მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანა: როგორ ცვლის ომი უკრაინის მიწასა და ბუნებას
ნაღმები უკრაინაში
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე მეტად დანაღმული ქვეყანაა. უკვე მეხუთე წელია, ანალიტიკოსები დაბინძურებული ტერიტორიების ფართობს სხვადასხვა ქვეყნის ზომას ადარებენ. ნაღმებითა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებით დაბინძურებული ტერიტორია უკვე დაახლოებით საბერძნეთის ან ნეპალის ფართობს უტოლდება.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ამ მძიმე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მდგომარეობა ყოველწლიურად რთულდება. ჩნდება ახალი საბრძოლო მასალები და ახალი საფრთხეები როგორც გამნაღმველებისთვის, ისე გარემოსთვის.
როგორ განსხვავდება განაღმვის პროცესი უკრაინის რეგიონებში და რა საფრთხეს ქმნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, წაიკითხეთ „ნოვოსტი დონბასას“ სტატიაში.
რუსი სამხედროები გამნაღმველებისთვის ნაღმ-ხაფანგებს აყენებენ
მაშველი რუსლან ანიკალოვი თავის გუნდთან ერთად ხერსონის ოლქიდან როტაციის შემდეგ დაბრუნდა. გამნაღმველებმა იქ 50 დღე იმუშავეს.
ანიკალოვი ზაპოროჟიეს ოლქიდანაა. 2022 წლიდან იგი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ტერიტორიებს ნაღმებისგან წმენდს. მისი თქმით, თითოეულ რეგიონში განსხვავებული ტიპის საბრძოლო მასალები გვხვდება.
„თითოეულ ოლქში თავისი ტიპის საბრძოლო მასალებია. ხარკოვის ოლქში ყველაზე ბევრია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც მიწაში უკვე ორი-სამი წელია დევს. ნიკოლაევის ოლქში ძირითადად რაკეტებია, რომლებიც დიდ მანძილზე მიფრინავდა.
ხერსონის ოლქში მრავალფეროვანი საბრძოლო მასალებია: ყველა ტიპის საინჟინრო საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჭურვები. ახლა შევამჩნიეთ, რომ ხერსონის ოლქში დამატებით გამნაღმველებისთვის განკუთვნილ ნაღმ-ხაფანგებსაც იყენებენ“, – ამბობს ზაპოროჟიეს ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პიროტექნიკური სამუშაოების დანაყოფის მექანიზებული განაღმვის ჯგუფის განყოფილების უფროსი რუსლან ანიკალოვი.

ზაპოროჟიეს ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მექანიზებული განაღმვის ჯგუფის განყოფილების უფროსი რუსლან ანიკალოვი. ფოტო: „ნოვოსტი დონბასა“
რუსლან ანიკალოვის თქმით, გასანაღმად ყველაზე რთული საინჟინრო საბრძოლო მასალებია. მათ შორისაა ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და გასაჭიმი მავთულით მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
რთულია კასეტურ ჭურვებთან მუშაობაც. მათი ტრანსპორტირება შეუძლებელია და ადგილზე უნდა განადგურდეს.
ნაღმ-ხაფანგების გარდა, გამნაღმველების მუშაობას საჰაერო განგაშები, დაბომბვა, ამინდი და რელიეფის თავისებურებები ართულებს.
„ხერსონის ოლქშიც, სადაც ჩვენ ვიყავით, საჰაერო განგაშებია. ხშირად დაფრინავენ „შაჰედები“ და სხვა დრონები, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც ზაპოროჟიეს ოლქში. იქ შესაძლებელია საფრთხის შესახებ წინასწარ გაიგო, დაიმალო და თავი გადაირჩინო“, – ამბობს გამნაღმველი.

ყველაზე მეტად დანაღმულია ხერსონის, დონეცკის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქები. დაბინძურებულია რუსეთთან მოსაზღვრე სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიც.
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამნაღმველები მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებენ, რათა მოსახლეობამ დაბრუნება რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს. თუმცა ტერიტორიების ჭურვებისა და ნაღმებისგან გაწმენდა ნელა მიმდინარეობს. გამნაღმველები საკმარისი არ არიან.
დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი საბრძოლო მასალა ბალახით დაიფარა, მიწაში ჩაიფლო ან ჩამოცვენილი ხეების ქვეშ მოექცა. ამიტომ ასეთი ადგილების განაღმვა განსაკუთრებით რთულია. ფრონტისპირა ტერიტორიებზე კი განმეორებითი დაბომბვის საფრთხე არსებობს.
