"მყისიერი რეაგირებიდან“ შესაძლო კანონამდე. ვისგან იცავენ საქართველოში ეროვნულ ფასეულობებს
ეროვნული ფასეულობების დაცვის კანონი

„ქართული ოცნება“ ეროვნული იდენტობის „შერყევის“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას არ გამორიცხავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, რეგულაცია შეიძლება შეეხოს წმინდანების, მეფეებისა და საზოგადო მოღვაწეების „შეურაცხყოფას“. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამისთვის ნიადაგი უკვე მზადდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკვე საუბრობენ დასჯასა და მედიის შესაძლო რეგულირებაზეც.
„ქართული ოცნება“ ეროვნული ფასეულობების „შეურაცხყოფის“ დასჯაზე მსჯელობს. რას შეიძლება შეეხოს კანონი და რას აჩვენებს რუსეთის გამოცდილება.
თავდასხმიდან „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ კამპანიამდე
კანონზე მსჯელობას წინ უძღოდა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა იუთუბ-გადაცემაში ხუმრობის გამო. მას 22 ივლისს, თბილისში, გვიან ღამით საკუთარ სახლთან სცემეს. თავდამსხმელმა ნიკო ხურცილავამ მოტივად ეროვნული კულტურის შეურაცხყოფა დაასახელა.
თავდასხმას წინ უძღოდა ოქრიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანია. პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა იუთუბ-გადაცემიდან ამოჭრილი ფრაგმენტი გაავრცელეს, სადაც ოქრიაშვილი მწერალ ნოდარ დუმბაძეს უცენზურო კონტექსტში ახსენებდა.
თავდამსხმელს მხარდაჭერა გამოუცხადა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა. MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა კი, რომეოლმაც ასევე ხურცილავას მეგობრად წარადგინა თავი, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ახალი მოძრაობის შექმნა გამოაცხადა.
ქართველიშვილის თქმით, ჯგუფს სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე „მყისიერი რეაგირება“ ექნებოდა.
„თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
მან არ განმარტა, რას ნიშნავდა „მყისიერი რეაგირება“. ასევე პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა ფიზიკური ძალადობისა და თვითნებური დასჯის შესახებ.
28 ივლისს ჯგუფმა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის მიმართა. ორგანიზაციის სახელწოდებაა „ეროვნული თაობა“.
ოქრიაშვილის ინციდენტიდან ერთ კვირაში, 30 ივლისს, „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მასში მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია გაერთიანდნენ.
პირველი მოძრაობისგან განსხვავებით, ამ ჯგუფმა „მყისიერი რეაგირების“ ნაცვლად სამართლებრივი მექანიზმების მომზადება მოითხოვა. მისი წევრების თქმით, კანონმა ეკლესია, სიწმინდეები, ისტორიული გმირები და ეროვნული ფასეულობები უნდა დაიცვას.
„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი შანიძემ.
ჯგუფის მიმართვაში საუბარია „გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ ჯგუფებზე“. განცხადების ავტორების მტკიცებით, მათი საქმიანობა ქართველ ერსა და მცირე ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ქმნის.
„იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“.
ჯგუფის წევრები იურისტებთან, ისტორიკოსებთან, ხელოვანებსა და სპორტსმენებთან კონსულტაციას გეგმავენ. ამის შემდეგ მათ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება სურთ.
ჯერ არ გამოქვეყნებულა არც კანონპროექტი და არც მისი კონცეფცია. ამიტომ უცნობია, რა ქმედება შეიძლება გახდეს დასჯადი. ასევე უცნობია პასუხისმგებლობის ფორმა და შესაძლო სანქცია.
რას შეიძლება ითვალისწინებდეს ეროვნული ფასეულობების კანონი
3 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მსგავსი კანონის მიღება არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ ხელისუფლებას კონკრეტულ კანონპროექტზე ჯერ არ უმსჯელია.
„ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება,” – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ შესაძლო რეგულირების ობიექტებიც დაასახელა. მათ შორის არიან წმინდანები, მეფეები და საზოგადო მოღვაწეები.
კობახიძის თქმით, ქართველი წმინდანების და მეფეების შეურაცხყოფა “დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვია”:
„ესენი უბრალოდ უნიჭო ადამიანები არ არიან. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებენ. მათი დაკვეთის არსი მარტივია – მათ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება უნდა სცადონ! ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს“.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მოდის სავარაუდო დაკვეთა. მას არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
„ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ. თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“.
კობახიძის განცხადება კანონის მიღების გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. თუმცა, ინიციატივამ უკვე მიიღო მთავრობის მეთაურის პოლიტიკური მხარდაჭერა.
ამასთან, მმართველ გუნდთან დაკავშირებული დეპუტატები შესაძლო აკრძალვის ფარგლებზე უფრო კონკრეტულად საუბრობენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხი საჯარო გინებას, ბილწსიტყვაობასა და ხულიგნობას დაუკავშირა.
„როდესაც მიტინგზე კონკრეტული ადამიანის თუ ინსტიტუციის მისამართით იგინები, ეს გამოხატვის თავისუფლებაა თუ ბილწსიტყვაობა და ხულიგნობა?! არ შეიძლება ამას გასაქანი ჰქონდეს!“
ქადაგიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რა შეიძლება ჩაიწეროს კანონში. ამავე დროს, მან შესაძლო რეგულირების კონტექსტში მედიაც ახსენა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა [იგულისხმება ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები_JAMnews] წელიწად-ნახევარში 3 500 „ანტისაეკლესიო“ სიუჟეტი მოამზადეს. [ამ ციფრის დათვლის მეთოდოლოგია საჯაროდ წარმოდგენილი არ არის. ასევე უცნობია, რა კრიტერიუმით მიაკუთვნეს სიუჟეტები „ანტისაეკლესიო“ მასალებს].
ქადაგიშვილმა შესაძლო სამართლებრივი რეგულირების საგნად „შეურაცხმყოფელი“ მედიაპროდუქტიც დაასახელა.
„კანონით დარეგულირებული ის კი არ იქნება, ვინ რამდენ სიუჟეტს მოამზადებს. კანონით ალბათ უნდა დარეგულირდეს ის, რომ სიუჟეტი, რომელიც არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი, სიუჟეტი, რომელიც არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ღირსების და ყველანაირი, ესე ვთქვათ, ობიექტური მოცემულობის შემლახველი“.
„ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საჯარო შეურაცხყოფის დასჯა პირდაპირ მოითხოვა. მან დაცვის ობიექტებად რწმენა, ეკლესია, პატრიარქი და ტრადიციები დაასახელა.
„როდესაც შენ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა რწმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები, ეს, რა თქმა უნდა, დასჯადი უნდა იყოს“.
მაჭარაშვილის თქმით, განსხვავებული აზრი საქართველოში „ზედმეტად“ იყო დაცული.
„განსხვავებული აზრი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო დაცული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში ულტრალიბერალურად, ზედმეტად იყო დაცული, რაც უნდა გამოსწორდეს“.
რა არის „შეურაცხყოფა“ და ვინ უნდა განსაზღვროს ის
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ის ასევე კრძალავს ადამიანის დევნას აზრის გამოხატვის გამო.
კონსტიტუციის მიხედვით, მედია თავისუფალია, ხოლო ცენზურა – დაუშვებელი.
უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი მიზნისთვის. ასეთ მიზნებს შორისაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და სხვათა უფლებების დაცვა. საქართველოს კონსტიტუცია ეროვნულ ღირებულებათა შეურაცხყოფას შეზღუდვის ცალკე საფუძვლად არ ასახელებს.
