„ოცნების“ პროპაგანდისტულმა ქსელმა მეუფე იობის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია აწარმოა - ISFED
კოორდინირებული კამპანია მეუფე იობის წინააღმდეგ
საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ქადაგების შემდეგ, მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. სოციალური ქსელის ათეულობით გვერდზე, თითქმის ერთდროულად, იდენტური შინაარსის გზავნილები ვრცელდებოდა.
კამპანიის ფარგლებში Meta-ს პლატფორმებზე სულ მცირე 20 ფასიანი რეკლამა განთავსდა, რომლებმაც ჯამში 77 600-დან 107 180-მდე ნახვა დააგროვა.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ქსელში შემავალმა მედიებმა, ფეისბუქგვერდებმა და ხელისუფლების მხარდამჭერმა პირებმა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) წინააღმდეგ კამპანია მისი კრიტიკული ქადაგების შემდეგ გაააქტიურეს.
ეს კამპანია ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) შეისწავლა.
ორგანიზაციამ გააანალიზა, როგორ გავრცელდა მიტროპოლიტის წინააღმდეგ იდენტური ციტატები ათეულობით გვერდზე რამდენიმე წუთის სხვაობით, როგორ გამოიყენეს წლების წინანდელი ვიდეოები ახალი კონტექსტით და როგორ დაემატა კამპანიის ორგანულ გავრცელებას ფასიანი რეკლამები.
რა თქვა მეუფე იობმა და რატომ მოჰყვა ამას დაპირისპირება
დაპირისპირება 10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ იობის ქადაგებას მოჰყვა. მან ხელისუფლებას „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ უწოდა, თქვა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მომავალში ქართველმა ხალხმა უკეთესი უნდა აირჩიოს.
მიტროპოლიტმა გააკრიტიკა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებულება და განაცხადა, რომ ხელისუფლება ეკლესიისა და სახელმწიფოს შერწყმას ცდილობს.
მან ასევე ისაუბრა კორუფციაზე, ახალგაზრდებში ნარკომანიის გავრცელებაზე, აზარტულ თამაშებსა და 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სავარაუდოდ გაჟონილ მასალებზე, რომლებშიც სასულიერო პირების თვალთვალის ჩანაწერები იყო.
ქადაგებაში იობმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ახსენა. მან წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა გასაგებია, გადაირჩია ერმა“.
მეუფე იობის განცხადებებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფონზე, რომ ის მანამდე „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს.
21 ნოემბერს, მორიგი ქადაგებისას, მან განმარტა, რომ მმართველ პარტიას მხარს უჭერდა, თუმცა, მისი შეფასებით, პარტიამ კურსი შეცვალა და ამის გამო კრიტიკა აუცილებელი გახდა.
„მე მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ დავინახე, რომ გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართველოში, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება ისევ მხარი დავუჭირო“, – განაცხადა მან.
მიტროპოლიტი იობი 2026 წლის მაისში პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო. პატრიარქად მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.
იდენტური გზავნილები და „ექსპერტების“ ციტატები
ISFED-ის მონიტორინგის თანახმად, თავდაპირველად მეუფე იობის ქადაგებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა მას „უპასუხისმგებლო“ უწოდა და განაცხადა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს პოლიტიკური განცხადებებისთვის არ უნდა იყენებდეს. დეპუტატმა მარიამ ლაშხმა კი ჟურნალისტების კითხვას უპასუხა: „ღმერთმა აპატიოს“.
ამის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელება დაიწყო ხელისუფლების მხარდამჭერი პირების შეფასებებმა.
11 ნოემბერს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელევიზიებმა გია აბაშიძის ფეისბუქპოსტიდან იდენტური ციტატა გაავრცელეს. აბაშიძე ამტკიცებდა, რომ მეუფე იობი ამბიონს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებებისთვის იყენებდა.

აბაშიძის განცხადებიდან 13 წუთის შემდეგ გავრცელდა დავით ქართველიშვილის ციტატაც. ის მიტროპოლიტს სააკაშვილის პოლიტიკურ ძალასთან კავშირში ადანაშაულებდა და მის ეპარქიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებაზე საუბრობდა.
ISFED-ის შეფასებით, ამ ბრალდებებს კონკრეტული წყარო ან საქმის მითითება არ ახლდა, თუმცა ტექსტი რამდენიმე საათში 14-მა გვერდმა გაავრცელა.

