აფხაზეთი აქტიურად ემზადება რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის, რომელიც 2026 წლის 20 სექტემბერს გაიმართება. ვინაიდან აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას ორმაგი, აფხაზური და რუსული მოქალაქეობა აქვს, მათ ამ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც აქვთ.
საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის მსოფლიოს 152 ქვეყანაში 319 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 35 — ანუ 10 პროცენტზე მეტი აფხაზეთში განთავსდება.
ბევრს მიაჩნია, რომ 250 ათასი მოსახლეობის მქონე აფხაზეთისთვის ეს რაოდენობა გარკვეულწილად გადაჭარბებულია.
ერთ-ერთი უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით ცნობილი აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი ახრა ბჟანიაა. მისი აზრით, საარჩევნო უბნების ასეთი „სიჭარბე“ და აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიზნად ისახავს აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთთან გარკვეული „კუთვნილების“ განცდის შექმნას.
„საზღვარგარეთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებისთვის ხმის მიცემის სტანდარტული პროცედურა არსებობს.
ჩვეულებრივ, იხსნება 2-3 საარჩევნო უბანი, პლუს ერთი უბანი საკონსულოში ან საელჩოში. და სულ ეს არის.
აფხაზეთს არ შეუძლია საკუთარი ბიუჯეტიდან უცხო სახელმწიფოს კონსტიტუციური ღონისძიების უზრუნველსაყოფად ხარჯების გაწევა. ეს აბსურდია.
თუ მეტყვიან, რომ კამპანიის ხარჯებს რუსული მხარე ფარავს, ეს კიდევ უფრო უარესია!
აგიხსნით, რატომ: აფხაზეთიდან მიღებული 50 ან 60 ათასი ხმა სახელმწიფო დუმის პარტიების საერთო განლაგებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ესე იგი, აქ საარჩევნო კამპანიას სხვა, იდეოლოგიური მიზანი აქვს — აფხაზეთის მოქალაქეებში რუსეთთან ერთიანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სივრცის განცდის შექმნა. შემდეგ კი საერთო სახელმწიფომდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
ეჭვი არ მეპარება, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, რომლებისთვისაც რუსეთის პოლიტიკური პარტიების პროგრამებს შორის განსხვავებებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სახელმწიფო დუმის არჩევნები მათთვის მხოლოდ სამოქალაქო კი არა, პოლიტიკური აქტიც არის.
მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ წინასწარ უნდა დაგეგმონ საკუთარი გრაფიკი და ხმა სოჭში, კრასნოდარში ან მოსკოვში მისცენ, როგორც ამას სომხეთში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ.
ჩვენთან კი მთელი რესპუბლიკა სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოწოდებების ბანერებით არის გადაჭედილი! 35 საარჩევნო უბნის გახსნას ვგეგმავთ – იმდენის, რამდენიც ჩვენს საკუთარ საპრეზიდენტო არჩევნებზე იხსნება!
მე და არა მხოლოდ მე, ეს უცნაურად და ჩვენი სახელმწიფოს სტატუსისა და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დონისთვის შეუსაბამოდ მეჩვენება“.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას