უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოძახებული ელჩი კარანტინშია
უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო კონსულტაციისთვის გამოიძახეს, თბილისში დაბრუნდა და კარანტინში იმყოფება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონსულტაციისთვის გამოძახებული ელჩი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.
მანამდე მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების მიმართულებით უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. ოფიციალურ თბილისს ამ ინფორმაციაზე მწვავე რეაგირება ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, საქართველო უკრაინიდან კონსულტაციისთვის ელჩს გამოიწვევდა.
უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციისთვის 8 აპრილს გამოიძახეს. ის თბილისში 11 მაისს, საღამოს დაბრუნდა.
- მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
- უკრაინული მიშა
- უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ
- ბრიყვული და სამარცხვინო – ასე აფასებენ ექსპერტები თბილისის რეაქციას სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ “სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს”.
ზალკალიანის განმარტებით, ელჩის გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია და ელჩს კონსულტაციებისთვის იმ შემთხვევაში იწვევენ, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში “გარკვეული პრობლემები” იქმნება და მასთან კონსულტაციის ჩატარებაა საჭირო.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ განიხილავს.