მზია ამაღლობელი: რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია, — ამის შესახებ პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი წერს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც 9 სექტემბრის ბრიფინგზე პატიმრების შესახებ თქვა, რომ ისინი “ბრიუსელის უსინდისობის” პატიმრები არიან.
მზია ამაღლობელის წერილს გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

მზია ამაღლობელი: “გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.
ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.
ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.
ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.
მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილო თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო.“
რა თქვა შალვა პაპუაშვილმა
9 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ისინი “ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან”. ამასთან, პაპუაშვილმა ცალკე ისაუბრა პატიმარ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე და აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა სასამართლოს მხრიდან შეფარდებოდა.
“ამაზე ნაკლები სასჯელი, საქართველოს საპროცესო კოდექსით, შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, ეს არის კანონიც და პრაქტიკაც. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ამისთვის მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა, რომ ეს იყო დანაშაული, რომ ეს ქცევა არასწორი იყო.
მზია ამაღლობელი არის იმ ელჩების უსინდისობის პატიმარი, ვინც სასამართლოზე დაუჯდა, თვალში უყურებდა და ამით ანიშნებდა, რომ არ აღიარო დანაშაული, იჯექიო. იმ ხალხის ბრალია, ვინც ყოველგვარ მიზეზმოკლებულ პრემიებს და ა.შ. აძლევდა, მათ შორის ევროპარლამენტი – და ამით ეუბნებოდა, არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულიაო.” – განაცხადა პაპუაშვილმა.
მზია ამაღლობელი, გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში.
იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს ბათუმში. თავდაპირველად პოლიციის შენობაზე სტიკერის – “იფიცება საქართველო” გაკვრისთვის. მეორედ პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 6 აგვისტოს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარის მოთხოვნები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო, ხოლო 2025 წლის 19 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.