პროცესები კამერების გარეშე. როგორ დაიხურა მედიისთვის ქართული სასამართლო
გადაღების აკრძალვა სასამართლოში
უკვე ერთი წელზე მეტია, საქართველოში სასამართლო პროცესების გადაღება სრულად აიკრძალა.
2025 წლის ივლისიდან, ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა აკრძალულია არამხოლოდ სასამართლოს დარბაზებში, არამედ, შენობის დერეფანსა და ეზოშიც კი. აკრძალვა იმ დროს დაწესდა, როცა სასამართლო პროევროპული აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეებს განიხილავდა – საქმეებს, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტები სასამართლოების გალავნის გარეთ მუშაობენ. ისინი მზეში, წვიმაში, თოვლსა და ქარში საათობით ელოდებიან პროცესების დასრულებას. შემდეგ კი რესპონდენტებს ღია სივრცეში, სამშენებლო მტვერსა და მანქანების ხმაურში წერენ.
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
- TI: 41 ნაბიჯი რუსეთისკენ – “ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
- საია-ს კვლევა: 2024 წლიდან მიღებული კანონები ფუნდამენტურ უფლებებზე გავლენას ახდენს
საქართველოში სასამართლო ერთხელ უკვე იყო დახურული მედიისთვის. ეს 2007 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას მოხდა. თუმცა, 2013 წელს, სამართლიანობის აღდგენისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების ლოზუნგით მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს სხდომები გახსნა და ეს საკუთარ მნიშვნელოვან მიღწევად გამოაცხადა.
როგორ შეიცვალა მედიის მუშაობის წესები ქართულ სასამართლოებში? რა უძღოდა წინ ახალ შეზღუდვებს? და როგორ დაბრუნდა ქვეყანა პრაქტიკასთან, რომლის გაუქმებითაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ამაყობდა?
ბოლო ცვლილება – გადაღების აკრძალვა სასამართლოში
ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში “ქართულმა ოცნებამ”, გასულ ზაფხულს, დაჩქარებული წესით მიიღო. დაინიციირებიდან ექვს დღეში.
პარლამენტმა, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება”და მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიები არიან, 2025 წლის 26 ივნისს, კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის დამტკიცებას 80-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ცვლილებები ოთხ დღეში, 30 ივნისიდან ამოქმედდა.
ამ ცვლილებებით:
- აიკრძალა სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა.
- განისაზღვრა, რომ ამიერიდან ამის უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
ცვლილებებში ჩაიწერა, რომ:
- სასამართლოს შეუძლია თავად გაავრცელოს პროცესის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
- მედიამ კი, გადაღების უფლების მოსაპოვებლად, წინასწარ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. და, ეს უწყება გადაწყვეტს, მისცემს ვინმეს გადაღების უფლებას თუ არა, ან, როდის დართავს ამის ნებას და როდის არა.
ჟურნალისტებმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმავე დღეს (30 ივნისს) მიმართეს, კონკრეტული სასამართლო პროცესების გადაღების ნებართვით. თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.
იმავე საღამოს, ჟურნალისტები, პროტესტის ნიშნად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მივიდნენ. მათ საბჭოს სხდომაზე დასწრება სურდათ. მაგრამ, მანდატურის სამსახურმა შესაძლებლობა არ მისცა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჟურნალისტებმა ამის შემდეგაც არაერთხელ მიმართეს. მაგრამ, უშედეგოდ.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” ყველა რეზონანსულ სასამართლო პროცესს აშუქებს. ამ გამოცემის ჟურნალისტებს, იუსტიციის საბჭოში 20-მდე განცხადება აქვს შეტანილი.
ნათია ამირანაშვილი, ვინც ყველაზე ხშირად აშუქებს სასამართლო სხდომებს, ამბობს, რომ არცერთ განცხადებაზე არ მიუღიათ პასუხი:
“არც ნებართვა, არც უარი. არც განცხადების ფორმალურ მხარეზე, ხარვეზზე მითითება (არსებობის შემთხვევაში). ერთი-ერთი განცხადების პასუხად მეილზე მოგვწერეს, რომ განცხადებები შეგვეტანა არა ელეტრონულად, არამედ ფიზიკური სახით. ეს გვიქმნის განცდას, რომ სცადეს, უფრო გაერთულებინათ მედიისთვის განცხადებების ჩაბარების პროცედურა“.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცესების გაშუქების ნებართვა მხოლოდ ერთხელ გასცა. ისიც, შერჩევითად. პროსამთავრობო არხებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაეღოთ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი.
