ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ არც ერთი ხელმომწერი პარტია „ქართული ოცნებასთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნის.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია – ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ამიტომ ის, ვინც ამ არჩევნებს მოიგებს, იქნება ქვეყნის მმართველი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.
შეთანხმებას დღეს „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მოეწერა ხელი.
ხელმომწერები არიან:
- სტრატეგია აღმაშენებელი
- გირჩი
- ევროპული საქართველო
- ევროპელი დემოკრატები
- გამარჯვებული საქართველო
- ერთიანი საქართველო
- რესპუბლიკური პარტია
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- მოძრაობა ხალხისთვის
- ლეიბორისტული პარტია
მემორანდუმში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და შექმნის ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობას.
● სენატორი რიში: ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
● საპარლამენტო არჩევნები 2020. მოკლედ, რაც უნდა იცოდეთ
● კორონავირუსის გამო ათასობით ამომრჩეველი არჩევანს ვერ გააკეთებს
პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, არც ერთი პარტია არ შეასრულებს “მისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის] მაშველი რგოლის ფუნქციას”.
“ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზე არსებობს ყველაზე ფართო ოპოზიციური კონსენსუსი, რაც კი დღემდე ყოფილა” – აღნიშნავს თინა ბოკუჩავა.
“ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ არის დაფიქსირებული პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ნება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ არ ითანამშრომლებს ივანიშვილთან, მის “ქართულ ოცნებასთან და ამ პრორუსულ ძალასთან” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
მემორანდუმის ტექსტი:
“ქვემორე ხელმომწერი პარტიები ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ:
- მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით;
- ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში;
- ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით;
- “ნორმალიზების პოლიტიკის” საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით;
ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არცერთ მოცემულობაში არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ”.