თბილისში 892 ოჯახია ოფიციალურად უსახლკაროდ რეგისტრირებული
უსახლკაროები
თბილისის მუნიციპალიტეტში 892 ოჯახია ოფიციალურად უსახლკაროდ რეგისტრირებული – ეს დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.
უსახლკაროების შესახებ ინფორმაცია მერიისგან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გამოითხოვა. მერიის წერილში აღნიშნულია, რომ ამ 892 ოჯახიდან 267 ერთსულიანია.
ამ ადამიანებს ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში შესთავაზეს საცხოვრისი. 150 ოჯახი სამ სხვა სოციალურ საცხოვრისში გაანაწილეს, 55 ოჯახს კი, როგორც მერია იტყობინება, გასულ წელს ბინები გადასცეს სარგებლობის უფლებით.
თბილისის მერიაში უსახლკარო ადამიანებისთვის ოთხი ძირითადი პუნქტი მოქმედებს – ერთი თავშესაფარი (ლილოში) და სამი საცხოვრისი (ვარკეთილში, დიდ დიღომსა და ორხევში). ასევე, მერია ადმინისტრირებას უწევს უსახლკაროებისთვის ბინების შეძენის პროცესს.
● “ოცნების ქალაქი” – ბათუმის გეტო
● როგორია 2023 წლის ბიუჯეტი – მოკლედ
● CNBC: საქართველოს ეკონომიკური ბუმი პუტინის ომის შედეგია
მერიის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია და დამტკიცდა მისი დებულება.
მათივე განმარტებით, ქალაქ თბილისის გამგეობების მიერ ხორციელდება დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პროგრამა.
“ეტაპობრივად, მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე ბინების შეძენა, მათი საცხოვრისებად გამოყენების მიზნით.“– აღნიშნულია წერილში.