ამასთან, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის. კანონმა შეიძლება შეზღუდოს ძალადობისკენ მოწოდება, მუქარა, დევნა ან ცილისწამება. თუმცა, ასეთი შეზღუდვა მკაფიო და განჭვრეტადი უნდა იყოს.
„ეროვნული ფასეულობის შეურაცხყოფა“ გაცილებით ბუნდოვანი ცნებაა. ჯერ უცნობია, დაიცავს თუ არა კანონი კონკრეტული ადამიანის რეპუტაციას. შესაძლოა, დაცვის ობიექტი აბსტრაქტული ღირებულება ან ისტორიული პირი გახდეს.
ვინ შეადგენს დაცული წმინდანების, მეფეებისა და საზოგადო მოღვაწეების სიას? გავრცელდება თუ არა დაცვა მხოლოდ გარდაცვლილ პირებზე? რა განსხვავება იქნება ისტორიულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის?
მაგალითად, მსგავსი სიძულვილის კამპანია ააგორეს პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგაც, რომელმაც ქართველი მეფე ერეკლე მეორე გააკრიტიკა მისი პოლიტიკის გამო. ბერძენიშვილს მეფეზე არც უხუმრია და არც უხამსი სიტყვები გამოუყენებია, მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ არანაკლებ ძალადობრივი კამპანია აგორდა ოცნების დეპუტატების და პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან.
ასევე უცნობია, შეეხება თუ არა შეზღუდვა სატირას, მხატვრულ ნაწარმოებსა და სამეცნიერო კვლევას. პასუხი არ არსებობს მედიის შესახებაც. უცნობია, შეიძლება თუ არა სასულიერო პირის საქმიანობის კრიტიკული გაშუქება „სიწმინდის შეურაცხყოფად“ შეფასდეს.
პატრიოტიზმის დაცვა თუ პოლიტიკური გამყოფი ხაზი
ოპოზიციის წარმომადგენლები ინიციატივას პოლიტიკური მობილიზაციის მცდელობად აფასებენ.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პატრიოტულ საკითხებზე პოლიტიკური მონოპოლიის შექმნა სურს.
„მათ აქვთ ძალიან მზაკვრული გათვლა – აიღონ ექსკლუზივი პატრიოტულ თემებზე. ყველაფერი ამას ემსახურება. სხვა ყველა დანარჩენი აღმოჩნდეს ისინი, ვინც ებრძვის საქართველოს იდენტობას, ტრადიციებს, ეკლესიას და თვითონ როგორ არიან ამ ყველაფრის დამცველები“.
„ჯერ საქართველოს“ წევრი გიორგი შალამბერიძე შესაძლო კანონის სხვა პოლიტიკურ ფუნქციაზეც საუბრობს.
„შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური მანევრი. შესაბამისად, შეიძლება ამომრჩევლის გარკვეული სეგმენტის მობილიზება ხდებოდეს, ან შეიძლება კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება ხდებოდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საწყისი წერტილი იყოს“.
შალამბერიძის თქმით, გამოხატვის თავისუფლება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს. თუმცა მან ყურადღება მოქმედ პოლიტიკურ გარემოზე გაამახვილა.
„თუკი ეს კანონად იქნება ქცეული და ინსტრუმენტად გამოყენებული, რამდენად აისახება პოლიტიკურ სუბიექტებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, მათ გამოხატვის თავისუფლებაზე, რამდენად იქნება გამოყენებული ისეთ მექანიზმად, რომელიც მათ უფლებებს შეზღუდავს“.
ისტორიკოსების პოზიცია
ჯერ უცნობია, სად გაავლებს შესაძლო კანონი ზღვარს ისტორიული პირის „შეურაცხყოფასა“ და მის კრიტიკულ შეფასებას შორის. ეს ბუნდოვანება კითხვებს აჩენს ისტორიკოსების, მკვლევრებისა და ავტორების საქმიანობის შესახებ.
ისტორიული პირების შეფასება ხშირად სადავო ფაქტების, განსხვავებული ინტერპრეტაციებისა და დამკვიდრებული წარმოდგენების გადახედვას მოითხოვს.
თუ სახელმწიფო განსაზღვრავს, რომელი შეფასებაა დასაშვები, კანონი შეიძლება ისტორიული კვლევისა და აკადემიური დისკუსიის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს.
უცნობია, გავრცელდება თუ არა შესაძლო რეგულაცია სამეცნიერო ნაშრომებზე, საჯარო ლექციებზე, სახელმძღვანელოებსა და დოკუმენტურ ფილმებზ
ე.
ასევე გაურკვეველია, ვინ დაადგენს, სად მთავრდება ისტორიული კრიტიკა და იწყება „შეურაცხყოფა“.
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ რწმენისა და შემოქმედების სამართლებრივ კატეგორიებში მოქცევა თავად ამ სფეროების ბუნებას ეწინააღმდეგება.
„ეს არის რწმენა, ეს არის შემოქმედება, რომელიც აკრძალვებს არ ცნობს და ცალმხრივად დაწესებულ კატეგორიებს საერთოდ არ აღიარებს. იმდენად აბსურდულია ამ ცნებების კანონით აკრძალვაზე საუბარი, რომ წინა საუკუნეებში უკვე გავლილია ეს ყველაფერი. უბრალოდ, დიქტატორის ვნებაა, რომ საზოგადოება რაღაცნაირად თავის ნებას მიაჩვიოს“.
ხელოვნური კონფლიქტის საფრთხე?
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებას ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების რისკს უკავშირებს. მისი შეფასებით, „ეროვნული იდენტობის დაცვის“ ბუნდოვანი პოლიტიკა საზოგადოებაში ახალი გამყოფი ხაზების შექმნას შეუწყობს ხელს.
„საქართველოში ამ იდეოლოგიის მომხრეები იმდენად არ არსებობს, რამდენადაც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რათა მუდმივი დაძაბულობის კერები შექმნას ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ქართველებსა და არაქართველებს შორის, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებსა და არა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს შორის“.
ზაქარეიშვილი ხელისუფლების პოლიტიკას ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ნიშნებს უკავშირებს. მისი აზრით, ასეთი მიდგომა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ეს წმინდა წყლის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის კლასიკური მაგალითებია. ეს მილიონჯერ გაიარა კაცობრიობამ და მილიონჯერ კატასტროფებში და მსოფლიო ომებში შევიდა და ნგრევის მეტი არაფერი მოუტანია“.
კონფლიქტოლოგი ინიციატივის გააქტიურებას საარჩევნო პროცესსაც უკავშირებს. საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. თუმცა ზაქარეიშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ საარჩევნო მობილიზაციისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.
„ქართული ოცნება არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნების წინ მას უნდა შექმნას აი ეს დაძაბულობის კერები“.
„ტრადიციების დაცვის“ სახელით – ძალადობის შემთხვევები საქართველოში
საქართველოში ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დაცვის მოტივი ახალ პოლიტიკურ მოვლენას არ წარმოადგენს.
_ 2023 წელს გორში თავს დაესხნენ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. თავდამსხმელმა მოტივად ეკლესიის შეურაცხყოფა და „ბავშვების გარყვნა“ დაასახელა.
__ იმავე წელს ყვარელში ჩაიშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია. აქციის მონაწილეები მას ერეკლე მეორისა და ქრისტიანული ღირებულებების შეურაცხყოფას ედავებოდნენ. თბილისში ბერძენიშვილს კვერცხებიც ესროლეს.
__ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და აქტივისტებს დაესხნენ თავს. კონტრაქციის მონაწილეები ოჯახის, ეკლესიისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე საუბრობდნენ. ძალადობის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
__ 2019 წლის ნოემბერში ულტრამემარჯვენე და ჰომოფობიური ჯგუფები ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“-ის პრემიერის ჩაშლას შეეცადნენ. ფილმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ქართული ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფად“ აფასებდა.
