შსს-მ 24 საათში 2 მლნ ლარზე მეტი თანხის ჯარიმა გამოწერა
ჯარიმები გამოუწერეს ყველას, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში შემოღებულ წესებს არ დაემორჩილა და არ დაიცვა მაღაზიაში ან აფთიაქში 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ღია სივრცეში ან მანქანაში 3-ზე მეტ ადამიანთან იმყოფებოდა ანდა კომენდანტის საათი დაარღვია.
3 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 27 გამოჯანმრთელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1-ელ და 2 აპრილს 706 ჯარიმა გამოწერეს. ჯარიმებით გამოწერილი თანხის ოდენობა 2 130 000 ლარია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათგან ორი კი უკანა სავარძელზე იჯდება.
მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებული უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.
იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.
აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- “რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ”. შვიდი ამბავი კარანტინიდან
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირი ჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.