რა უძღოდა წინ ცვლილებებს
სასამართლოს დახურვა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეები განიხილებოდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში ნათქვამია, რომ ეს საქმეები ვერ აკმაყოფილებდასამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
ვიდეომასალები და ფოტორეპორტაჟები სასამართლო პროცესებიდან, ამას ძალიან მკაფიოდ აჩვენებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოველდღე ათობით სასამართლო პროცესი იმართებოდა. მედია სხდომებს პირდაპირ სასამართლო დარბაზებიდან აშუქებდა.
ჟურნალისტები ლეპტოპებით ისხდნენ პროცესებზე. ისინი სხდომების პარალელურად, ყვებოდნენ სოციალურ ქსელში რა ხდებოდა პროცესზე. შესვენებისას კი სასამართლოს დერეფნებიდანვე აქვეყნებდნენ ვიდეოებსა და ფოტორეპორტაჟებს.
საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ მედიის ასეთი მუშაობის დამსახურებით, “ქართულმა ოცნებამ” დაკავებულების კრიმინალებად წარმოჩენის დეზინფორმაციული კამპანია წააგო.
“მედიის თანმიმდევრულმა და ძალიან მნიშვნელოვანმა შრომამ გახადა შესაძლებელი, საზოგადოებას ნათლად დაენახა, რა მასშტაბის სამართლებრივ თუ მორალურ შეუსაბამობებს აქვს ადგილი პროცესებზე. რამდენად უხეშად ირღვევა კანონი სასამართლოს, ბრალდების თუ მათი მოწმეების მხრიდან. რამდენად არამგრძნობიარეა სასამართლო ბრალდებულებისა თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ”, – წერს შეფასებაში “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (EMC).
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ამაღლებდა ბრალდბულების მიმართ საზოგადოების სოლიდარობას. ასევე, ნათლად აჩვენებდა რა გამოწვევებია სასამართლო სისტემაში:
“ეს კი, „ქართული ოცნებისა“ და სასამართლო კლანისათვის, ბუნებრივია, მიუღებელი და საფრთხის შემცველი აღმოჩნდა“.
ჟურნალისტები, რომლებიც სასამართლო პროცესებს აშუქებდნენ, სასამართლოს მოსალოდნელ დახურვას დიდი ხნით ადრე გრძნობდნენ.
მინდა გაბაძეს, “პუბლიკის” ფოტორეპორტიორს, სინდისის პატიმრების ალბათ არცერთი პროცესი არ აქვს გამოტოვებული. ის ამ სასამართლო სხდომების ერთ-ერთი, მთავარი მემატიანე იყო. მან უნიკალური არქივი შექმნა.
ბლოგში “ფოტორეპორტორის საბოლოო სიტყვა“, მინდია აღწერს, რომ სასამართლოში სულ ცდილობდნენ, ჟურნალისტებისთვის არ მიეცათ გადაღების უფლება.
“ჩემი ფოტოაპარატი არაერთ კადრს ინახავს, რომელზეც სასამართლოს პრესსამსახურის ან რომელიმე მანდატურის აფარებული ხელი ჩანს. განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდათ ბრალდებულების სხდომათა დარბაზში შემოსვლისა და დამშვიდობების კადრების გადაღების ჩასაშლელად. რაც შეიძლება ნაკლები ემოციური კადრი – პრესსამსახურის დანიშნულებაც სწორედ ეს იყო. ისინი საათობით მიმდინარე პროცესებს სწორედ ამის გამო ესწრებოდნენ”, – წერს იგი
ქართული სასამართლო ერთხელ უკვე იყო დახურული. 2007 – 2013 წლების ქრონოლოგია
პროცესების საჯაროობა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღებიდანვე, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო. საქმეები ღია პროცესებზე უნდა განხილულიყო. ასევე, სხდომაზე ნებადართული უნდა ყოფილიყო ფოტო და ვიდეო გადაღება.
მაგრამ, რაღაც დროს, სასამართლო პროცესები ყველა ხელისუფლებისთვის პრობლემა ხდებოდა. ასე მოხდა წინა ხელისუფლების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროსაც.
2007 წელს ქართული სასამართლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს განიხილავდა. სანდრო გირგვლიანი, ახალგაზრდა, 28 წლის ბანკირი იყო. 2006 წელს, თბილისში, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად, ის გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გირგვლიანი მოკლული იყო.
ამ საქმეში მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ – სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. საქმე ძალიან რეზონანსული იყო. არსებობდა ეჭვი, რომ გამოძიება დამნაშავეებს მფარველობდა.
2007 წლის 11 ივლისს სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. სასამართლოს შენობაში და სხდომის დარბაზში ფოტო და ვიდეო გადაღება მკაცრად აიკრძალა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კამერები გავლენას ახდენდნენ მოწმეებზე, პროცესის მონაწილეებზე და თავად მართლმსაჯულებაზე.
მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკა. ის მიიჩნევდა, რომ ეს სამართალიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იყო.
ახლა სოზარ სუბარი პარლამენტის დეპუტატი და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მხარდამჭერია. (ის პარლამენტში 2012 წელს “ქართული ოცნების” კვოტით მოხვდა. ბოლო არჩევნების შემდეგ კი, მართველი პარტიის სატელიტი “ხალხის ძალის” წარმომადეგენელია).
2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ახალი ხელისუფლება, “ქართული ოცნება”, სასამართლოს ღიაობას მთავარ პოლიტიკურ დაპირებად ასახელებდა. მართლაც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი სასამართლო რეფორმა დაიწყო.
2013 წლის გაზაფხულზე სასამართლო მედიისთვის ისევ გაიხსნა. თუმცა ნაწილობრივ. პროცესების ვიდეოგადაღების სრული უფლება მიენიჭა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. გადაღების შემდეგ, ის ვალდებული იყო, ჩანაწერი სხვა მედიებისთვისაც გაეზიარებინა.
თუ მას რომელიმე პროცესი არ აინტერესებდა, მაშინ გადაღება სხვა ტელეკომპანიას შეეძლო. ამისთვის, სხდომის დაწყებამდე მას საქმის განმხილველი მოსამართლისთვის უნდა მიემართა.
დამატებით, ნებადართული იყო ყველა ტიპის გაშუქება სასამართლოს შენობასა თუ ეზოში. დარბაზებში პროცესების ფოტოგადაღებისთვისაც მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლის ნებართვა იყო საჭირო. გადაღების უფლება ერთ მედიას ჰქონდა. შემდეგ ის ფოტომასალას სხვებსაც უზიარებდა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განსაკუთრებით ამაყობდა.
რა დაკარგა ბოლო ცვლილებებით აუდიტორიამ
ნინა ბაიდაური, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, ბოლო ორი წელია, სამუშაო დროის დიდ ნაწილს სასამართლოში ატარებს. ცვლილებებამდე “ნეტგაზეთს”, სასამართლოდან ჰქონდა ფოტო და ვიდეო მასალებიც.
ახლა ნინა ცდილობს მხოლოდ ტექსტით ისე მოჰყვეს ამბავი, რომ აუდიტორიამ ბრალდებულების ემოცია, მათი სხეულის ენა, ქცევა, ნათლად წარმოიდგინოს.
“როგორ ოსტატურადაც არ უნდა წერდე, თანამედროვე სამყაროში, საინფორმაციო ომში, მხოლოდ ტექსტს არ აქვს იმხელა გავლენა, რაც კადრთან ერთად ჰქონდა. ეს ძალიან დაეტყო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს”, – ამბობს იგი.
ჟურნალისტი იმ პირთა საქმეებს გულისხმობს, რომელთა არსებითი განხილვაც სასამართლოს დახურვის შემდეგ დაიწყო:
“ისინი უკვე ვეღარ გადავიღეთ. საზოგადოებას ვერ გავაცანით. ვერ ვაჩვენეთ მათი ემოციები, გამომატყველება. ვერ მოვასმენინეთ ხმები. გულთან ახლოს ნაკლებად მიიტანეს, რაც ვერ დაინახეს. და რაც გულთან ახლოს ნაკლებად მივიდა, ის ყურადღების მიღმაც მეტად დარჩა”.
კიდევ რატომ არის ეს ცვლილებები პრობლემური
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ცვლილებებს არ განიხილავენ როგორც მხოლოდ მედიის მუშაობის შეზღუდვას. მათი შეფასებით, ეს არის მცდელობა, სასამართლო “ქართული ოცნების” ხელში პოლიტიკურ იარაღად იქცეს.
მათი შეფასებით, ცვლილებები, ეწინააღმდეგება სასამართლოს ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპს.
მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ცვლილებები „აბრუნებს 2007-2013 წლებში არსებულ პრაქტიკას“, როდესაც სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება მკაცრად იზღუდებოდა
“ცვლილებები, „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის საბოლოოდ კონსოლიდაციისა და სტაბილიზაციის დაჩქარებულად მიმდინარე პროცესის კიდევ ერთი, არსებითი და საგანგაშო ელემენტია“, – წერს შეფასებაში “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (EMC).
მამუკა ანდღულაძე, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარე, ამბობს, რომ სასამართლოს ღიაობით, პირველ რიგში, თავად სასამართლო უნდა იყოს დაინტერესებული.
“ღიაობა არის საშუალება დაარწმუნო საზოგადოება, რომ სასამართლოში კანონის უზენაესობა დაცულია. მაგრამ, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან დაინტერესებული საჯაროობით, უფრო პირიქით“, – ამბობს იგი.
გადაღების აკრძალვა სასამართლოში