულ კომპანიებზე
Rapira Group ყველაზე ხშირად ფიგურირებს საერთაშორისო ანალიტიკურ ანგარიშებში. ბლოკჩეინის ანალიტიკური კომპანია Elliptic ამტკიცებს, რომ Rapira საქართველოში იყო რეგისტრირებული, თუმცა ოფისი მოსკოვშიც ჰქონდა და რუსულ კრიპტობაზართან აქტიურად თანამშრომლობდა.
ანგარიშების მიხედვით, Rapira მონაწილეობდა რუბლის კრიპტოვალუტაში გადაყვანის სერვისებში, რაც რუსულ კომპანიებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვები აერიდებინათ.
Elliptic-ის მონაცემებით, Rapira-ს 72 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის პირდაპირი ტრანზაქციები ჰქონდა დაკავშირებული Grinex-თან – პლატფორმასთან, რომელსაც დასავლური უწყებები ადრე უკვე სანქციების გვერდის ავლის სქემებთან აკავშირებდნენ.
საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთის სამართალდამცავებმა 2025 წლის ბოლოს Rapira-ს მოსკოვის ოფისშიც ჩაატარეს ჩხრეკა, საქმე კი სავარაუდო კაპიტალის გადინებას უკავშირდებოდა.
კომპანია რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში, მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი.
Aifory LLC, რომელიც ასევე საქართველოშია რეგისტრირებული, საერთაშორისო ანგარიშებში Aifory Pro-ს სახელით ფიგურირებს. კომპანია, გავრცელებული ინფორმაციით, ოპერირებდა მოსკოვში, დუბაისა და თურქეთში.
Elliptic-ისა და სხვა ანალიტიკური პლატფორმების მიხედვით, Aifory მომხმარებლებს სთავაზობდა ნაღდი ფულის კრიპტოვალუტაში გადაყვანას, ასევე USDT-ზე მიბმულ ვირტუალურ ბარათებს, რომლითაც შესაძლებელი იყო დასავლური ონლაინსერვისებით სარგებლობა, რომლებიც რუსეთში შეზღუდული იყო.
ანგარიშებში ასევე ნათქვამია, რომ პლატფორმა რუსეთისა და სხვა ქვეყნების შორის გადახდების შუამავლურ სერვისებშიც მონაწილეობდა და გარკვეულ ტრანზაქციებს ირანულ კრიპტობირჟებთანაც აკავშირებდნენ.
კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის მიხაელ გევორქიანი.
Arvix LLC-ის შესახებ საჯარო ინფორმაცია შედარებით მწირია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის დოკუმენტში კომპანია მოხსენიებულია იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც რუსულ ფინანსურ სექტორს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.
სხვა სანქცირებულ პლატფორმებთან შედარებით, Arvix-ზე ღია წყაროებში გაცილებით ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებით, ის იმავე ქსელის ნაწილი იყო, რომელიც კრიპტოვალუტების გამოყენებით რუსეთისთვის ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქებას ცდილობდა.
კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის თამაზ გარაევი.