CNBC: საქართველოს ეკონომიკური ბუმი პუტინის ომის შედეგია
საქართველოს ეკონომიკური ბუმი
ამერიკული გამოცემა CNBC წერს, რომ მაშინ, როცა ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს და მათ შორისაა საქართველო.
გამოცემის ცნობით, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წელს საქართველოში სულ მცირე 112 000 რუსი მიგრანტი შემოვიდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც პანდემიის შემდეგ, ისედაც გაიზარდა. აშშ დოლართან მიმართებით, ქართული ლარი 15%-ით გამყარდა და ამჟამად სამწლიან მაქსიმუმზეა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი გაზარდა და ახლა მიმდინარე წელს 10%-იან ზრდას ელის. ფონდმა ამის ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინება დაასახელა.
გამოცემის მიხედვით, საქართველოში წელს კაპიტალის მკვეთრი შემოდინება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ასევე რუსეთის ხარჯზე მოხდა. მხოლოდ ოქტომბერში საქართველოს საგარეო კაპიტალის შემოდინების სამი მეხუთედი (59.6%) რუსეთზე მოდის.
CNBC-ს თანახმად, მიგრანტებს საქართველო მდებარეობის გარდა, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკითაც იზიდავს, ხოლო გამოცემა ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით, წერს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და ქვეყანა მხოლოდ 5%-იან ზრდას ელის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდაში მიგრანტების ეფექტს უარყოფს. პრემიერმინისტრის თქმით, ორნიშნა ზრდის მიზეზი “მთავრობის წინდახედულობა და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკაა”.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს ზრდა – ექსპორტი, ტურიზმი, “ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს, ასეთ ვითარებაში.”
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, შეცდომაა.
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე
● 526 პროცენტიანი ზრდა: ოქტომბერში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114.5 მილიონი დოლარი დახარჯეს
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.