აქციის მონაწილეები კინოთეატრებში შეჭრას ცდილობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს ქვა ესროლა და თავი გაუტეხა. პოლიციამ იმ საღამოს 12 ადამიანი დააკავა.
__ 2024 წლის იანვარში აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა. ხატზე იოსებ სტალინიც იყო გამოსახული. ამის შემდეგ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ფერაძის სახლთან შეიკრიბნენ და მის დასჯას მოითხოვდნენ.
_ 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირების მონაწილეობით შეკრებილი ათასობით ადამიანი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს დაესხა თავს.
დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი. 2021 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ძალადობა სახელმწიფოს ფაქტობრივი შემწყნარებლობის პირობებში მოხდა.
_____________________________________________________________________________
რუსეთის გაკვეთილები – როცა სახელმწიფო ადგენს, რაზე შეიძლება ხუმრობა
რუსეთის გამოცდილება ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რადგან „ქართული ოცნების“ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შინაარსითა და არგუმენტებით რუსეთში ადრე დანერგილ რეგულაციებს ჰგავს.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, რომლის რუსული ანალოგიც თავდაპირველად უცხოური დაფინანსების დეკლარირებით დასაბუთდა, შემდეგ კი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაფართოვდა.
ამიტომ საინტერესოა, როგორ განვითარდა რუსეთში „ტრადიციული ღირებულებების“, რელიგიური გრძნობებისა და ისტორიული მეხსიერების დაცვის სახელით დაწყებული საკანონმდებლო პროცესი.
რუსეთში რელიგიის, ისტორიული მეხსიერებისა და „ტრადიციული ღირებულებების“ სამართლებრივი დაცვა ერთდროულად არ შექმნილა. სისტემა ეტაპობრივად ჩამოყალიბდა.
მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა
2012 წელს Pussy Riot-ის წევრებმა მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პერფორმანსი გამართეს. სასამართლომ ჯგუფის წევრები რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო.
ერთი წლის შემდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლი გაამკაცრა. მოქმედი ნორმა კრძალავს საჯარო მოქმედებას, რომელიც საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მიზნით არის ჩადენილი.
კანონის პრაქტიკაში გამოყენების ცნობილი მაგალითია ბლოგერ რუსლან სოკოლოვსკის საქმე. მან ეკლესიაში Pokémon Go ითამაშა და ვიდეო გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ის თავის ვიდეოებში რელიგიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აკრიტიკებდა.
2017 წელს სასამართლომ სოკოლოვსკის სამი წელი და 6 თვე პირობითი სასჯელი შეუფარდა. საქმე რამდენიმე მუხლს, მათ შორის მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფასა და სიძულვილის გაღვივებას ეხებოდა.
2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოკოლოვსკის მსჯავრდებამ გამოხატვის თავისუფლება დაარღვია. სასამართლოს შეფასებით, შეურაცხმყოფელი ან უხეში გამონათქვამი ავტომატურად სიძულვილის ენას არ წარმოადგენს.
„ტრადიციული ღირებულებები“ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად
2022 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების“ დაცვის შესახებ.
დოკუმენტი ტრადიციულ ღირებულებებად ასახელებს პატრიოტიზმს, ღირსებას, სიცოცხლეს და ოჯახის სიმტკიცეს. ჩამონათვალში ასევე შედის სამშობლოს სამსახური, ისტორიული მეხსიერება და თაობათა უწყვეტობა.
თავად ეს ცნებები სისხლისსამართლებრივი აკრძალვები არ არის. თუმცა ისინი სახელმწიფო პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიან.
დოკუმენტის მიხედვით, ამ რუსულ ღირებულებებს ემუქრება გარეშე ძალა, რომელიც ქვეყანაში ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებით მოქმედებს.
საფრთხის წყაროებად ასევე დასახელებულია შეერთებული შტატები და სხვა „არამეგობრული სახელმწიფოები“.
