სად ხედავთ შვილების მომავალს საქართველოში თუ უცხოეთში? ქუჩის გამოკითხვა. ვიდეო
გამოკითხვა – სად ხედავთ შვილების მომავალს
სად წარმოუდგენიათ მშობლებს შვილების მომავალი, მაგალითად, ათი წლის შემდეგ, საქართველოში თუ უცხოეთში? რა განსაზღვრავს ამ არჩევანს და რამდენად აქვთ იმედი, რომ შვილებს საქართველოში უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ? – ამჯერად ეს კითხვები დავუსვით თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს.
კონტექსტი
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოდან სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიდის ემიგრაციაში. ეს სულ იყო პრობლემა. მაგრამ, ბოლო წლებში ემიგრაციამ, ფორმა და შინაარსი იცვალა.
თუ ადრე ძირითადად საშუალო ასაკის ხალხი მიდიოდა, ოჯახიდან ერთ ადამიანი, ახლა მიდიან ახალგაზრდები, ოჯახები შვილებით. უმეტესობა უკან დაბრუნებას აღარ განიხილავს.
მიდიან სასწავლებლად, უკეთესი სამსახურის საძებნელად. მიდიან ადამიანები, ვინც ბოლო წლებში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, აქ ყველაფერი დაკარგა.
ემიგრაციას ირჩევენ ადამიანებიც, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადეს.
მაგალითად, გასულ, 2025 წელს, საქართველოდან 114 374 ადამიანი წავიდა. უმრავლესობა ახალგაზრდა. ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია.
რა თქვეს გამოკითხულებმა. რამდენიმე საინტერესო პასუხი
საქართველოში ცხოვრება უნდა ყველას, აქ მოსწონთ, ფიქრობენ, რომ სამშობლოში ცხოვრება ყოველთვის უკეთესია, მაგრამ, სულ უფრო მცირდება ამის შესაძლებლობა. ეს არის უმეტესობის პასუხი შეკითხვაზე.
შეგვხვდა ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მისი შვილები უკვე დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობენ. იქ დაფუძნდნენ, ოჯახებიც იქ ჰყავთ. “ჩემმა შვილიშვილებმა, სამწუხაროდ, არც იციან ქართულიო” , – გვიპასუხა ერთმა გამოკითხულმა.
ბევრი ამბობს, რომ შვილებს აქ, მშობლიურ ქვეყანაში, გვერდით ისურვებდა, მაგრამ, განვითარების შესაძლებლობებს ვერ წაართმევს.
აი, რამდენიმე საინტერესო პასუხი:
* “ჩემი შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. აქ კარგი ცხოვრება რომ იყო, იმიტომ კი არა, ცუდი ცხოვრება რომ იყო, იმიტომ. ჩამოსვლა უნდათ, საქართველოში უნდათ ჩამოსვლა. მე კიდევ, დედა ვარ და ვფიქრობ, რომ არ დაიჩაგრონ აქ“.
* თვითონ როგორც მოუნდება და როგორც გადაწყვეტს, ყველანაირად შევუწყობ ხელს. თუ საქართველოში მოუნდება, დავტოვებ . თუ არა და, წავა საზღვარგარეთ. მე საზღვარგარეთ მირჩევნია. იმიტომ, რომ აქ ვერ ვხედავ დიდად განვითარებას. იმ მომავალს ვერ შევუქმნი, რაც ჩემი შვილისთვის მინდა“, – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ეტლით მიასეირნებდა თვეების შვილს.
* “საქართველოში მაინც ყოველთვის უკეთესად იცხოვრებენ. მაგრამ, ასეთი მდგომარეობით, რაც ახლა არის, არა მგონია. არ ვიცი, ვერ გეტყვი ზუსტად, რა იქნება და როგორი იქნება. მაგრამ, ახლა რა მდგომარეობაც არის, ჩემი შვილი რომ აქ იზრდებოდეს, მთლად მოხარული არ ვიქნები”.
ერთმა შემხვედრმა გვიამბო, რომ სამი შვილით წლები ცხოვრობდა ესპანეთში. ამ ბოლოს დაბრუნება გადაწყვიტეს, ბავშვებს მშობლიური ენა რომ არ დაავიწყდეთ: “როცა გაიზრდებიან, თავად აირჩიონ სად ენდომებათ ცხოვრება. მე კი მინდა, რომ აქ იყოს ისეთი პირობები, წასვლაზე არ იფიქრონო”.
გამოკითხვა – სად ხედავთ შვილების მომავალს