კამპანიას შეუერთდნენ თამთა მეგრელიშვილი, დავით ჩიხელიძე და ზაალ ანჯაფარიძეც. მათი პოსტები მეუფე იობს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში, სააკაშვილის მხარდაჭერასა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციაში ადანაშაულებდა.
დავით ჩიხელიძე მიტროპოლიტის ეპარქიას კრიმინალების შეფარებასა და „განგსტერულ გარჩევებსაც“ უკავშირებდა.
კამპანიაში ყალბი ფეისბუქპროფილიც მონაწილეობდა
კამპანიაში ჩართული იყო ფეისბუქპროფილიც, რომელიც „მითების დეტექტორს“ წარსულში ყალბ ანგარიშად აქვს იდენტიფიცირებული.
ანგარიშმა, სახელით ქეთევან მიქიაშვილი, რამდენიმე საათის შუალედით მეუფე იობის წინააღმდეგ ორი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. [ქეთევან მიქიაშვილის პროფილი ფაქტჩეკერებმა შეისწავლეს. მათი ვარაუდით, ამ პროფილის უკან “ქართული ოცნების“ ყოფილი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი დგას. ლაშა ნაცვლიშვილი ამ კამპანიაში ღია პროფილითაც იყო ჩართული_JAMnews].
პირველ პოსტში მიქიაშვილი მიტროპოლიტს ირონიული ტონით მიმართავდა, იხსენებდა პატრიარქის არჩევნებს და წერდა, რომ მაშინ, როცა პატრიარქად შიო აირჩიეს, მეუფემ „ნიღაბი მოიხსნა“. პოსტს თან ახლდა ტელევიზიის საარქივო სიუჟეტი წარწერით – „სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა“.
მეორე პოსტში მან 2019 წლის 25 სექტემბრის ვიდეო გააზიარა წარწერით „მეუფე იობი პეტრე ცაავაზე“ და მიუთითა, რომ ჩანაწერიდან გაირკვეოდა, რა ამოძრავებდა მიტროპოლიტს.
ამ პოსტებით კამპანიის კიდევ ერთი გზავნილი გამოიკვეთა: მეუფე იობის კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების მიმართ წარმოდგენილი იყო არა როგორც პოლიტიკური ან საეკლესიო უთანხმოება, არამედ როგორც პირადი წყენა, რომელიც მას პატრიარქის არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაუჩნდა.
მოგვიანებით მიქიაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მეუფე იობის ქადაგება რევოლუციის მორიგ მცდელობად წარმოაჩინა.
„ჟურნალისტების“, „ენჯეოშნიკებისა“ და „აკაცუკების“ რევოლუციების შემდეგ, მისი შეფასებით, ახლა „მეუფე იობის, პეტრეს და დოროთე ყურაშვილის მოსაწყობი რევოლუციის ჯერი“ დადგა.
20 რეკლამა და 107 ათასამდე ნახვა
ISFED-ის ინფორმაციით, კამპანიის ნაწილი დაფინანსებულიც იყო. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის 17 ნოემბრის მონაცემებით, მეუფე იობის დისკრედიტაციის მიზნით ხუთი ფეისბუქგვერდის საშუალებით სულ მცირე 20 რეკლამა გავრცელდა.
ყველა მათგანი 11-14 ნოემბერს მოქმედებდა და თითოეულზე 100 დოლარამდე თანხას ხარჯავდა. ორგანიზაციის მონაცემებით, რეკლამებმა ჯამში 77 600-დან 107 180-მდე ნახვა დააგროვა.
ყველაზე მეტი ნახვა ანონიმური გვერდის, „განულებული ოპოზიციის“ რეკლამებს ჰქონდა – 47 000-დან 60 094-მდე. ამ გვერდზე მეუფე იობის „დიდძალი ქონების“ შესახებ პოსტიც გავრცელდა.

რეკლამებს ავრცელებდნენ ასევე გვერდები „Fact • ფაქტი“, „უსტარი“, „ახლა • Akhla“ და „საერთო გაზეთი“.
ISFED-ის კვლევით, „Fact • ფაქტის“ დირექტორი ჯაბა ხუბუა ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანია, ხოლო „უსტარის“ მფლობელი შაკო კუჭაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქტივისტი და „იმედის“ პროექტის, „Fake კონტროლის“, ერთ-ერთი წამყვანია.
ორგანიზაცია წერს, რომ „ფაქტი“ და „უსტარი“ 2026 წელს შექმნილი გვერდებია და მათი უკან მდგომი პირები „იმედთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული.
ISFED-ის შეფასებით, ეს გარემოება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებული სამეფოს სანქციების შემდეგ „იმედისა“ და POSTV-ის მთავარ გვერდებს რეკლამების განთავსება შეეზღუდათ, ხოლო მათი კონტენტის გასავრცელებლად ახალი გვერდები გამოიყენება.
კამპანიის ფარგლებში ძველი ვიდეომასალაც გაავრცელეს. ერთ-ერთ რეკლამაში გამოყენებული იყო მიტროპოლიტ იობის 2024 წლის ქადაგების ჩანაწერი, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს შეეხო.
ვიდეოს თან ახლდა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი კადრები, სადაც პოლიცია გლდანში ეკლესიას შტურმით იღებს. პოსტში არ იყო მითითებული, რომ ქადაგება ორი წლის წინ იყო ჩაწერილი.
ხელისუფლების რეაქცია და ეკლესიის შიგნით გამოხმაურება
მეუფე იობის წინააღმდეგ კამპანია მხოლოდ სოციალურ ქსელებში არ დარჩენილა. 15 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გადაცემა „იმედის კვირაში“ 17-წუთიანი სიუჟეტი გაუშვა სათაურით „პოლიტიკური მანიფესტი ამბიონიდან“.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიტროპოლიტისა და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირების ქადაგებები პოლიტიკურ განცხადებებად შეაფასა.
მიტროპოლიტის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი პოსტიც გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ ყოფილმა კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა.
მან მეუფე იობს შეაგინა. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 16 ნოემბერს სასამართლომ ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.
მეუფე იობს მხარი დაუჭირეს სხვა სასულიერო პირებმაც, მათ შორის სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა. მათ მმართველი პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკეს და ყურადღება დემოგრაფიულ კრიზისზე, აზარტულ თამაშებსა და ნარკომანიაზე გაამახვილეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც გააკრიტიკა იობის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა.
16 ნოემბერს დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სასულიერო პირებსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ეკლესიასაც და ქვეყანასაც აზიანებს. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ პოლემიკაში ჩართვას არ აპირებს.
კოორდინირებული კამპანია მეუფე იობის წინააღმდეგ