გიორგი დავითაძის საქმე. რა მოხდა რუსთავის ციხეში
გიორგი დავითაძის საქმე

36 წლის მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ამბობს, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით ათმა თანამშრომელმა მასზე სექსუალურად იძალადა.
მიუხედავად იმისა, რომ დავითაძის საქმე ჯერ გამოძიებული არ არის, პენიტენციური სამსახური ამას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს და მტკიცებულებად უხმო ვიდეოს აქვეყნებს. დავითაძის ოჯახის განცხადებით, ეს ჩანაწერი არასრულია და ძალადობის ამსახველი რეალური კადრები არ გაუსაჯაროებიათ.
საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია ასეთია – ნანახ ვიდეოში დავითაძის მიერ აღწერილი სექსუალური ძალადობა არ ჩანს.
გიორგი დავითაძის საქმე საქართველოსთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ისტორიულ ფონზე ვითარდება – საუბარია სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე სწორედ იმ სისტემის შიგნით, რომლის რადიკალური შეცვლის დაპირებაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იყო.
რას ამბობს გიორგი დავითაძე
გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ საზოგადოებამ 2 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გაიგო.
36 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ 2025 წლის 21 დეკემბერში, რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში დაახლოებით ათმა თანამშრომელმა მასზე სექსუალურად იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, – თქვა დავითაძემ სასამართლოში.
მისივე თქმით, ძალადობის შემდეგ მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
დავითაძემ სასამართლოზე მის მიერ დასახელებული თანამშრომლების დასჯა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით დაიმუქრა.
დავითაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიასა და საზოგადოებაში.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბრალდების სიმძიმემ და დავითაძის მტკიცებამ, რომ მის მიერ აღწერილი ეპიზოდი ციხის ვიდეოკამერებს უნდა დაეფიქსირებინა.
ოჯახმა სრული ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა კი განაცხადეს, რომ პატიმრის ბრალდებები ეფექტიანად და სრულყოფილად უნდა გამოიძიონ. პენიტენციური სამსახური სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში ჰქონდათ.
საქმის კურსში იყო სახალხო დამცველიც – 26 დეკემბერს დავითაძის ადვოკატმა ომბუდსმენის აპარატს აცნობა, რომ პატიმარი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
იმავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი რუსთავის №6 დაწესებულებაში მივიდა და დავითაძეს გაესაუბრა. პატიმარმა მასაც უთხრა, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე იძალადეს, მათ შორის სექსუალურად.
სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას გადასცა, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. აპარატმა ასევე მოითხოვა დავითაძის მიერ დასახელებულ პერიოდთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერების დაარქივება.
სადავო ეპიზოდიდან ცხრა თვეზე მეტია გასული, გამოძიება დასრულებული არ არის, ხოლო დავითაძე კვლავ იმავე დაწესებულებაში რჩება, რომლის თანამშრომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებს.
რა ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში
2 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების თანახმად, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანას და იქ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
ვიდეოს ხმა არ აქვს.
კადრებში ჩანს პატიმარი და პენიტენციური სამსახურის დაახლოებით ათამდე თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
თანამშრომლები დავითაძეს ჩხრეკენ, მათ შორის ელექტროდეტექტორით. რამდენიმე მათგანი პატიმარს ხელებს ზურგს უკან უკავებს. საწოლზე გადაწვენილ დავითაძეს თანამშრომლები ძალის გამოყენებით ამოწმებენ.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში გადაყვანისას პატიმრის შემოწმება სავალდებულო პროცედურაა. უწყების ვერსიით, დავითაძემ შემოწმებაზე უარი თქვა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც შემოწმება იძულებით ჩატარდა.
სექსუალური ძალადობის ბრალდებას სამსახური „სრულ სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს:
„არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“.
პენიტენციური სამსახურის თანახმად, გამოქვეყნებული კადრები მანამდე არ გაასაჯაროვა, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყება ასევე აცხადებს, რომ 2026 წლის 3 მარტიდან დავითაძესთან დაკავშირებულ ვიდეომასალას უწყვეტად აარქივებს.
ოჯახი ამბობს, რომ სრული ვიდეო არ გამოქვეყნებულა
დავითაძის ოჯახი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს არასრულად მიიჩნევს.
დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ მას ხუთი ვიდეოფაილი აქვს ნანახი და მთლიანობაში ჩანაწერები დაახლოებით 20 წუთს მოიცავს.
„ხუთი ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ ამათი. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ… სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი“.
3 ოქტომბერს ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსთავის №6 დაწესებულებასთან აქცია გამართეს. მათ სრული ვიდეომასალის გასაჯაროება, მიუკერძოებელი გამოძიება და დაწესებულების უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა მოითხოვეს.
ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა დავითაძის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაა. მშობლები ამბობენ, რომ თანამშრომლები, რომლებსაც მათი შვილი ძალადობაში ადანაშაულებს, კვლავ იმავე ციხეში მუშაობენ.
დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე ამბობს:
„მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ, რაც მის ღირსებას ეხება, გამოიყვანენ მწყობრიდან და მერე იწყება იქ ის, რაც არ უნდა ხდებოდეს“.
იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თქმით, პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შესაბამისი პროცედურები და წინაპირობები აქვს. მინისტრმა თქვა, რომ მოთხოვნას განიხილავენ და თუ დავითაძე ამ წინაპირობებს დააკმაყოფილებს, მას გადაიყვანენ.
რას ამბობს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის პოზიცია ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი გახდა.
ომბუდსმენის აპარატის ოფიციალური განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს და შეისწავლეს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები. მათ მიერ ნანახ კადრებში დავითაძის მიერ აღწერილი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა.
თუმცა, თავად აპარატი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამისა, გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს. აპარატის თანახმად, პატიმრის საჩივარი ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ერთმანეთთან შეჯერების გზით უნდა შემოწმდეს.
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, გამოძიების შედეგები საზოგადოებას მოკლე ვადაში გააცნოს.
5 ოქტომბერს ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ გავრცელებულ კადრებში უშუალოდ სექსუალური ძალადობა არ ჩანს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა პატიმრის სხეულში თითით შეღწევა დათვალიერების პროცედურის ნაწილი იყოს, იოსელიანმა თავდაპირველად თქვა, რომ შესაბამისი დებულების ნახვა იყო საჭირო:
ჟურნალისტი: (დავითაძე ამბობს, რომ) თითით შეღწევა იგრძნო ორგანიზმში. ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილია?
ომბუდსმენი: ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის დეტექტორით და სკანერით, ეს დებულებაში გაწერილია.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა იმას, რაც კადრში არ ჩანს, იოსელიანმა უპასუხა:
„რაც არ ჩანს, უნდა გამოიძიოს პროკურატურამ“.
კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ არ არსებობს
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო და განმარტება მძიმე ბრალდებაზე საკმარის პასუხად ვერ ჩაითვლება. 10-ზე მეტმა ორგანიზაციამ ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება მოითხოვა.
მათ შორის არიან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საფარი“ და სხვა ორგანიზაციები.
განცხადებაში, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, ისინი სვამენ რვა ძირითად კითხვას:
__რატომ გახდა დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა აუცილებელი;
__ კონკრეტულად რა ქმედება უძღოდა ამას წინ;
__ იყო თუ არა ეს ზომა აუცილებელი და პროპორციული;
__ რატომ იმყოფებოდა ოთახში დაახლოებით ათი თანამშრომელი;
__ ვინ იყვნენ ისინი და რას აკეთებდა თითოეული;
__ სრული და უწყვეტია თუ არა გამოქვეყნებული ვიდეო;
__ შენახულია თუ არა ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი დამოუკიდებლად შემოწმება;
__ არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები.
„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
რატომ არ აქვს გამოქვეყნებულ ვიდეოს ხმა
კიდევ ერთი საკითხი ვიდეოს აუდიოჩანაწერს ეხება.
5 ოქტომბერს ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ხმა თავდაპირველ ჩანაწერს. მინისტრმა ამ კითხვას არ უპასუხა.
როდესაც მას ზოგადად ჰკითხეს, აქვს თუ არა დეესკალაციის ოთახებში დამონტაჟებულ კამერებს ხმის ჩაწერის ფუნქცია, სალიამ თქვა:
„არ გიპასუხებთ“.
მოგვიანებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მინისტრმა განაცხადა, რომ კანონმდებლობა ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს.
სალიამ ასევე ვერ დაასახელა მიზეზი, რის გამოც დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს და ამ კითხვით ჟურნალისტები პენიტენციურ სამსახურთან გადაამისამართა.
სალია ამბობს, რომ გიორგი დავითაძის თავდაპირველ ბრალდებაზე გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო პასუხისთვის მისი დასრულებაა საჭირო.
„თუ ვინმე ეცდება, პენიტენციურ დაწესებულებაში, შიგნიდან თუ გარედან, ხელი შეუწყოს ან რაიმე ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, დეზორგანიზაციის შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამასაც ექნება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, საჯაროდ გაკეთებული ზოგიერთი განცხადება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, თუმცა კონკრეტული პირები ან განცხადებები არ დაუსახელებია.
ციხეები – საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა
ციხეებში ძალადობის თემა საქართველოში მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხი არ არის.
მას ქვეყნის უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – 2012 წელს სწორედ პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა იქცა ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტექსტად.
2012 წლის 18 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე, ქართულმა ტელევიზიებმა გლდანის მერვე ციხეში გადაღებული ვიდეოები გაავრცელეს.
კადრებში პატიმრების ცემა, დამცირება და სექსუალური ძალადობა ჩანდა. გამოქვეყნებას თბილისში და სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ვიდეოებმა ის პრობლემა გახადა ხილული, რომლის შესახებაც უფლებადამცველები მანამდეც საუბრობდნენ. Human Rights Watch-ის 2013 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ კადრებმა პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ხანგრძლივი პრობლემა გამოააშკარავა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ციხეებში ძალადობის სისტემური ხასიათიც აღიარა. თანამდებობები დატოვეს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ხოლო პენიტენციური სისტემის თანამშრომლები დააკავეს.
