სროლა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. დაკავებულია ერთი ადამიანი
სროლის ხმა იყო მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდებარე გვირაბში. იქ სამართალდამცავებმა ტყვიის რამდენიმე მასრა იპოვეს. ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
“გავიგე გასროლის ხმა და ის მანქანაც დავინახე, რომელმაც იმ დროს გაიარა. სხვა მანქანა იქ არ ყოფილა, ეს იყო თეთრი ფერის „ტოიოტა ქემრი“ შავი შუშებით. ძალიან გავდა სახელმწიფო მანქანას. ვინ იყო, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია, ხალხის დაშინებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „მთავარ არხთან“.
● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან
● რა თქვა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში
ბიზნესცენტრთან მყოფი აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ გაზდელიანმა უთხრა, ბიზნესცენტრთან სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა.
“ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად”, – ამბობს ბესიკ გაზდელიანმა.
ფაქტიდან ორი საათის შემდეგ, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ის 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი საქართველოს მოქალაქეა.
მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
● ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან