"საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ" - შრომის ინსპექცია მეყვავილეების აქციას პასუხობს
გაზიარება
გაზიარება
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველები მთავრობის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვით, მათ გარე სივრცეში ვაჭრობა აეკრძალათ. თუმცა, შრომის ინსპექციაში ამბობენ, რომ საცალო/საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა – აკრძალული, და შეზღუდვების პირობებში მოვაჭრეებს დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ ვაჭრობის გაგრძელება.
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მსგავსი შეზღუდვები მთელ მსოფლიოში წესდება და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე.
გარემოვაჭრეების თქმით, გუშინ საღამოს, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ დღეიდან მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. თუმცა დღეს ისინი მაინც შეიკრიბნენ და ითხოვენ, მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ.
“ვითხოვთ მუშაობას, რომ მშიერი არ დამეხოცონ შვილები და შვილიშვილები. ვინც ეს კანონი შემოიღო, იმას და მის შვილებს ეყოფათ ერთჯერადი 200 და 300 ლარი?” — უთხრა გამოცემა On.ge-ს ყვავილების გამყიდველმა.
მოვაჭრეების თქმით, ისინი ონლაინმუშაობაზე ვერ გადავლენ, რადგან მათი მომხმარებელი იაფიან ყვავილებს ყიდულობს, ამიტომ ადგილზე მიტანისთვის კიდევ 5 ლარს არ დაამატებს.
მეყვავილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი დღესდღეობით ყვავილების გაყიდვით მიღებული ფულია.
ისინი მანამ არ აპირებენ დაშლას, სანამ მთავრობის წევრები არ შეხვდებიან. მათი თქმით, ამჟამად შრომის ინსპექცია აქციის ძალის გამოყენებით დაშლას, ადგილზე მყოფი ჟურნალისტების და ტელეკამერების გამო ერიდება.