კაია კალასი: ევროპის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
გაზიარება
გაზიარება
კაია კალასის განცხადება
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის.
კვიპროსში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე “ბევრი არაფერი ხდება“, მაშინ როცა, მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე “სუსტ პოზიციაში“ იმყოფება.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმ ძირითად მოთხოვნებზე, რომლებიც ევროკავშირს რუსეთის მიმართ აქვს და რომლებიც პოტენციურ მოლაპარაკებებში შეიძლება დადგეს.
კითხვაზე, რა საკითხების წამოყენებას აპირებს ევროკავშირი მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში, კალასმა თქვა, რომ თებერვალში უკვე წარადგინა დოკუმენტი, სადაც ევროკავშირის ხედვებია ჩამოყალიბებული.
“მე თებერვალში უკვე წარვადგინე დოკუმენტი, რომელშიც ყველა საკითხი დავასახელე – დაწყებული იმით, რომ რუსეთმა რეალურად პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც მათ აიღეს ვალდებულება, რომ მეზობლებს თავს არ დაესხმებოდნენ და მათ სუვერენიტეტს პატივს სცემდნენ,“ – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინას წაუყენა, თავად მოსკოვსაც უნდა შეეხოს.
“მაგალითად, თუ საუბარია სამხედრო ძალების შეზღუდვაზე, იგივე რუსეთსაც უნდა მოვთხოვოთ. ასევე არსებობს უფრო ზოგადი საკითხებიც: თუ შევხედავთ რუსულ ჯარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში შედის ისიც, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ,“ – თქვა მან.
კალასმა აღნიშნა, რომ ეს “მაქსიმალისტური პოზიციაა“, თუმცა დაამატა, რომ მსგავსი მიდგომა თავად კრემლსაც აქვს და მოლაპარაკებებზე ისიც მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მსგავსი განცხადება მიმდინარე წლის თებერვალშიც გააკეთა. მაშინ მან თქვა, რომ “გრძელვადიანი მშვიდობისთვის“ რუსეთმა უნდა დატოვოს “ყველა ოკუპირებული ტერიტორია, სადაც იმყოფება“.
“ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ: რუსების მხრიდან მოთხოვნები საერთოდ არ არის რეალისტური. ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ მიწებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ აქვთ დაპყრობილი.
მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანმხება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.“ – აცხადებდა კალასი 23 თებერვალს.