გამნაღმველებს ამ ტერიტორიებზე წვდომა მაინც აქვთ. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა შეუძლებელია.
უცნობია, ატარებს თუ არა რუსეთი მის მიერ ე.წ. ახალ რეგიონებად გამოცხადებულ უკრაინულ ტერიტორიებზე განაღმვით სამუშაოებს და რა მასშტაბით.
ომი ყველაზე ძვირფას შავმიწა ნიადაგებს ანადგურებს
გამნაღმველების თქმით, გარემოზე გავლენის შეფასებისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს აფეთქებული საბრძოლო მასალა და ის, რომელსაც სპეციალისტები წესების დაცვით აუვნებელყოფენ. ამას გარემოსდამცველებიც ეთანხმებიან.
ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, თუ სად მოხვდა ჭურვი ან რაკეტა: ჰაერში, ნიადაგში თუ წყლის ობიექტში.
ეკოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტისა და ლაბორატორია „დოვკოლას“ სამეცნიერო ხელმძღვანელის, მაქსიმ სოროკას თქმით, საბრძოლო მასალის აფეთქება ატმოსფერულ ჰაერზე თითქმის არ მოქმედებს.
„ეს ზემოქმედება ყოველთვის მოკლევადიანი და ლოკალურია. აფეთქებიდან ან დაბომბვიდან უკვე ორი-სამი საათის შემდეგ კონკრეტულ ადგილას ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები ძველ ნორმას უბრუნდება. ერთადერთი გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მასშტაბური ხანძარი იწყება“, – ამბობს მაქსიმ სოროკა.
ნიადაგის შემთხვევაში ვითარება სრულიად განსხვავებულია. მიწაში დარჩენილი საბრძოლო მასალა მასზე შედარებით ნაკლებად მოქმედებს, თუმცა აუცილებელია ჰუმანიტარული განაღმვა, რათა ნაღმზე ადამიანები ან ცხოველები არ აფეთქდნენ.
აფეთქებული ჭურვები ნიადაგის ნაყოფიერებას ამცირებს, რადგან მთელ მონაკვეთებზე ჰუმუსსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს ანადგურებს.

„ჭურვების აფეთქებისას ნიადაგის ფენები ერთმანეთში ირევა. ვფიქრობ, ყველას უნახავს ნაყოფიერ მიწაზე, ჩვენს შავმიწა ნიადაგებზე გაჩენილი ნაცრისფერი, თიხიანი ორმოები. ეს მასა მიწიდან ამოიფრქვევა და სხვა ქანებს ერევა. შედეგად ჩვენი ნაყოფიერი ფენა მუდმივად ღარიბდება“, – ამბობს მაქსიმ სოროკა.
გარემოსდამცველი ხაზს უსვამს, რომ შავმიწა ნიადაგი პირველ რიგში სწორედ სხვა ქანებთან შერევის გამო ნადგურდება. რაც უფრო ნაკლებია ნიადაგში ჰუმუსის წილი, მით ნაკლებად ნაყოფიერია იგი.
„გული მტკივა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები შავმიწა ნიადაგების ყველაზე ძვირფას მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ეს უნიკალური მიწებია, რომლებიც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი საფუძველი იყო. საუბარია უკრაინის სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთზე“, – ამბობს გარემოსდამცველი.
წყლის ობიექტებში აფეთქებები პირველ რიგში ადგილობრივ ფაუნას აზიანებს. წყლის სიმკვრივე ჰაერისაზე მაღალია, ამიტომ აფეთქების ტალღა ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს.
„უკრაინაში გასანაღმი ტერიტორია უკვე ოთხჯერ აღემატება იმ ფართობს, რომლის გაწმენდაც 1990-იან წლებში ბალკანეთის ომების შემდეგ გახდა საჭირო. ბალკანეთში ტერიტორიები საერთაშორისო მხარდაჭერით გაწმინდეს. მიწებს ეტაპობრივად იკვლევდნენ და ასუფთავებდნენ, შემდეგ კი სოფლის მეურნეობასა და საცხოვრებელ ფონდს უბრუნებდნენ“, – იხსენებს მაქსიმ სოროკა.
მისი თქმით, დანაღმული ტერიტორიების ხელუხლებელ ნაკრძალებად დატოვება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში უკრაინის თითქმის მესამედი საცხოვრებლად და სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ჰუმანიტარული განაღმვა ყველა მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები: პრობლემა, რომელზეც უკვე ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ
ინოვაციური ტექნოლოგიები ჰუმანიტარული განაღმვის პროცესს აჩქარებს. ოპერატორები უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ტექნიკას.