რამდენიმე დღეში ციხეების საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება დაკარგა და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა.
ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება სწორედ წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებული ძალადობრივი პენიტენციური სისტემის შეცვლა და პატიმართა უფლებების დაცვა იყო.
თუმცა, ბოლო წლების მონაცემები და უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის საკითხი კვლავ მწვავედ დგას. საუბარია არა მხოლოდ ციხეებზე, არამედ პოლიციის განყოფილებებზე, დაკავების პროცესსა და საპროტესტო აქციებზე.
2026 წლის ივნისში ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებაში დაწერეს, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა საქართველოში, მათი შეფასებით, „სისტემურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად“ იქცა.
მსგავს სურათს აღწერს Amnesty International-იც.
ამავე პერიოდში კვლავ იზრდება პენიტენციური სისტემის მასშტაბიც. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ჯამურად 22 767 მსჯავრდებული მოხვდა – 25.5 პროცენტით მეტი, ვიდრე წინა წელს და ყველაზე მეტი შესაბამისი სტატისტიკის წარმოების განმავლობაში.
2024 წლის მონაცემებით კი, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზე იყო.
რა ხდება ციხეებში
დავითაძის ბრალდების გასაჯაროების შემდეგ რუსთავის №6 ციხეში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 3-4 ოქტომბერს მისი წარმომადგენლები შეხვდნენ სამ პატიმარს, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. მათ ომბუდსმენის წარმომადგენლებს პროტესტის მიზეზებსა და ციხეში არსებულ პირობებზე უამბეს.
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ეს პატიმრები დავითაძისადმი სოლიდარობის გამო გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახებში. უწყების განცხადებით, ამის მიზეზი თავად პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა იყო.
სამსახურის ვერსიით, 2 ოქტომბერს ერთ-ერთმა პატიმარმა №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს მუცელში ფეხი ჩაარტყა.
4 ოქტომბერს კი კიდევ ორმა მსჯავრდებულმა სეირნობიდან დაბრუნებისას თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყებამ ამ ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
4 ოქტომბრის საღამოს ინციდენტი მოხდა თავად დავითაძის მონაწილეობითაც. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მან თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ რამდენიმე მცირე ზომის გაურკვეველი საგანი გადაყლაპა. დავითაძეს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.
მომდევნო დღეს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დავითაძეს შეხვდა. პატიმრის თქმით, თავს კარგად გრძნობდა, კლინიკაში გადასვლაზე უარი კი მისი პროტესტის ნაწილი იყო.
დავითაძემ თქვა, რომ კლინიკაში არ წავიდოდა, სანამ მის მხარდასაჭერად პროტესტის გამომხატველ სამ პატიმარს დეესკალაციის ოთახებიდან საკუთარ საკნებში არ დააბრუნებდნენ.
ამ მოვლენების ფონზე კიდევ ერთი პატიმრის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ადვოკატ ანა აკოფოვას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლაშა ჩაჩანიძე №6 დაწესებულებაში მას შემდეგ სცემეს, რაც მან საკნიდან შეძახილებით დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატის თქმით, ჩაჩანიძე კიდევ ორ პატიმართან ერთად ბათუმის №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აკოფოვა ამბობს, რომ პატიმარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. მისი მონაყოლით, სავარაუდო ძალადობაში დაახლოებით ათამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ადვოკატი სამედიცინო ექსპერტიზას და შესაბამისი ვიდეოჩანაწერების შენახვას ითხოვს. მისი თქმით, ჩანაწერებით შესაძლებელი უნდა იყოს იმის დადგენა, რა მდგომარეობაში გაიყვანეს ჩაჩანიძე საკნიდან და რა მდგომარეობაში დააბრუნეს.
პენიტენციური სამსახური ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს:
„მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ამას“.
სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია და პატიმარს მოინახულებს.
№6 ციხეში დაძაბულ ვითარებაზე დაწერა პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა საბა სხვიტარიძემაც. მის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატიმრების ნაწილი სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს, ნაწილი დეესკალაციის ოთახებში მოათავსეს, რამდენიმე მათგანმა კი შიმშილობა დაიწყო. განცხადებაში ასევე საუბარია პატიმრის ცემასა და თვითდაზიანებაზე.
პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციასაც უარყოფს. უწყების განცხადებით, №6 დაწესებულებაში „სრული სიმშვიდეა“. სამსახური უარყოფს როგორც პატიმრის თვითდაზიანების, ისე შიმშილობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ამ დროისთვის გიორგი დავითაძე კვლავ იმ დაწესებულებაში რჩება, რომლის თანამშრომლებსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
პროკურატურის გამოძიება, რომელიც სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, დასრულებული არ არის. ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ გამოძიების მონიტორინგს აგრძელებს და პროკურატურას შედეგების საზოგადოებისთვის მოკლე ვადაში წარდგენისკენ მოუწოდებს.