რუსეთის ხელისუფლება კულტურულ და ღირებულებით პოლიტიკას ეროვნული უსაფრთხოების საკითხს უკავშირებს.
მსგავსი ლოგიკაა “ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ კამპანიაშიც. ორივე საინიციატივო ჯგუფი „ეროვნულ იდენტობაზე“ კოორდინირებულ შეტევაზე საუბრობს. იმავე ფორმულირებას იყენებს პრემიერი კობახიძეც.
ისტორიის სამართლებრივი დაცვა
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 354.1 მუხლს „ნაციზმის რეაბილიტაცია“ ეწოდება. მისი თავდაპირველი მიზანი ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ დადგენილი დანაშაულების უარყოფის აკრძალვა იყო.
თუმცა, მუხლი ამით არ შემოიფარგლება. ის კრძალავს „შეგნებულად ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მოქმედებების შესახებ. ნორმა ასევე იცავს ომის ვეტერანების პატივსა და ღირსებას.
2021 წელს მუხლს დაემატა „სამშობლოს დამცველთა ხსოვნის შეურაცხყოფა“. დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო დიდების სიმბოლოების შეურაცხმყოფელი გამოყენებაც.
ამ ნორმებით სახელმწიფო მხოლოდ ისტორიული ფაქტების უარყოფას არ კრძალავს. ის იცავს საბჭოთა კავშირის როლის ოფიციალურ ინტერპრეტაციასაც.
უფლებადამცველი პროექტის OVD-Info-ს 2025 წლის კვლევის თანახმად, 2015-2019 წლებში სასამართლოებმა 354.1 მუხლით 25 გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირის მოქმედებების შეფასებასა და ისტორიულ პარალელებს ეხებოდა.
2022 წლიდან 2025 წლის მაისამდე OVD-Info-მ ამ მუხლით დაწყებული დევნის 212 შემთხვევა აღრიცხა.
ყაზანის მცხოვრებ ზულფია სიტდიკოვას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მან ხელში დაიჭირა პლაკატები წარწერებით „არა ომს“ და „9 May“.
სიტყვაში May ასო M-ის ნაცვლად W იყო გამოყენებული. გამოძიებამ ეს გამარჯვების სიმბოლიკის შეურაცხყოფად შეაფასა.
საქმე აღიძრა ისტორიკოს მიხაილ ბელოუსოვის წინააღმდეგაც. გამოძიება მას ნიურნბერგის პროცესით დადგენილი ფაქტების უარყოფასა და საბჭოთა კავშირის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებოდა.
კიდევ ორი საქმე აღიძრა ისტორიკოს თამარა ეიდელმანის წინააღმდეგ. პროკურატურის მტკიცებით, მისი ვიდეოები გამოხატავდა უპატივცემულობას რუსეთის სამხედრო დიდების თარიღების მიმართ.
ანუ რუსეთში შექმნილია სისტემა, სადაც ისტორიული დისკუსიის ზღვარს მხოლოდ მეცნიერები და საზოგადოება აღარ ადგენენ. საბოლოო არბიტრი გამომძიებელი, ექსპერტი და სასამართლო ხდება.
ჯერ უცნობია, სად გაივლის ზღვარი საქართველოში
საქართველოში კანონპროექტი ჯერ არ არსებობს. ამიტომ შეუძლებელია იმის თქმა, გაიმეორებს თუ არა შესაძლო რეგულაცია რუსეთის გამოცდილებას.
თუმცა მმართველი გუნდის განცხადებებში უკვე ჩანს დაცვის ობიექტების ფართო ჩამონათვალი – ეკლესია, პატრიარქი, წმინდანები, მეფეები, საზოგადო მოღვაწეები, ტრადიციები და მედიაპროდუქტიც.
რუსეთის გამოცდილება იმასაც აჩვენებს, რომ ბუნდოვანი დაცვის ობიექტები დროთა განმავლობაში შეიძლება გაფართოვდეს.