სომხეთის ექს-პრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლდა
სააპელაციო სასამართლომ სომხეთის ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მისი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
მოსამართლე არსენ ნიკოგოსიანმა გირაოდ სომხეთისთვის უპრეცედენტოდ მაღალი თანხა დაასახელა – 2 მილიარდი დრამი (4 მილიონი დოლარი).
ქოჩარიანის დაცვამ ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 13 მაისს, მოსამართლე ანა დანიბექიანმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეეცვალა პატიმრობაში მყოფი ქოჩარიანისთვის შეფარებული აღკვეთის ღონისძიება და არ გაეთავისუფლებინა ის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრემიერ-მინისტრების პირადი გარანტიის ქვეშ.
- სასამართლომ სომხეთის ექსპრეზიდენტი ციხეში დატოვა
- მოსამართლე უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, გამოვა თუ არა ციხიდან სომხეთის ექს-პრეზიდენტი
ადვოკატების საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს იმ მოსამართლის პროფესიონალიზმსა და მაღალ რეიტინგს, რომელმაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ის ბრალდებულია ე.წ. 1 მარტის საქმეზე. 2018 წლის ივლისში, რობერტ ქოჩარიანს კონსტიტუციური წყობის დამხობაში დასდეს ბრალი. საუბარია 2008 წლის მარტში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილი მოქალაქეთა დემონსტრაციის დარბევაზე. მაშინ, ერევანში, საბრძოლო შეიარაღება გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი.
2018 წლის გაზაფხულის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ამ მოვლენების გამოძიება განაახლა და ერთ-ერთი პირველი ბრალდებული, რობერტ ქოჩარიანი გახდა.
ამ საქმეზე, პირველად ის 2018 წლის 28 ივლისს დააპატიმრეს. ექსპრეზიდენტის ადვოკატები არაერთხელ შეეცადნენ სასამართლოს დარწმუნებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ორჯერ მათ ეს მოახერხეს. ბოლოს, რობერტ ქოჩარიანი 2019 წლის 25 ივნისს დააკავეს.
ამ დროისთვის, რობერტ ქოჩარიანი მკურნალობას ერევნის ერთ-ერთ კლინიკაში გადის. გირაოს გადახდისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ, მას სახლში დაბრუნება შეეძლება.