აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა თაღლითობის შემთხვევების გამო დაზარალდა.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ, აფხაზეთში, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის ფარგლებში შესაძლო თაღლითობის 34 ფაქტზე, შემოწმების პროცედურა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში მთავრობა უსასყიდლოდ აფინანსებდა ცალკეულ პროექტებს, რომელთა მიზანიც მცირე საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარება იყო. პროგრამის ბენეფიციარებს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და მათთან შექმნილი სპეციალური კომისიები არჩევდნენ.
დამტკიცებული პროექტების ნაწილი უკვე სრულად დაფინანსებულია. თუმცა, პრეზიდენტ ბადრა გუნბას დავალებით ჩატარებული შემოწმებისას გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში თანხა დახარჯული იყო, მაგრამ სამუშაოები, რომელთა შესასრულებლადაც ის გამოიყო, არ განხორციელებულა.
ასეთი შეუსრულებელი პროექტების რაოდენობამ 34 შეადგინა.
მიყენებული ზარალის ოდენობას, ოფიციალური უწყებები გამოძიების დასრულებამდე, არ ასახელებენ. თუმცა ცნობილია, რომ 2025 წელს პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 261 მილიონი რუბლი [3,5 მილიონი დოლარი] გამოიყო, პროგრამის მონაწილედ კი 265 განმცხადებელი დამტკიცდა.
გამოდის, რომ დამტკიცებული პროექტებიდან ყოველი მერვე ფიქტიური აღმოჩნდა.
ამჟამად პრეზიდენტმა პროკურატურას მოპარული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება დაავალა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეების შემდგომი მსვლელობა და მათი სასამართლომდე მიყვანა.
„სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ბიუჯეტიდან ასეთი მნიშვნელოვანი თანხები გამოეყო, მოქალაქეებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქვან როგორც ჩვეულებრივი მატერიალური დახმარება ან სუბსიდია. ეს ქვეყნის პრეზიდენტის მკაფიო დავალებაა, რომელსაც განუხრელად შევასრულებთ. ასეთ სახელმწიფო პროგრამებს სრულიად განსხვავებული მისია აკისრია. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ რესურსების განაწილება კი არა, სიცოცხლისუნარიანი სამუშაო ადგილების შექმნა, წარმოების წახალისება და ადგილებზე რეალური ეკონომიკური საფუძვლის განვითარებაა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ჯანსუხ ნანბამ.
ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის შემოწმების ინიციატივა პირადად გამოიჩინა, ჟურნალისტებს ამ პროგრამის რეალურ მდგომარეობაზე ეჭვის შეტანის საფუძველს აძლევს.
„თუ პრეზიდენტი ძალოვან უწყებებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კონტროლისთვის უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნას ავალებს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ამ პროგრამებში აშკარად ყველაფერი რიგზე არ არის. როგორც ჩანს, ვიღაცამ უკვე გადაწყვიტა, მეწარმეების სახელმწიფო მხარდაჭერით სოლიდური სარგებელი ენახა. ახლა ძალოვან უწყებებს რამდენიმე გზა აქვთ: უბრალოდ შეაშინონ ისინი, რომ მომავალში აღარ მოიპარონ; გამოიძიონ ის, რისი მოპარვაც უკვე მოასწრეს; ან თავადაც წილი მიიღონ“, – წერს Telegram-არხი „რესპუბლიკა“.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას