"სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე დააკავეს
თბილისში დააკავეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე. პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც, მას პროკურატურის წარმომადგენლებმა ხელბორკილები დაადეს.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს გადაცემაში “საქართველოს დაბადება”, სადაც მან თქვა, რომ აფხაზეთში ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ “ხვრეტდნენ.”
7 აგვისტოს, პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით “სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე” გამოძიება დაიწყო.
დღეის მდგომარეობით, ერთდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრია ციხეში, ხოლო მეექვსე თავდაცვის მინისტრზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყოფილი თავდაცვის მინისტრებიდან დღეს ციხეში არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, გია ბარამიძე და ბაჩო ახალია, ხოლო დავით კეზერაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
რას ამბობს პორკურატურა
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განმარტებით, ბარამიძემ მიმდინარე წლის ივლისში, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, განაცხადა, რომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ტყვეებს არ აყვანდნენ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადების შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ გამორიცხა ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ან ომის სხვა მონაწილეების მიერ კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტის ფაქტები.
პროკურატურა ბარამიძის განცხადებებს „უსაფუძვლოსა და გამოგონილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.
უწყების განცხადებით, ბარამიძის განცხადებებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, თავდაცვის ძალების რეპუტაციას და აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ღირსებას. პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ განცხადებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.
პროკურატურის შეფასებით, ბარამიძის ქმედებებმა ასევე დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყება სასამართლოს ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურის განცხადებით, მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
რა თქვა გიორგი ბარამიძემ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აფხაზეთის ომზე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა.
ტყვეთა გაცვლის პროცესის გახსენებისას მან თქვა: „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით ბარამიძემ რამდენჯერმე განმარტა, რას გულისხმობდა.
მისი თქმით, საუბარი ეხებოდა ომის პირველ პერიოდს. იმ დროს ქართულ მხარეს რეგულარული და ორგანიზებული არმია ჯერ არ ჰყავდა. ბარამიძის შემდგომი განმარტებით, ბრძოლებში ახლობლების დაკარგვის გამო გამწარებული ადამიანები მოწინააღმდეგის მებრძოლებს ზოგჯერ ტყვედ არ იყვანდნენ.
„პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ, რადგან გამწარებულები იყვნენ – ეს არის მწარე სიმართლე ომის პირველ პერიოდთან დაკავშირებით, რაც მე ვიცი, რადგან ტყვეების გაცვლით მე ვიყავი დაკავებული“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. ქართულმა მხარემ ტყვეების აყვანა დაიწყო, რამაც გაცვლის შესაძლებლობა შექმნა.
ბარამიძე ამბობს, რომ თავადაც იყო ჩართული ამ პროცესში. მისი მტკიცებით, შედეგად დაახლოებით 200 ქართველი ტყვის დაბრუნება მოხერხდა.