შსს-ში ამოქმედდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო
გაზიარება
გაზიარება
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო.
უწყების განცხადებით, ახალი სტრუქტურული ერთეულის მთავარი ამოცანა საჯარო სივრცეში გავრცელებული ისეთი განცხადებების გამოვლენა იქნება, რომლებიც ადამიანის ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავს. ამავდროულად, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს.
შსს-ის ინფორმაციით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში დააკვირდება საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს. იგი გამოავლენს სავარაუდო სამართალდამრღვევ პირებს და დაადგენს მათ ვინაობას. იგივე სამმართველო მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და შეადგენს ოქმებს. ამის შემდეგ საქმეები, განსჯადობის წესების დაცვით, სასამართლოებს გადაეგზავნება.
უწყების ცნობით, საწყის ეტაპზე სამმართველოში ათი საშტატო თანამშრომელი იმუშავებს. ახალი დანაყოფის საქმიანობა იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკვე მოქმედებს.
სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს განაცხადა. მისი თქმით, ახალი სტრუქტურის ძირითადი ფუნქცია “საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ იქნება.
იურისტებმა ინიციატივა შეაფასეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და ცენზურის დაკანონება. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კი მას “სქროლვა-სქრინვის” სამმართველო დაარქვეს.