სომხეთის საელჩო: სიცრუეა, თითქოს საქართველო არ ატარებს საწვავს და ჰუმანიტარულ ტვირთს
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის იმპორტს და არ ატარებს ჰუმანიტარულ დახმარებას, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩოს ფეისბუკ-გვერდზე 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საწვავის და ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირების პრობლემა არ არის“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საელჩო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.
„საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, რათა სწრაფად მოხდეს საკითხის მოგვარება. ასევე მოგიწოდებთ არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ზიანს აყენებს სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.