სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია განთავსდება — რა არის ცნობილი
ევროკავშირის ახალი მისია სომხეთში
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში თავის სამოქალაქო ჩართულობას კიდევ უფრო აძლიერებს – სომხეთში ახალი მისიის განთავსება უკვე ოფიციალურად გადაწყდა, რაც რეგიონში უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ინფორმაციული სივრცის გარშემო მიმდინარე კონკურენციის ახალ ეტაპს აჩენს.
- ევროკავშირის ინვესტიციები სომხეთში 2.5 მილიარდ ევროს მიაღწევს: სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში
- სომხეთი ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებს. თუმცა, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ელოდება თუ არა მას ევროპა
ევროკავშირის ახალი მისია სომხეთში: ორი წლის მანდატი და „ჰიბრიდული საფრთხეების“ ფოკუსი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 21 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სომხეთში ახალი სამოქალაქო მისიის განთავსების შესახებ. მისიის საწყისი მანდატი ორი წლით განისაზღვრა, თუმცა მისი გაგრძელების შესაძლებლობა არ გამოურიცხავთ.
ერევანმა ბრიუსელის დახმარება 2025 წლის დეკემბერში სთხოვა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სტრუქტურა მიმართული იქნება „ჰიბრიდული საფრთხეების“ წინააღმდეგ ბრძოლაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.
,,რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, მისია ოფიციალურად იწოდება როგორც „ევროკავშირის პარტნიორობის მისია სომხეთში“ (EUPM Armenia) და უახლოეს თვეებში დაიწყებს მუშაობას. მისი ბირთვი 20–30 ექსპერტისგან შედგება, რომლებიც ერევანში განლაგდებიან.
ჰიბრიდული საფრთხეები: დეზინფორმაცია, კიბერშეტევები და ფინანსური ნაკადები
დოკუმენტის მიხედვით, მისიის მთავარი ამოცანა იქნება სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კონსულტაციების გაწევა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:
- გარე მანიპულაციები და საინფორმაციო ჩარევა
- კიბერდანაშაული
- საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედება
- უკანონო ფინანსური ნაკადები პოლიტიკურ კონტექსტში
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ბრიუსელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის შესაძლო ჩარევის რისკებს 7 ივნისის სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში ეს პირდაპირ არ არის აღნიშნული.
დოკუმენტში ხაზგასმულია პრინციპი: „სომხეთის მომავალი მისმა მოქალაქეებმა თავისუფლად და დემოკრატიულად, გარე ზეწოლის გარეშე უნდა განსაზღვრონ“.
ერევნის პოზიცია: სტრატეგიული პარტნიორობა და ინსტიტუციური გაძლიერება
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი შეესაბამება ორ მხარეს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, მისიის საქმიანობა მიმართული იქნება:
- დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე
- კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე
- უკანონო ფინანსური ნაკადების შეზღუდვაზე
სამინისტრო აცხადებს, რომ მისია ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას და „საზოგადოების მდგრადობის გაზრდას თანამედროვე გამოწვევების მიმართ“.
ევროკავშირის უფრო ფართო ჩართულობა: EUMA და საზღვრის მონიტორინგი
ახალი მისია არ არის ევროკავშირის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სომხეთში.
2023 წელს დაიწყო ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია EUMA, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს განთავსდა. მისი მიზანი იყო სტაბილურობის მხარდაჭერა და კონფლიქტის ესკალაციის რისკების შემცირება.
2025 წელს მისი მანდატი 2027 წლამდე გაგრძელდა. ამჟამად მისია 200-ზე მეტ პერსონალს აერთიანებს, რომლებიც საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე პატრულირებენ და დაკვირვების შედეგებს ბრიუსელში აგზავნიან.
„მოლდოვის გამოცდილების გამეორება“ — ბრიუსელის სტრატეგია
ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში, ანონიმური წყაროების ცნობით, ახალი მისიის ერთ-ერთ არაოფიციალურ მოდელად განიხილება მოლდოვის გამოცდილება.
მოლდოვაში ევროკავშირმა არჩევნების პერიოდში ექსპერტული მხარდაჭერა გამოიყენა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რამაც პროევროპულ ძალებს პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებაში შეუწყო ხელი.
სომხეთში კი მსგავსი პირდაპირი საარჩევნო მისია 2025 წელს არ განხორციელებულა, თუმცა ახალი EUPM-ის მანდატი უკვე აშკარად მოიცავს არჩევნებთან დაკავშირებულ რისკებსაც, მათ შორის შესაძლო რეფერენდუმებსა და ადგილობრივ არჩევნებს.
მოსაზრება
ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, არმან იეგოიანის შეფასებით, სომხეთში ევროკავშირის ახალი მისია მხოლოდ მოკლევადიან პრობლემებზე რეაგირება არ არის და ის საშუალოვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მუდმივად ცვალებად საფრთხეებთან გამკლავებას უკავშირდება.
მისი თქმით, „ჰიბრიდული საფრთხეები არჩევნების შემდეგ არ ქრება“ და ეს ფორმულირება თავისთავად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც თანამედროვე სახელმწიფოები აღარ განიხილავენ უსაფრთხოებას როგორც ერთჯერად გამოწვევას, არამედ როგორც მუდმივ, მოქნილ პროცესს.
თუმცა იეგოიანი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი სახელმწიფოები ან აქტორები შეიძლება იდგნენ ამ საფრთხეების უკან. მისი თქმით, სომხეთს ხშირად არ აქვს სრული ინფორმაცია კამპანიების ორგანიზების ჯაჭვზე – ვინ იწყებს, როგორ ფინანსდება და როგორ ნაწილდება გავლენა.
მისი განმარტებით, დეზინფორმაცია ხშირად მრავალშრიანია: „მას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ფენა, რამდენიმე წყარო და ერთიდან მეორეში გადაბმული კავშირები, რომლებიც რთულად იდენტიფიცირდება“.
მაგალითად, მან ახსენა პუბლიკაციები, რომლებიც თურქეთში მცხოვრები ჟურნალისტის მიერ ვრცელდებოდა და სომხეთისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ დეზინფორმაციას შეიცავდა.
იეგოიანის თქმით, სწორედ ამ სირთულიდან მოდის ტერმინი „ჰიბრიდული საფრთხე“, რადგან ის აერთიანებს არა ერთ კონკრეტულ იარაღს, არამედ სხვადასხვა მეთოდების ერთობლიობას: ინფორმაციულ ზეწოლას, ფინანსურ ბერკეტებს და კიბერშეტევებს.
მისი შეფასებით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეიძლება არსებობდეს განსხვავება არა საფრთხის აღქმაში, არამედ მის ფორმულირებაში და რესურსებში, რომლითაც მას ებრძვიან.
„ჩვენ არ ვართ რინგზე, საკითხი არ არის იმაში, ვინ ვის დაარტყამს. საკითხი არის იმაში, როგორ შევამციროთ საფრთხე ისე, რომ არ გავაძლიეროთ ის“. – ამბობს იეგოიანი.
მისივე თქმით, ევროკავშირის ჩართულობა სომხეთისთვის არ წარმოადგენს დამატებით რისკს. პირიქით, ეს შეიძლება იყოს ბალანსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უკეთ მართოს უკვე არსებული გამოწვევები.
„ეს არის ოქროს შუალედი – ბალანსი, რომელიც რეალისტურ ფარგლებში გვაძლევს შესაძლებლობას გავუმკლავდეთ საფრთხეებს, მათზე ზედმეტი პოლიტიკური ესკალაციის გარეშე“. – აცხადებს იეგოიანი.