წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლა, მოსყიდვა და ძალადობრივი ქმედებები - საიას შუალედური ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით შემუშავდა, მოყვანილია სექტემბერში გამოვლენილი დარღვევები და პრაქტიკები, რომლებიც ამახინჯებს წინასაარჩევნო გარემოს.
საიას ანგარიშში მოხვდა ისეთი გახმაურებული შემთხვევები, როგორიცაა ოპოზიციური პარტიების, კერძოდ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელის“, ლეიბორისტული პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე თავდასხმები; „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა სამგორში; „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ბოლნისში და მარნეულში; წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვაზე უკანონოდ უარის თქმა ან დაბრკოლებების შექმნა და სხვა.
• გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი
• რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
ანგარიშში ასევე ნახსენებია სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფა, ამომრჩევლის მოსყიდვა და ოპოზიციის განცხადებები მათ აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ.
ხაზგასმულია COVID-19-ით გამოწვეული ეპიდსიტუაციის გავლენა პარტიათა აქტივობებზე.
„ორგანიზაცია მოუწოდებს დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებებისგან და პატივი სცენ არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარების მოთხოვნას“, – ნათქვამია დოკუმენტში.