საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან 21 აპრილამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრული კარანტინი ცხადდება – 21: 00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იკრძალება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
30 მარტის 17:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ერთი ექიმია. კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 18 გამოჯანმრთელდა. აქედან 2 ბავშვია.
კარანტინის პერიოდში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები და წესები:
• სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის;
• დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათგან ორი კი უკანა სავარძელზე იჯდება.
• მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებული უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.
• იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს მუშაობისთვის შესაბამისი პროტოკოლები ექნებათ.
• აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვეევაში, თუ ხანდაზმული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უნდა დაეხმაროს.
• ქალაქში გადაადგილების დროს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
• საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლისა და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოეწყობა შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. კონტროლს პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც განახორციელებენ.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- აფხაზეთი კორონავირუსს მოუმზადებელი ხვდება
- 15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ – მარში აფხაზეთში, ვიდეო
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.