მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.
მანამდე სააკაშვილის კანდიდატურა რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტზე განიხილებოდა. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლეს რადაში წინასწარი მოსმენების დროს ამ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.
- მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
- უკრაინული მიშა
- უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ
- ბრიყვული და სამარცხვინო – ასე აფასებენ ექსპერტები თბილისის რეაქციას სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავიდ არახამის თქმით, საკმარისზე მეტი ხმა მოგროვდა იმისთვის, რომ სააკაშვილს ეს პოსტი დაეკავებინა, თუმცა, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ უპორტფელო სამინისტროს ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებდა რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობას. საბჭოს წევრები საკვანძო სამინისტროებისა და კომიტეტების წარმომადგენლები და მინისტრები არიან.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი მართლაც დაინიშნებოდა ვიცე-პრემიერად, თბილისი უკრაინიდან ელჩს გამოიწვევდა, პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის რადას სპიკერს დმიტრო რაზუმკოვს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაწინაურება საქართველოსა და უკრაინას შორის “ურთიერთნდობას შეარყევდა”.