“რუსული თვითმფრინავის, А321-ის სინაის უდაბნოში ჩამოვარდნის მიზეზი ტერაქტი გახდა,” – განაცხადა ФСБ-ს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა. მისი თქმით, ფრენის დროს 1 კილოგრამი ტროტილის სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი თვითმფრინავის ნარჩენებსა და მგზავრების პირად ნივთებზე აღმოაჩინეს.
“ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ტერაქტი იყო,” – დასძინა ბორტნიკოვმა.
ზოგიერთი დამკვირვებელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ბოლო დროს მომხდარი ტერაქტები – რუსული ავიალაინერის აფეთქებაც და პარიზში განხორციელებული თავდასხმებიც – რუსეთისა და დასავლეთის დამაახლოვებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს. “მოსკოვისა და ვაშინგტონის დაახლოება არ არის გამორიცხული, რადგან პუტინი და ობამა სირიის კონფლიქტის გადაუდებელი მოგვარების აუცილებლობაზე თანხმდებიან,” – იტალიურ გაზეთ Il Messaggero-ზე დაყრდნობით, წერს საინფორმაციო სააგენტო ТАСС. აქვე მოჰყავთ სხვა დასავლური მედიასაშუალებების მასალები, რომლებიც იმავე აზრს ავითარებენ.