თუმცა გამნაღმველებისა და გარემოსდამცველებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ომის მუდმივად ცვალებადი ხასიათია. ორივე მხარე სულ უფრო ხშირად იყენებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მართვად დრონებს.
მინის ან პლასტმასის გრძელი და თხელი ძაფები ბუჩქებსა და ხეებზე აბლაბუდას ქმნის. მასში ფრინველები და ცხოველები იხლართებიან, ზიანდებიან ან იღუპებიან. ექსპერტები პრობლემას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევენ.

„მსგავს პრობლემას მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ შეხვედრია. საუბარი არ არის ერთ დრონზე დამაგრებულ რამდენიმე მეტრ კაბელზე. მისი სიგრძე შეიძლება იყოს ხუთი, ათი, თხუთმეტი, ზოგ შემთხვევაში კი 20 კილომეტრი. ფრენის დროს კაბელი იშლება და ფაქტობრივად რჩება ყველგან, სადაც დრონმა გაიარა. ყველაზე საშიში ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთჯერადად, მხოლოდ ერთი სამხედრო მისიისთვის გამოიყენება“, – ამბობს გარემოსდაცვითი აქტივისტი და ორგანიზაცია Let’s Do It Ukraine-ის ხელმძღვანელი იულია მარხელი.
შედეგად, მინდვრებში, ტყეებში, ხეებსა და ბუჩქებში თხელი კაბელის კილომეტრები და ტონობით ნარჩენი რჩება. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ ადამიანებსაც.
„ნარჩენების ახალი სახეობა მივიღეთ და ის პირდაპირ მოქმედებს უკრაინის ცოცხალ ბუნებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფრინველები და მცირე ზომის ცხოველები ზარალდებიან.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში პოლიმერები და კაბელის ნაწილები დაიშლება, მიკროპლასტმასის სახით ნიადაგში და გარემოში მოხვდება. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი მინისა და პლასტმასისგან შედგება. პლასტმასის დაშლას ათწლეულები სჭირდება, მინა კი უცვლელი სახით დარჩება“, – ამბობს იულია მარხელი.
ექსპერტის თქმით, პრობლემა უკვე თვალსაჩინოა, თუმცა მისი შედეგების მასშტაბის შეფასება ჯერ შეუძლებელია. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მხოლოდ ერთი დასახლება ან აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა არ არის დაფარული. პრობლემა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს სცდება და ყველა სასაზღვრო ტერიტორიას მოიცავს.
გარემოსდამცველებმა ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბი უნდა შეისწავლონ. მათ უნდა დაადგინონ, რომელი სახეობის ცხოველები ეხებიან კაბელებს და რა ემართება ამ მასალას დროთა განმავლობაში. პრობლემის გადაჭრის გზა ჯერჯერობით უცნობია და დამატებით კვლევას მოითხოვს.
„აუცილებელია დოკუმენტირება. ასეთი ტერიტორიები უნდა გადავიღოთ, რუკაზე დავიტანოთ და ინფორმაცია შევინახოთ. უნდა აღირიცხოს ცხოველების გაბმის შემთხვევები და პროცესში მეცნიერები ჩაერთონ. მეორე საკითხია გაწმენდა, რადგან ადამიანი უბრალოდ ვერ მივა და ტერიტორიის დასუფთავებას ვერ დაიწყებს. ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ტერიტორია უნდა განაღმონ“, – ამბობს ექსპერტი.
იულია მარხელის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა უნდა გაკეთდეს შეგროვებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისგან, რადგან მათი გადამუშავება შესაძლოა რთული იყოს. საჭიროა ნარჩენების შეგროვების, დახარისხების, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის ცალკე სისტემა.
გარკვეულ ეკოლოგიურ საფრთხეს ანტიდრონული ბადეებიც ქმნის. ისინი შესაძლოა ფრინველებისა და ღამურებისთვის დაბრკოლებად იქცეს.
„გვაქვს რეალური შემთხვევები, როდესაც სამხედროები ფრინველებს ბადეებისგან ათავისუფლებდნენ. საფრთხე არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ადამიანის უსაფრთხოება უმთავრესია. უბრალოდ, უნდა შევიმუშაოთ გეგმა, როგორ შევაგროვოთ ეს ყველაფერი მოგვიანებით“, – ამბობს ექსპერტი.
იულია მარხელი ხაზს უსვამს, რომ ამ „მოგვიანებითზე“ საუბარი ახლავეა საჭირო და არა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ამ პრობლემებზე პირდაპირ უნდა იყვირონ, რათა საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმაროს.
exchange